ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა პარასკევს დილით შევა ძალაში-ყატარი

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი, რომელზეც და რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“ (აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) შეთანხმდნენ არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს, – პარასკევს, 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე 23 ნოემბერს, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ამ ქვეყანამ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი შუამავლის როლი შეასრულა.
22 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ მიღწეულია შეთანხმება ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ, დროებითი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ. შეთანხმება ხუთშაბათს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი ძალაში შესვლა ერთი დღით გადაიდო.
მძევლების გათავისუფლება, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მაჯიდ ალ-ანსარის თქმით, პარასკევს საღამოს დაიწყება და 13 ადამიანი გათავისუფლდება. ჯიჰადისტების მიერ გატაცებული სულ მცირე 50 ადამიანი, ქალები და ბავშვები, ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდებიან, რომლის დროსაც საომარი მოქმედებები დროებით შეჩერდება. მოსალოდნელია, რომ მძევლების გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლება გაათავისუფლებს ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების ერთ ნაწილს.
ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს, ღაზის სექტორში ნებისმიერი ბრძოლა უნდა შეწყდეს, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან სექტორის მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება.

ისრაელის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საუბარი არ არის ზავზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