ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა. - Reuters

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, რომ „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელების დახურვის მცდელობები შეაჩეროს. ლამბერტმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა, რომ სააგენტოს თანამშრომლებისა და კონტრაქტორების თანამდებობებზე დასაბრუნებლად „ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას“.
15 მარტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს.
მანამდე, 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა. 26 მარტს ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.