ფიცო რუსეთში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება: 9 მაისს მოსკოვში მივდივარ

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის მოწინავე დიპლომატის, კაია კალასის, გაფრთხილების მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა და ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.
"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში მაისის გამარჯვების დღის ღონისძიებებში. ის ამბობს, რომ მონაწილეობის მიღებას სერიოზულად მოეკიდება.
მე 9 მაისს მოსკოვში მივდივარ. ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟია თუ მუქარა, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დამსჯიან? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ 2025 წელია, და არა - 1939". - წერს ფიცო.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.