ჩხაიძე სააკაშვილის დასკვნაზე: მკურნალობა ადეკვატურია, პატიმრის გარემო არ არის ჩვენი კომპეტენცია

კლინიკა “ვივამედის” სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ყოფილი პრეზიდენტის ს მკურნალობის შესახებ წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას ეხმაურება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ამბობს, რომ პატიმარს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მკურნალობენ.
“წამების პრევენციის დასკვნაში ასახულია რეალური სურათი – პაციენტს აქვს წვდომა სამედიცინო სერვისებზე, უტარდება მას ადეკვატური კვლევები და მკურნალობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის ჩვენთვის მთავარი”, – ამბობს ჩხაიძე. რაც შეეხება კომიტეტის შენიშვნას, კლინიკაში ფსიქიატრის არარსებობაზე, იგი პასუხობს, რომ “ვივამედი” არ არის ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც ამ პროფილის ექიმი მუდმივად იქნება.
“ჩვენ არ ვართ ფსიქიატრიული დაწესებულება, ჩვენ ვართ პოლიპროფილური კლინიკა და ვიწროსპეციალისტები, მათ შორის, ფსიქიატრი გვყავს ხელშეკრულების საფუძველზე, ანუ როდესაც ამის აუცილებლობაა…”, – თქვა მან.
ზურაბ ჩხაიძე, ასევე გამოეხმაურა დასკვნის იმ ნაწილს, სადაც აღწერილია, თუ როგორ გარემოში უწევს ყოფნა პატიმარს: “გარემო აბსოლუტურად არ არის ჩვენი კომპეტენცია. როგორი ზედამხედველობაა პატიმარზე, ეს არის პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა. [სუფთა ჰაერზე გაყვანა] რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს პენიტენციურმა დაწესებულებამ. ჩვენი კომპეტენციაა პაციენტს უტარდებოდეს ადეკვატური მკურნალობა”.
წამების პრევენციის კომიტეტმა დასკვნა დღეს, 18 იანვარს გამოაქვეყნა. მათი ექსპერტები კლინიკა “ვივამედში” არაგეგმური ვიზიტით გასული წლის მარტში შევიდნენ.
“პაციენტ C-ს შემთხვევაში (მიხეილ სააკაშვილი), მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი მიუწვდება რიგ სამედიცინო სპეციალისტსა და მკურნალობასთან, ფაქტების ერთობლიობა: მრავალი თვის განმავლობაში მარტოობა, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობის არქონა და სამეთვალყურეო კამერების მუდმივი დაკვირვება იწვევს ვითარებას, რომელიც რეპრესიულია, ღირსების შემლახავი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – წერია დასკვნაში, რომელიც 25-27 მარტს შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.
დოკუმენტში ასახავს “ვივამედში”, როგორც პენიტენციური სამსახურის მომსახურე კლინიკაში, არსებულ მდგომარეობას და შეეხება პატიმრების სამედიცინო მომსახურებისა და ცხოვრების პირობებს, ასევე პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ის დოკუმენტში მოხსენიებულია ბატონ C-დ (Mr C).
“მთავარი შემაშფოთებელი საკითხია სამედიცინო ჩანაწერების ხარისხი… არ არსებობდა ყოვლისმომცველი ქრონოლოგიური ჩანაწერები… ბატონი C-ის შემთხვევაში, ზოგიერთი სიმპტომი და პათოლოგიური აღმოჩენები მაინც არ იყო საკმარისად გამოკვლეული”, – წერია დოკუმენტში. მასში “მნიშვნელოვან ხარვეზად” გამოყოფილია ის გარემოება, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები.
პატიმარ სააკაშვილის შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია პალატაში დაყენებულ კამერებზე – სამი კამერიდან ერთი მუდმივად იღებდა საწოლს. “ეს არა მხოლოდ არღვევდა პაციენტის კონფიდენციალურობის უფლებას, ასევე ადამიანური ღირსების უპატივცემულობაა”.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ სათვალთვალო კამერების დაყენების მიზანი მკურნალობასთან კავშირში არ ყოფილა, ექიმებმა და ექთნებმა კი არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წამების პრევენციის კომიტეტის დაუგეგმავად განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მომზადებულ დასკვნას ოფიციალურად უპასუხა – უწყების განმარტებით, უკვე შეასრულა რეკომენდაციების ნაწილი, მათ შორის პატიმართა პალატებში მაგიდებისა და სკამების დადგმაზე.
დამატებით, სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა უარი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან კონსულტაციაზე და ასევე “მუდმივად უარს ამბობს გარეთ გასეირნების უფლების გამოყენებაზე”. ამ ოფიციალური პასუხით ასევე ირკვევა, რომ “ვივამედის” იმ პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილია სამკურნალოდ გადაყვანილი, შეიცვალა ფანჯრები და ოთახში დღის შუქის შესვლა შესაძლებელი გახდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, “7 ნოემბრის საქმის” გარდა, კიდევ ორი საქმეა აღძრული.
2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში”, სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