საქართველოს ორგზის ჩემპიონმა „ლანჩხუთის“ ქალთა გუნდმა, დემონსტრაციულად ჩაშალა ეროვნული ჩემპიონატის მატჩი თბილისის „ნიკე ლუსოსთან“. ქალმა ფეხბურთელებმა მატჩის დაწყებისთანავე ბურთი აუტში გადააგდეს და გაშალეს პლაკატი – „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის მხარდამჭერია“. შემდეგ კი მინდორი დატოვეს.
ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა ასე გამოუცხადეს სოლიდარობა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ გოგონას. ეროვნული ნაკრების წევრის, 20 წლის ფეხბურთელის მტკიცებით, იგი 2025 წლის დეკემბერში, „ნიკე ლუსოს“ მფლობელმა, თურქმა ბიზნესმენმა მეჰმეთ უიარმა გააუპატიურა.
უიარი 9 თვის მანძიზე დაკავებული იყო, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ წინა კვირას, თურქეთის მოქალაქე უდანაშაულოდ სცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა განაცხადა, რომ თურქი ბიზნესმენის დაცვის მხარე ნახევარ მილიონს სთავაზობდა რომ გაჩუმებულიყო. მან სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა.
ქსკ „ლანჩხუთი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ გოგონას სოლიდარობა ღიად გამოუცხადა. ეროვნული ნაკრების წევრის გაუპატიურების ფაქტზე, ამ დრომდე დუმს სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მამაკაც და ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები. ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც „ლანჩხუთისა“ – „ნიკე ლუსოს“ მატჩს პირდაპირ ეთერში გადასცემდა, პროტესტის ამსახველი ვიდეო „იუთუბიდან“ წაშალა.




