ქართველობის ისტორია ძალიან მოკლედ

“საქმე იმაშია, რომ პოეტმა უნდა გაიგოს რაშია საქმე“ – სტამბოლიდან მისწერა ნიკოლო მიწიშვილმა ცისფერყანწელებს 1922 წელს და მისწერა “ფიქრები საქართველოზე“.
პასუხებისა და მოპასუხეების რაოდენობამ, გრიგოლ რობაქიძით დაწყებული, მიხეილ ჯავახიშვილით და საკუთრივ ნიკოლოს თვითრეფლექსიით გაგრძელებული (თავის თავსაც მისწერა პასუხი), აკაკი ბაქრაძის თუ ზვიად გამსახურდიას ჩათვლით, ცხადყო, რომ მარტო პოეტის საქმე არ ყოფილა, გაიგოს, რაშია საქმე, ეს ყველას საქმეა და დღეს, ალბათ მთელი ჩვენი საქმეც სწორედ ამაშია.
ამ დროს, ჩემი საქმე ნიკოლოსთვის პასუხის გაცემა არ არის, არც მეკუთვნის – ვერც გავბედავ, მაგრამ ვბედავ პასუხების ძიებას იმ კითხვებზე, რომელთა დასმაც მეკუთვნის, გეკუთვნით, გვეკუთვნის.
საქართველოზე ვფიქრობო, წერდა ნიკოლო და რა არის საქართველო? როგორ განვმარტავთ მას?ქართველობას როგორ განვმარტავთ? საქართველოს და ქართველობის ისტორია ერთი და იგივეა?
თუ პირველ კითხვაზე აიმრიზეთ და მეორეზე ბრაზი მოგერიათ, პირდაპირ გეტყვით: არც ეგრე მარტივად არის ამ მთისა და ბარის ამბების საქმე, მაგრამ ბოლოდან გავყვეთ.
რაშია საქმე
ორ ზღვას შუა, ძველისძველად, ყველანაირი წესითა და რიგით, საპირისპირო (აღმოსავლურ-დასავლურ) კულტურულ ნაკადებს შორის მოქცეულ ავტოქთონურ ეთნოსებს, ისევე როგორც გარედან შემომატებულ ხალხს, ვერანაირი საერთო ქართული იდენტობა ვერ ექნებოდათ; არც რაიმე რომანტიკული ლტოლვა ერთმანეთისადმი. უფრო შიშით ნაკარნახებ არჩევანში იქნებოდა საქმე: პოლიტიკური შეკავშირებით გამსხვილება (ნებსით თუ ძალმომრეობით) ან ისტორიის დასასრული.
მავანი იტყვის, ენა ჰქონდათ საერთოო, თუმცა “ქართველურ“ ენებზე საუბარი შორს იყო ერთ ენაზე საუბრისგან. იმდენად შორს, რომ სხვადასხვა ჯგუფის მაღალი ფენები ხშირად იმდროინდელ საერთაშორისო ენებსაც კი იყენებდნენ აზრთა გასაცვლელად. მაგალითისთვის, დასავლეთში ბერძნულს, ხოლო აღმოსავლეთში – არამეულს ან ფალაურს.
პოპულარული კოლხური ნარატივის თანახმად, ზემოხსენებული გამსხვილება შავიზღვისპირეთიდან დაიწყო, თუმცა თავად კოლხა, უფრო ადრეული და უფრო სამხრეთული პროტოქართველური გამსხვილების – დიაოხის მემკვიდრედ მიიჩნევა.
