“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

„კლიმატის ცვლილების გამო, ის პარამეტრები, რომლითაც თავის დროზე ჩვენი სანიაღვრე სისტემები არის გაკეთებული, აღარ მუშაობს – სხვა პარამეტრებზე უნდა იყოს აგებული სისტემა“ – ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. ქუჩების დატბორვის გარდა, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაფიქსირდა კლდისა და მიწის მასების ჩამოშლის შემთხვევებიც, რამაც რამდენიმე უბანში საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვია.

როგორც მამუკა გვილავა აღნიშნავს, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს ქალაქი მომზადებული შეხვდეს.

„მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაფართოვდეს.

როდესაც მსგავსი შემთხვევები [უხვი წვიმა] ხდება, მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ, როდესაც ხელმძღვანელი პირი გამოდის და საუბრობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ რეაგირების გეგმა არ გვაქვს, რადგან ასეთ გეგმებში გაწერილია, ვინ უნდა მოახდინოს კომუნიკაცია, შესაბამისად, მერს ან გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს დრო არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ, გადაწყვეტილების მიღებაში იქნება ჩართული.

ამ შემთხვევაში კარგია, რომ სპიკერი იყო კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ითქვა, რომ შესაძლოა, იყოს სიცხეები, ძლიერი წვიმები და ა.შ.

გარდა ამისა, უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილების პატრონები, რომ თუ წყალი დგას ქუჩაზე, ავტომობილით არ უნდა გაიარონ, რადგან ვერ ხედავთ რა იქნება და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.

უნდა გააჩეროთ ავტომობილი და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – უნდა წახვიდეთ ადგილას, სადაც ფეხით მიაღწევთ უსაფრთხოდ. უნდა გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ინსტინქტურად არ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში.

უნდა ვიცოდეთ, რომ კლიმატის ცვლილების გამო, ის პარამეტრები, რომლითაც თავის დროზე ჩვენი სანიაღვრე სისტემები არის გაკეთებული, აღარ მუშაობს – სხვა პარამეტრებზე უნდა იყოს აგებული სისტემა. ბოლო 15 წელიწადში ძალიან სწრაფად შეიცვალა პირობები. შესაცვლელია პარამეტრები. ძალიან დიდი სამუშაოა ყველა ქალაქში ამ კუთხით.

რისკები არის გაზრდილი, გაზრდილია მოწყვლადობაც. ქუჩაში დაგროვილი წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს მანქანით გადაადგილების დრო.

საზოგადოება გონიერია და გრძელვადიან პერიოდში შეუძლია ფიქრი. მაგალითად, მე რომ დავიბადე, იქამდე ერთი წლით ადრე ზუსტად იგივე მოხდა ვერეზე, რაც 2013 წელს, უბრალოდ დაავიწყდა ყველას, რადგან მეორედ მოხდა, აღარ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან იგივე შესაძლოა, 20 წლის შემდეგაც მოხდეს. ამიტომ, დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა, საქმე არის გასაკეთებელი.

მესმის, რომ გლობალური პროცესებია, მაგრამ ამას უნდა ავუწყოთ ფეხი და სერიოზული ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ. წარსული შეცდომები გვაქვს გამოსასწორებელი, მაგრამ გაუთვალისწინებლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ახლა საქართველო იწყებს კლიმატთან დაკავშირებით ადაპტაციის გეგმის შემუშავებას.

ძალიან სიმპტომატური იყო ის ადგილი, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, საბურთალოს ეს მონაკვეთი სიმაღლეში ძალიან იზრდება, ვეღარ იცნობთ ქალაქს.

იგივე მდგომარეობა დიღომში, დიდ დიღომშიც. ადრე მშენებლობის ზეწოლა იყო ქალაქის ცენტრში, ახლა ამან გადაინაცვლა პირიქით შემოგარენში, რადგან იქ ალბათ ადვილია რაღაცის ჩადგმა და ნებართვების მიღება“, – განაცხადა მამუკა გვილავამ.

წყარო