“ევროკავშირში მოხდა საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენც გვეხება” – რომან გოცირიძე

14
ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, რომან გოცირიძე:
ორი დღის წინ ევროკავშირში მოხდა საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენც გვეხება. სასანქციო სიიდან ამოღებულ იქნენ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია.
უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას ევროკავშირში ლობირებდნენ ორბანი, შემდეგ-ფიცო, ასევე ერდოღანი, უზბეკეთის პრეზიდენტი და სხვები. მათ მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ მისი დის სანქციებისგან გათავისუფლება შეძლეს. ახლა კი სრულიად განსხვავებულ და უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე-ის, რაც ვერ შეძლეს სხვებმა, შეძლო აზერბაიჯანმა. დიახ, ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა, რაც მის მზარდ პოლიტიკურ წონაზე მიუთითებს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ ევროპის მასშტაბითაც.
რა კავშირშია აქ საქართველო?
ირიბად-იმ კავშირში, რომ მეზობელმა სახელმწიფომ შეძლო ფაქტობრივად შეუძლებელი. პირდაპირ კი იმაში, რომ ფრიდმანის კომპანია „ბორჯომის“ მესაკუთრეა. ეს ქარხანა რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩერებული იყო, სანამ რუსული კომპანიის წილი 51 პროცენტზე ნაკლები არ გახდა. კომპანიამ საქართველოს მთავრობას საკუთრებაში გადასცა თავისი წილის 7 პროცენტი, რითაც სანქციებისგან გათავისუფლდა. მომავალში გამოჩნდება, წილის ეს დათმობა ფიქტიური იყო თუ საქართველოს მთავრობა რეალურად გახდა მისი მესაკუთრე.
უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის მთავარი მიზეზი საფრანგეთის შეუვალი პოზიცია იყო-მან უარი განაცხადა დანარჩენი 3 ათასზე მეტი პირისთვის სანქციების გაგრძელებაზე, სანამ უსმანოვი ამ სიიდან არ იქნებოდა ამოღებული. მაკრონმა აზერბაიჯანში დაკავებული ფრანგი მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა.
მივყვეთ პროცესის დეტალებს თანმიმდევრულად:
1. აზერბაიჯანში დაკავებული ფრანგი მოქალაქეები და საფრანგეთის მოთხოვნა
საფრანგეთმა მოითხოვა ალიშერ უსმანოვის ამოღება „ეროვნული უსაფრთხოების“ მოტივით. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, საფრანგეთს პირობად წაუყენა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი ფრანგი მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ. პარიზმა ეს მოთხოვნა ევროკავშირში ბლოკად აქცია.
2. ლუქსემბურგის ჩართვა-ფრიდმანის საკითხი
როგორც კი საფრანგეთმა უსმანოვისთვის გამონაკლისი მოითხოვა, ლუქსემბურგმაც გამოიყენა მომენტი და მიხაილ ფრიდმანის ამოღება მოითხოვა, რადგან ფრიდმანი ლუქსემბურგს საერთაშორისო არბიტრაჟში 16 მილიარდი დოლარის ზიანის ანაზღაურებას ედავებოდა.
3. სამწლიანი კომპრომისი
რადგან საფრანგეთი სანქციების მთლიანად ჩაშლით იმუქრებოდა, ევროკავშირმა კომპრომისს მიაღწია: უსმანოვი და ფრიდმანი სიიდან ამოიღეს, ხოლო დარჩენილი 3 ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები, ნაცვლად ყოველ ექვს თვეში გადახედვისა, ერთბაშად სამი წლით-2029 წლამდე გააგრძელეს.
ლატვიამ გაიბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ. უკრაინამ აღნიშნული ფაქტი მკაცრად გააკრიტიკა.
ამ ამბავში საგანგაშო ისიც არის, თუ რა გავლენა აქვს ალიშერ უსმანოვს და, უფრო ფართო გაგებით, პუტინს ევროპისა და აზიის იმ ქვეყნებზე, რომლებმაც ამ უპრეცედენტო შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფულმაც-უსმანოვის უზარმაზარმა კაპიტალმა და ფინანსურმა და პოლიტიკურმა კავშირებმა. სწორედ ამ ყველაფერმა შესაძლებელი გახადა, რომ სანქციების მოხსნა მაღალი დონის გეოპოლიტიკური ვაჭრობის საგნად ქცეულიყო.
მიუხედავად ამისა, ალიშერ უსმანოვმა ბოლომდე მაინც ვერ დაიძვრინა თავი სასანქციო ხაფანგისგან-დიდი ბრიტანეთის სანქციები კვლავ ძალაში რჩება.