ერთგვარი თავდაცვითი კონფედერაცია იყო დიაოხი. ის ტაოხებსა და მათ მომიჯნავე ტომებს აერთიანებდა ასურეთის წინააღმდეგ, მაგრამ თუ დიაოხი მეტწილად მახვილის ენაზე ესაუბრებოდა მტერს, გვიან, ვაჭრობის ენა იპოვა ბერძნებთან ოქრომრავალმა კოლხამ და უზარმაზარი ცივილიზაციური ენერგიაც აითვისა ზღვიდან. იგივე ბერძნებს რომ ჰკითხოთ – გადაჭარბებულიც. ისე აღწერენ, თითქოს დასაბამიდან ბოლომდე, ფრაგმენტირებულ ელინისტურ პერიფერიად უფრო იარსება ჩვენთვის დიადმა კოლხეთმა, ვიდრე ცალკემდგომ გავლენიან სამეფოდ. შეიძლება, ეს ასეც იყო, ოღონდ შეიძლება იყო ეს ასე – სწორედ ელინისტური ხანიდან ბოლომდე, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დასაბამიდან.
ამასობაში, სახელმწიფოებრივ ინჟინერიაში დახელოვნდა აღმოსავლეთი: გადმოცემის თანახმად, საერისთაოების შექმნის მიღმა, ფარნავაზმა “განავრცო ენა ქართული“ და ეს არ ყოფილა ლინგვისტური სენტიმენტით წაქეზებული პოეტური ვნება, არამედ იყო მეფის პოლიტიკური ნება და ბრძანება. ვიტყოდი – ანატომიური მნიშვნელობის ბრძანება, რადგან სწორედ ქართული ენის გავრცელებამ ჩამოაყალიბა საერთო სისხლძარღვოვანი ქსელი იმდროინდელი ქართლის სხეულში. ქსელი, რომელშიც მოგვიანებით გაივლის ერთი ჯგუფის სისხლი – ქრისტიანობა.
ვიცი, ზოგმა გაიფიქრეთ, მე-19 საუკუნის ფელეტონურ ტონზე აეწყო ეხლა ავტორი და პოლემიკისთვის წერსო. კი ბატონო! ყაბულს ვარ და გავაგრძელებ:
დიახ, ქრისტიანობაა პირველი საერთო ქართული იდენტობა საერთო ქართულ იდენტობამდე. რადგან თუ ქართველობის ასახსნელად ჯერ თავად საქართველოს ახსნაა აუცილებელი, სწორედ ქრისტიანობამ შვა ძველ “საქართველოებს“ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საქართველოს – ქართლის ახსნა-განმარტება:
“ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის…“ (გიორგი მერჩულე. X საუკ.).
ქართლის გაქრისტიანებაც მეფის პოლიტიკური ნება და ბრძანება იყო – მირიან მეფის ცივილიზაციური მნიშვნელობის ბრძანება და დასავლური არჩევანი. მთელი დანარჩენი ისტორია კი ამ გზაზე ჯიუტად სიარულია: “…მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ“ (“ქართლის ცხოვრება“).
შესაძლოა, საკამათო იყოს ქართლის მერჩულესეული აღწერის სემანტიკურ სიღრმეში, თუნდაც ქვედინების სახით, ქრისტიანობის ეთნიზაციის სურვილსა და მცდელობაზე საუბარი (თუმცა ჩემთვის აშკარაა), მაგრამ ერთმნიშვნელოვანია ქრისტიანობის ერთგვარ სისტემაშექმნელ ელემენტად წარმოჩენა. თითქოს “საქართველოების“ ადგილას, ერთი დიდი საქართველოს ეთერული სხეულს ქმნის ქრისტიანობა – მეტაფიზიკურთან ერთად ფრიად პრაქტიკულ, სოციოკულტურული მატრიცას, რომელიც საუკუნეების შემდეგ, ილიასეულ ტრიადაზეც აირეკლება (“მამული, ენა, სარწმუნოება“).
ამრიგად, ვთვლი, რომ მცდარია ყველანაირი აღქმა, თითქოს უკვე არსებული და ჩამოყალიბებული ქართული იდენტობა მხოლოდ სულიერად მოინათლა ქრისტეს წესით. პირიქით: გაქრისტიანებამ დაუდო სათავე კოლექტიური შინაარსით ქართველობას. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული მცდარი აღქმა ჩვენს სამეცნიერო წრეებში დიდად არც არასდროს არსებობდა.
