ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, “ალფა-პვპ”, “მეტადონი”, “მეფედრონი”, “ბუპრენორფინი” და სხვა.
როგორც გაირკვა, დაკავებული 79 კაცი ნარკოტიკზე დამოკიდებული “მეტადონის” პროგრამაში ჩართული პირია. ექიმი-ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ სიხარულიძე საქართველოში შექმნილ საგანგაშო ნარკოვითარებაზე გვესაუბრება:
– ზედოზირებით გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა არა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს რიცხვი ძალიან დიდია, ვინაიდან ამაზე ბოლო დროს მშობლებიც ალაპარაკდნენ. ტრაგედიასთან გვაქვს საქმე 18-19-23-25 წლის ახალგაზრდებს ნახულობენ გარდაცვლილებს, ვინც დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ბევრი პირადად მწერს, რომ დაეღუპა ძმა, მეუღლე, შვილი, კომენტარებსაც აღარ ერიდებიან. ადრე მიზეზს მალავდნენ და ამბობდნენ, თითქოს გულით გარდაიცვალა, ან სხვა რამე მიზეზს იგონებდნენ, ისეთი სტიგმატიზებულია ყველაფერი.
განგაშის ზარი დიდი ხანია შემოსაკვრელია, ჩვენ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. ყველას ჰგონია, ეს პრობლემა მას არ შეხვდება, აირიდებს და როცა მის ოჯახს და ახლობელს შეეხება, მერე აცნობიერებენ პრობლემის სიმძიმეს.
პორტუგალიაში კანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა მას მერე შეიცვალა, რაც პრემიერ-მინისტრის შვილი ზედოზირებით გარდაიცვალა. როცა ნარკომანია მისი პირადი ტრაგედია გახდა, მერე დაინტერესდა კანონებით და შეცვალა კანონებიც და მიდგომაც. ღმერთმა ამისგან ყველა დაიფაროს, მაგრამ პირად ტრაგედიებამდე მივდივართ. აქ არც პოლიტიკურ მიკუთვნებულობას აქვს მნიშვნელობა, არც რელიგიურს, არც სექსუალურ იდენტობას და არც არაფერს.
ნარკოტიკის წინაშე ყველა უძლურია, ვინაიდან ის ყველგან შემოდის, თუნდაც დაკეტილ კარში, რადგან დღეს ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში – სტრესი, ტრავმა, დაძაბულობა, დაპირისპირება, ამდენი წელია სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ და ეს ამძიმებს ნარკოვითარებას ქვეყანაში. ნარკოტიკი მიდის იქ, სადაც არის უბედურება, ბულინგი, დაპირისპირება, ერთმანეთის დამცირება…
– ბოლო წლებში გვესმოდა, რომ ქვეყანაში სტაბილურად 50 ათასამდე მუდმივი ნარკომომხმარებელი გვყავს. ეს ციფრი, სავარაუდოდ, გაიზარდა და რატომ, რადგან ადვილად ხელმისაწვდომია ნარკოტიკი თუ მოთხოვნაა დიდი და შესაბამისად, მიწოდებაც იზრდება?
