“არ მჯერა, რომ რეჟიმი, რომელიც დგას ნანა კაკაბაძეზე და შაქარიშვილზე, დიდი ხანი აქვს დარჩენილი” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 8 პოლიტიკოსის პროცესზე დაკითხულ მოწმეებზე ისაუბრა.
ნიკა გვარამიას თქმით, ნანა კაკაბაძე 8 ადამიანს ციხეში “მოგონილი ამბებით” უშვებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მოწმე ფაქტებს უნდა ყვებოდეს, ხოლო ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი ყვებოდნენ, ოპოზიციის ლიდერების საჯარო გამოსვლებიდან რა შთაბეჭდილება დარჩათ.
დღეს მე პროცესზე არ ვყოფილვარ, გულწრფელად გეტყვით, ნანა კაკაბაძის მოსმენა ნამდვილად არ მინდა, ჩემი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. საკუთარ თავთან დაკავშირებით მის მოსაზრებებს, ვატო შაქარიშვილის და ამ ხალხის საერთოდ, არც რომ ვიცი ვინ არიან და არც რომ მაინტერესებს [იქ ვერ მოვისმენდი].
საინტერესო ის არის, რომ მოწმის ჩვენება არის ფაქტების მოყოლა, რისი მომსწრეებიც გახდნენ, ან რაც გაიგეს, გაიგეს – სუსტი მტკიცებულებაა, ირიბი, მაგრამ რაღაც ფაქტებს უნდა უკავშირდებოდეს. ეს ხალხი მივიდა [სასმართლოში] და მოყვა ჩვენი საჯარო გამოსვლებიდან რა შთაბეჭდილება შეექმნათ. ვინ არიან ესენი? – ექსპერტები არიან, ანალიტიკოსები, თუ რა ფორმით დაიკითხნენ, საერთოდ რა იყო ეს – ეს არავინ არ იცის…
[ნანა კაკაბაძე] დღეს თვითონ მივიდა, არსაიდან აღმოცენებული და ფაქტობრივად, 8 ადამიანს ციხეში უშვებს მოგონილი ამბებით, მივიდა და მოყვა რა შთაბეჭდილება დარჩა. ვის აინტერესებს ნანა კაკაბაძის შთაბეჭდილება. ზოგადად ნანა კაკაბაძეებზე რომ დგას იმ სისტემის მდგრადობის და დიდხნიანი გამძლეობის, მე არ მჯერა, როგორ დეპრესიაშიც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვინერვიულო ციხეში წასვლის წინ, ეგრე არ ავცურდები, რომ ეგ დავიჯერო, რომ რეჟიმი, რომელიც დგას ნანა კაკაბაძეზე და შაქარიშვილზე, იმ რეჟიმს დიდი ხანი აქვს დარჩენილი,” -განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, 8 პოლიტიკოსის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე “ნეიტრალური საქართველოს” წევრები დაიკითხნენ.
- სწორედ “ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ.
გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც “პირველებს” ჰქონდა მოპოვებული, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი უმტკიცებენ პროკურატურას, რომ “ოცნების” დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