ერთი დიდი საქართველო და ქართველობა
ქრისტიანული და მაშასადამე დასავლური (ელინისტურ-ბიზანტიური) იყო ერთი მეფის სკიპტრის ქვეშ ერთი დიდი საქართველოს სახელმწიფოებრივი არქიტექტურა.
“XI-XII საუკუნეებში უკვე “ყალიბდება ცნება “საქართველო“, როგორც კულტურულ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ერთობის აღმნიშვნელი ტერმინი“ (ჩიქოვანი ნ., “ერთიანი კავკასიის ნარატივი“, 2008, გვ. 51).
ყალიბდება ქართველობაც:
“[ქართველი] მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, აღიარებდა ქართულ (დიოფიზიტურ) ქრისტიანობას, ნაზიარები იყო ქართულ ფეოდალურ ურთიერთობებს და მოღვაწეობდა ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სარბიელზე“ (ბერძენიშვილი ნ., “საქართველოს ისტორიის საკითხები“, წ. VIII, 1975, გვ. 299).
ქართველოლოგი მარიამ ჩხარტიშვილი კიდევ უფრო წვრილად ხსნის ამას:
“ქართველი, რომელიც მანამდე სისხლით ნათესაობის აღმნიშვნელ ტერმინს წარმოადგენდა (“ნათესავით ქართველი“), ეთნოტერმინად იქცა. ანუ აქცენტმა სისხლის ნათესაობით იდეიდან ტერიტორიული ერთიანობის იდეაზე გადაინაცვლა“ (ჩხარტიშვილი მ., “საქართველო ათასწლეულების გასაყარზე“, 2005, გვ. 238).
ამასობაში, უფრო დიდი საქართველოს იდეაც იბადება:
“ყველაფრიდან სჩანდა, რომ მისი სახელი საქართველოვე იქნებოდა… ამ ქვეყანაში არამარტო კავკასიის სამხრეთი და აღმოსავლეთი (სომხითი, შირვანი), არამედ მთის იქით კავკასიონიც (დაღესტან-ჩეჩნეთი, ოსეთი, ჩერქეზეთი) აქტიურად მონაწილეობდნენ“ (ბერძენიშვილი ნ., 1975, გვ. 643).
დღესაც პოპულარულია აზრი, თითქოს ზემოხსენებული უფრო დიდი საქართველო სინამდვილეში ერთიან კავკასიას გულისხმობდა და არგუმენტის სახით “ქართლის ცხოვრების“ ბაირაღად ფრიალსაც არ ერიდებიან ამ ტოქსიკური მითის მეხოტბეები. ტოქსიკურის, რადგან რუსეთ-საქართველოს ტოქსიკური ურთიერთობების წიაღში შეიქმნა ერთიანი კავკასიის მითი. თუმცა რუსეთი გვიან გამოჩნდება და დროა, პირდაპირ ვთქვათ:
“ქართლის ცხოვრება“, პირველ რიგში, სხვადასხვა ეპოქის საქართველოს “სამეფო სახლის იდეოლოგიური პოზიციის გამომხატველი ძეგლია“ (პატარიძე ლ., “ისტორიული ხედვის პრობლემები“, 2005, გვ. 211),
ხოლო უშუალოდ მროველის “ამბავი რვათა ძმათა“ – არა კავკასიური ერთობის, არამედ უფრო დიდი, უფრო გავლენიანი, ქედს იქეთ-აქეთ ამინდის შემქმნელი საქართველოს იდეის გასამართლებლად დაწერილი პოლიტიკური, ან პირდაპირ ვთქვათ, ექსპანსიონისტური ნარატივია.***ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ჩვენი ისტორიის მღვრიე ტალღებს ჯერაც არ გამოურიყავთ შუა საუკუნეების პერიოდის ისეთივე ცხადი და ერთმნიშვნელოვანი ჩანაწერი – “მე, ქართველი“, როგორი ცხადი და ერთმნიშვნელოვანიც არის მე – “მესხი მელექსე“ (ქართლის სინონიმს, ნათესაურ ან სხვა წვრილმან მნიშვნელობას არ ვგულისხმობ, ეგეთები უდავოდ გამოურიყავს). თუმცა, შესაძლოა უამისოდაც ცხადია ყველაფერი, ან თავად უამისობაა ცხადი:
“იმის აღმნიშვნელად, თუ ვინ არის პიროვნება, ეროვნება ყველგან საკმაოდ გვიან შემოდის. შუა საუკუნეებში კითხვაზე “ვინ ხარ შენ?“ ადამიანი უპასუხებდა: “მე ვარ ქრისტიანი, აზნაური“ და ა. შ. იგი არ იტყოდა “მე ვარ იტალიელი, გერმანელი, ქართველი“ ანდა, თუკი საკუთარ თავს, დავუშვათ, ბურგუნდიელად ან ფრანკად მოიხსენიებდა, მხოლოდ იმ ნიშნით, თუ რომელი მეფის ქვეშევრდომი იყო“ (ნიჟარაძე გ., “საქართველო ათასწლეულების გასაყარზე“, 2005, გვ. 16).