– ბოლო მონაცემებით, საქართველოში 56 000 ნარკომომხმარებელია, 2,2%-ია პრევალენტობა, მაგრამ ეს არის 4 წლის წინანდელი მონაცემები, მას მერე კვლევა არავის ჩაუტარებია. ვფიქრობ, ახლა 60 ათასზე ბევრად მეტი იქნება, იმიტომ, რომ ამ ტიპის ნარკოტიკები 4 წლის წინ ასე გავრცელებული არ იყო. როცა არის მოთხოვნა, იზრდება მოწოდებაც. რაც არ უნდა ამოიღო ნარკოტიკი, თუ მოთხოვნა არ შემცირდა, საშველი არ იქნება. გააჩნია ნარკოტიკს, არის ნარკოტიკი, რომელზეც ფიზიკური დამოკიდებულება არ არის, მაგრამ როცა ლაპარაკია ოპიატზე, მძიმე “ამფეტამინზე”, “ბუპრენორფინსა” და სხვა ასეთი ტიპის ნარკოტიკებზე, ისინი ქმნიან მძიმე დამოკიდებულებას. ადამიანები ნებისმიერ გზას იპოვიან იმისათვის, რომ იშოვონ და მოიხმარონ. დღეს ერთს დაიჭერენ, ხვალ მეორეს, ზეგ გაჩნდება მესამე…
სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა რომ გამოაცხადა, მსოფლიოში რაც კი ნაგავი არსებობდა, რაც კი კუსტარული და სააფთიაქო ნარკოტიკი იყო, ყველა გაჩნდა ქვეყანაში (და ჩნდება დღესაც), რომელიც დღემდე პრობლემაა (ვინტი, ჯეფი…), უბრალოდ, დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება მაშინდლისგან – დღეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები იმდენად გავრცელებულია და იმდენად ადვილად შესაძლებელია მათი კუსტარულად დამზადება სამზარეულოში, რომ აღარ სჭირდება ბევრი ინგრედიენტი – 1 ჭიქა პრეკურსორიდან შეიძლება 3-4 კილოგრამი ან ლიტრობით ასეთი ნივთიერება დაამზადო. ასეთი ლაბორატორია ბევრია ქვეყანაში. რამდენიმე ლაბორატორია აღმოაჩინეს კიდეც და წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა ლაპარაკი, დღე არ გავა, ნარკოტიკი არ ამოიღონ.
– სულ ახლახან ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზატორებიც ყოფილან..
– კი, დაიჭირეს და საოცრებაა, რადგან აქედან 79 კაცი ჩართული იყო “მეტადონის” ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში. რა ხდება, პაციენტებს დაერივნენ და პროგრამების დისკრედიტაცია ხდება, თუ რა? ისიც არ ვიცით, რეალიზატორები იყვნენ თუ არა, პაციენტები დაიჭირეს, რომელთაც პროგრამიდან ჩამანაცვლებელი პრეპარატი გამოჰქონდათ თუ რა, ამას ვერ გავიგებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ 79 პაციენტი დაიჭირეს, შემზარავია. ეს ნიშნავს, რომ სისტემა აბსოლუტურად მოშლილია, აღარაფერი მუშაობს ქვეყანაში, მუშაობს მხოლოდ პოლიცია, რომელიც მომართულია მხოლოდ დაჭერა-დასჯაზე.
– ანუ ნარკოპოლიტიკა კვლავ რეპრესიულია და ის წამალდამოკიდებულთა დასჯისა და საპოლიციო კონტროლის ლოგიკაზე დგას?
– ჩვენ ნარკოპოლიტიკა აღარ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ პოლიციური ღონისძიებები.
ნარკოპოლიტიკა არა მხოლოდ მიწოდების შემცირებაა, არამედ არის მკურნალობა, პრევენცია, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტეგრაცია, კვლევები, შავი ბაზრის კვლევა, კლუბების გაკონტროლება, ნარკოტესტირება, “ნალოქსონის” დარიგება, ახალგაზრდების ინფორმირება – აი, ეს არის ნარკოპოლიტიკა.
ჩვენ სახეზე გვაქვს მხოლოდ დავიჭირეთ-გამოვუშვით, თორემ ფაქტია, 1885 უვადო პატიმარი არა გვყავს (ამდენი დავიჭირეთო, რომ ამბობენ) და 20 წელი ნამდვილად არავისთვის მიუსჯიათ. ესენი მხოლოდ მომხმარებლების დასჯაზე არიან გადასული. წარმოიდგინეთ, ამ 119-დან 79 კაცი იყო ჩართული ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, რატომ დაიჭირეს მომხმარებლები, რა დააშავეს? ამდენი წელია დავნერგე და ვხელმძღვანელობ ჩანაცვლებით თერაპიას და ასეთი ფაქტი არ მახსენდება. ეს ან პროგრამის დისკრედიტაციას ემსახურება, ან ისეა მოშლილი პროგრამებში ყველაფერი, ზოგადად სერვისი, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ის აღარ არსებობს.
– ნარკოვითარება რომ გაუმჯობესდეს ქვეყანაში, რა უნდა გაკეთდეს?
