ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება გადაიდო

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს გატაცებული მძევლების გათავისუფლება ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ 24 ნოემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ CNN-ს ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
ისრაელის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მედიას გაუცხადა, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ისრაელს ჯერ არ მიუღია „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული პირველი მძევლების სახელები.
შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმების პირობები პალესტინის დაჯგუფება „ჰამასთან“ (შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ჯგუფად წოდებული), რომლის მიხედვითაც ჯიჰადისტების მიერ გატაცებული სულ მცირე 50 ადამიანს გაათავისუფლებენ, 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისა და 150 პალესტინელის სანაცვლოდ. არაოფიციალური მონაცემებით, ეს შეთანხმება ძალაში 23 ნოემბერს დილიდან უნდა შესულიყო.
ისრაელის არმიის მონაცემებით, „ჰამასს“ ღაზაში ტყვედ 236 მძევალი ჰყავს, მათ შორის არიან 26 ქვეყნის მოქალაქეები. ისინი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს გაიტაცეს, რომელსაც 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელის არმიის საპასუხო ოპერაციის დროს დაიღუპა 14 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა კი ქალი და ბავშვია.

ასევე დაგაინტერესებთ