ეს ციტატა იმ მიზეზით არ შემირჩევნია, რომ ბნ. ნიჟარაძე ისტორიას გადმოსცემს ზედმიწევნით ზუსტად. მეტიც, შეგრძნება მაქვს რომ პოპულარულ ტრუიზმებს იმეორებს და თან, კაცმა არ იცის, ვის გულისხმობს სიტყვაში “ადამიანი“ – გლეხს, მღვდელს, მწიგნობარს… მაგრამ როგორც თავად ასეთი “ტრუისტი“ და კონსტრუქტივისტი, ორივე უნისონში ვართ ნაციონალურ იდენტობათა შექმნის ანდერსონისეულ ხედვასთან (ბენედიქტ ანდერსონს ვგულისხმობ): პრესამ, როგორც ერთგვარმა სოციალურმა ქსელმა შეკრა თავდაპირველი, აღქმით ეროვნული “ბაბლები“ და ამიტომაც შემოდის ნაციონალური თვითდასახელება გვიან. სხვა სიტყვებით – გაზეთმა, ანუ ერთი პირობითი მიდამოს ამბების, ერთ ენაზე, გარკვეული პერიოდულობით მოყოლის გამოგონებამ აღაქმევინა მკითხველს თავი რაღაც ახალი ერთობის ნაწილად, ან თავად ეს ერთობა აიყვანა ახალ, ნაციონალურ ხარისხში. შეგნებულად დავწერე “მკითხველი“ და არა “ხალხი“, რადგან ზემოხსენებული “ბაბლებიც“, სწორედ წერა-კითხვის გავრცელების პარალელურად და პროპორციულად მსუყდებოდნენ.
არსებითად იმავეს გვეუბნება მარიამ ჩხარტიშვილიც საქართველოზე: “მხოლოდ XIX საუკუნიდან იქცევა ეს ტერმინი [ქართველი] ექსკლუზიურად კოლექტიური კულტურული იდენტობის საფუძველზე აღმოცენებული ერთობის ინდივიდუალური წევრის თვითდასახელებად“ (ჩხარტიშვილი მ., “ქართული იდენტობის მთავარი მარკერი“, 2005, გვ. 230).
დიახ, XIX საუკუნიდან, რადგან წერა-კითხვის გამავრცელებლთა გარჯისა და უშუალოდ ქართული პრესის ბეჭდვა-გავრცელების პირმშოა დღევანდელი გაგებით თვითდასახელება “ქართველი“.
და დიახ – “მე, ქართველი“ ან “ჩვენ, ქართველები“ ორ საუკუნეზე ოდნავ მეტს, ან შესაძლოა, უფრო ნაკლებსაც ითვლის (დღევანდელი მნიშვნელობით – ბევრად ნაკლებს), ხოლო პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური ცნება “საქართველო“ და ამ ცნების ქვეშ ქართველად თავის მოაზრება უხეშად ათი-თერთმეტი საუკუნისაა.