– უპირველესად უნდა შემცირდეს მოთხოვნა, სხვაგვარად ნარკოსიტუაცია არ გაუმჯობესდება. ჩვენ დიდი რაოდენობით ნარკომომხმარებელი და დამოკიდებული პირი გვყავს. ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 15-20%, 80% კი სისტემის გარეთაა, არ იღებს არანაირ სერვისს – არც ამბულატორიული მკურნალობა არსებობს, არც რეაბილიტაცია, ჩანაცვლებითი თერაპია დახურეს. მთელ იმერეთში ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი საიტია, ერთ ადგილას 1800 კაცი დადის, დარწმუნებული ვარ, ექიმის სახელიც არ იციან. თბილისში უარესი ხდება, პაციენტები მწერენ, ისე გვექცევიან, როგორც ცხოველებსო. იმ ცენტრებში ღირსების მქონე ადამიანი არ მივა –- დანგრეული შენობები, ანტისანიტარია, სრული განუკითხაობაა და ამ ცენტრების გარშემო პოლიციის 10 მანქანა მაინც დგას. შედის პაციენტი, გამოდის და იჭერენ. ფაქტია, უფსკრულისკენ მივდივართ, საქართველო ახალგაზრდების სასაკლაო გახდა.
რამდენიმე დღის წინ 13 წლის პაციენტი მყავდა, რომელიც სტიმულატორებს მოიხმარდა. 13-14 წლის მზრუნველობამოკლებული ბავშვები ან პროსტიტუციით, ან ნარკოტიკის მოხმარებით არიან დაკავებული.
– ამას წინათ, “კეტამინზე” საუბრობდით, რომელსაც უკვე კლუბურ სივრცეში მოიხმარენ. რითია საშიში ის და დღეს მომხმარებლებში რომელი ნივთიერებებია ყველაზე პოპულარული?
– “კეტამინი” ბოლო დროს ძალიან პოპულარულია, ის საანესთეზიო საშუალება, ჰალუცინოგენია. მარტო “კეტამინი”? დღეს საქართველოში ნარკოტიკების ასორტიმენტს თვლა არა აქვს. გუშინ შევედი “დარქნეტზე” და ისეთი ნარკოტიკის დასახელება ეწერა, ვერც მივხვდი, რა იყო. მომხმარებლებმა ამიხსნეს და, ცოტა არ იყოს, შევშინდი, რამე ახალი ხომ არ გაჩნდა-მეთქი. როგორც ჩანს, ახალია, უცნაური სახელი აქვს. კოლეგებსაც მივწერე უცხოეთში, ხომ არ იცით, რა ნივთიერებაა-მეთქი. ეს სტატიონინები, ძირითადად, ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაშია (ევროპაშიც, რა თქმა უნდა) გავრცელებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნივთიერებებისა და მარილების კომბინაციაა – რამდენიმე ნივთიერებას აერთებენ და არქმევენ სახელს. ეს ახალი ტიპის ნივთიერება ბევრად მძიმე, ტოქსიკური და საშიშია. მომხმარებლებმა მომწერეს, ამას რომ გაიკეთებ, შეიძლება გული გაგიჩერდესო, მაგრამ რად გინდა, მაინც იკეთებენ. ისეთი რეგიონები იყო ჩამოთვლილი, გავგიჟდი, ყველგან შეიძლება შეძენა. დღეს ბაზარზე, ძირითადად, არის “მეტადონი”, “ჰეროინი”, კატიონინები – “ალფა-პვპ”, “მეფედრონი”, “კლეფედრონი”, “ფენტანილი” არ იყიდება, მაგრამ, ალბათ, გარეულია.
ყველაზე დიდი პრობლემა მომხმარებლებშია – ჰგონიათ, არის ნარკოტიკი, რომელიც უსაფრთხოა (კლუბურს რომ უწოდებენ) და არ იწვევს ზედოზირებას, მაგრამ იმას ვერ ითვალისწინებენ, რომ ასეთი რამ აღარ არსებობს – ეს არის მიქსები და სიკვდილის მთავარი მიზეზი, მომხმარებელმა დაიძინა და აღარ გაიღვიძა იმიტომ, რომ ნივთიერებაში ოპიატი იყო გარეული.