ამრიგად, შესავალში დასმული და ერთი წაკითხვით თითქოს პროვოკაციული კითხვა (საქართველოს და ქართველობის ისტორია ერთი და იგივეა?) არ ყოფილა მთლად პროვოკაციული, რადგან სინამდვილეში საქართველო თავად საქართველოს ისტორიაზე უმცროსია, ხოლო თვითდასახელება “ქართველი“—კიდევ უფრო უმცროსი, ბევრად უმცროსი.რას გვაძლევს ეს ყოველივე? მინიმუმ ფიქრის საფუძველს, ან სულაც სითამამეს, დავსვათ კითხვა: იქნებ ქართველი არ არის მხოლოდ ერთი ძირძველი, კულტურულ-ეთნოგრაფიული სახლ-მუზეუმის მარტოსული მკვიდრი გიდი, არამედ არქიტექტორია, შეიძლება, ახალგაზრდა არქიტექტორიც ან იქნებ ერთი მეორეს არ გამორიცხავს?
ახლა რაშია საქმე?
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა ისტორიის თანმიმდევრული, ნაწილობრივი ან, მით უმეტეს, სრული რეკონსტრუქცია, ამხელა ნახტომის უფლებას მაინც ვერ მივცემ თავს და სხვა კითხვით დავიწყებ: ერთი დიდი საქართველოს (საქართველოს სამეფოს) დასრულებიდან XIX საუკუნემდე რაში იყო საქმე?
რაში და კვლავ საქართველოებში. დიახ, ისევ ბევრ, ხშირად ერთმანეთზე გადამტერებულ და მათზე კიდევ ერთად გადამტერებულ გარე ძალებში იყო საქმე. ერთ-ერთი საქართველო (საათაბაგო) კინაღამ ცივილიზაციურადაც მოგვწყდა (თუმცა რაღა კინაღამ, მოგვწყდა, აბა, არ მოგვწყდა?!). შესაბამის წნეხში იქნებოდა ქართველად თავის მოაზრებაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აღარ არსებობდა ერთიანი ფიზიკური, პოლიტიკურ-ეკონომიკური სხეული (და არც ფართო-კოლექტიური თვითდასახელება “ქართველი“ არსებობდა ჯერ), საერთო ენისა და სარწმუნოების ხარჯზე მაინც არსებობდა ერთიანი ეთერული სხეული და სოციოკულტურული ქართული მატრიცა.
მხოლოდ XIX საუკუნეში და რუსეთის იმპერიის საზღვრებში გვიბრუნდება საერთო ფიზიკური გარშემოწერილობა, სილუეტი ან, ვიტყოდი – კონტური, რომელშიც რუსული იდენტობის გაზავებას განიზრახავს ერთმორწმუნე ჩრდილოელი და პირველ რიგში წირვა-ლოცვას გაგვირუსებს. ამრიგად, “ქართველის“ კოლექტიურმა თვითდასახელებამაც, ალბათ, სულზე მოგვისწრო და გადაგვარჩინა. როგორც ზემოთ ვთქვი, წერა-კითხვის გავრცელებასა და გამავრცელებლებს უნდა ვუმადლოდეთ. მათ გადაგვარჩინეს. უფრო მეტად კი, პოლიტიკური ნაციონალიზმისთვის სივრცის არარსებობის პირობებში, თერგდალეულთა მიერ დაგორებულმა კულტურული ნაციონალიზმის ზვავმა გადაგვარჩინა. სწორედ ამ ზვავს ჩამოჰყვა ილია ჭავჭავაძის მიერ ორმაგი შემთხვევითობით გამეორებული მერჩულესეული განმარტება: “მამული, ენა, სარწმუნოება“.
მართალია, ფელეტონურ ტონზე ყაბულს დასაწყისიდან ვარ, მაგრამ ნუ ეძებთ ირონიას სიტყვებში “ორმაგი შემთხვევითობა“ ანდა “გამეორება“, ვერ მიაგნებთ. ისევ იმ ქართულ სოციოკულტურულ მატრიცაზე მიგანიშნებთ: რასაც ხედავდა მერჩულე, ცხადად დაინახა ილიამ.
ერთი შემთხვევითობა ის იყო, რომ ილია არ იცნობდა მერჩულეს ტექსტს (ის მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში გამოიცა), ხოლო მეორე შემთხვევითობასა და “გამეორებას“ ერთად ავხსნი ზურაბ კიკნაძის სიტყვებით:
“მე მგონი, თვალნათლივ ჩანს, რომ, არსებითად, გადმოცემულია გიორგი მერჩულეს მიერ X საუკუნეში გამოთქმული თვალსაზრისი… ეს ილიასეული სამება თითქმის შემთხვევით გაჩნდა 1861 წელს კოზლოვის “შეშლილის“ რევაზ ერისთავისეული თარგმანისადმი მიძღვნილ ცნობილ სტატიაში. სიტყვამ მოიტანა და ენის სისუფთავეზე საუბრისას ილიამ აღნიშნა: “თუნდ რომ იწყინოს თავად რ.შ. ერისთავმა ჩვენი პირმოუფერებელი სტატია, რა ვუყოთ, მისი ნებაა! სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება…“ ეს იყო და ეს. ამ სტატიაში არ არსებობდა კონტექსტი, სადაც ამ ფუნდამენტური ცნებების შეფასება და მათი გააზრება მოხდებოდა… ერთადერთხელ გაახმიანა სრულიად ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძემ და შემდგომში იგი აღარასოდეს გაუმეორებია“ (კიკნაძე ზ., “საქართველო ათასწლეულების გასაყარზე“, 2005, გვ. 12-16).
პასუხების ძიების კვალდაკვალ, ამ დასკვნითი თავის სათაურში დასმულ დასკვნით კითხვამდე (“ახლა რაშია საქმე?“) ერთი კითხვაც უნდა დავსვათ: XX საუკუნის ბოლოს რაში იყო საქმე, ილიასეულ დევიზში ან, ასე ვთქვათ, მერჩულეს ილიასეულ უნებლიე თარგმანში რომ ვიპოვეთ ეროვნული თავშესაფარი?
ვუპასუხებ: “ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების“ – “მამული“; “რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის“ – “ენა“; “და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“ – ენასთან ერთად “სარწმუნოება“ არათუ ყველაზე მოკლედ და ამავდროულად ღრმად აღწერს საქართველო-ქართველობის სხეულსა და ბუნებას, არამედ, ისევ ილიას რომ დავესესხოთ, საუნჯეა. ოღონდ არა სამი, არამედ სამგანზომილებიანი საუნჯე. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა იკამათონ ძველმა თუ ახალმა მეცნიერებმა ილიასეულ ტრიადაში სარწმუნოების როლის შევიწროებაზე, ის მაინც სისტემაშექმნელ ელემენტად რჩება. ჩვენთვის კი – ჯერ კიდევ პირველი ათასწლეულის დასაწყისში გაკეთებულ ცივილიზაციურ არჩევნად: “სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ“
როგორც ზემოთ ვთქვი, ჩემი მიზანი არ ყოფილა ისტორიის ნაწილობრივი ან სრული რეკონსტრუქცია, მით უმეტეს უახლესზე უახლესი ისტორიის, რადგან XIX-XX საუკუნეების ქართულ თავგადასავალს არც რამდენიმე გვერდი ეყოფა, არც რამდენიმე თავი და არც რამდენიმეტომიანი წიგნი. ამრიგად, რადგან სათაურში დათქმული პირობა შევასრულე და შეძლებისდაგვარად მოკლედ მოვყევი ქართველობის ისტორია, დასკვნით კითხვაზე თქვენ მიპასუხეთ – ახლა რაშია საქმე? დავუტევეთ “ბერძენთა სიყუარულს?“