გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი – განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა აღიძრას საქმე – თვითმხილველებმა თქვეს, რომ მანქანაში იყო მძღოლზე უგონოდ მთვრალი მისი ორი დეიდაშვილი, ვითხოვთ მათ დაკავებას

სასჯელის უმაღლეს ზომას ვითხოვთ, ვითხოვთ, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრას საქმე. ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და დავიწყებთ ბრძოლას, არცერთი წუთით უკან დამხევები არ ვართ, – ამის შესახებ გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელმა, ირმა ამბარდნიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ირმა ამბარდნიშვილის განცხადებით, დაკავებულის გარდა მანქანაში კიდევ ორი „უგონოდ მთვრალი ადამიანი იყო“.

„პროკურატურამ 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით აღძრა, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევასთანაა დაკავშირებული, ჩვენ ვითხოვთ, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა აღიძრას. ორი ადამიანი მოკლა, მიაჭყლიტა და გაიქცა, უგონო მთვრალმა. პროკურორი შორენა მგალობლიშვილი წერს, რომ 354 ჯარიმა ჰქონდა ბოლო წელში გამოწერილი. მე ვკითხულობ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა? ეს თავაშვებული მძღოლები, მთვრალები, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ ციხეში უნდა წავიდნენ. ყველა უნდა გამოვიდეს, ყველა გვერდში უნდა დაგვიდგეს, უნდა ავლაგმოთ ამათი თარეში. სასჯელის უმაღლეს ზომას ვითხოვთ, ნუ გაგვამწარებენ ისედაც გამწარებულს, ჩვენ არ დავიხევთ უკან. უნდა დალპეს ციხეში, კანონმა უნდა იზეიმოს. ჩვენ მუხლს არ ვეთანხმებით, ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და დავიწყებთ ბრძოლას, არცერთი წუთით უკან დამხევები არ ვართ.

როგორც თვითმხილველებმა თქვეს, მანქანაში იჯდა ორი მცირეწლოვანი და კიდევ ორი, მასზე უგონოდ მთვრალი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დეიდაშვილები. ისინი სასწრაფოდ გაარიდა ადგილიდან, რომ დაემალა მათი თანამონაწილეობა. ვითხოვთ, სანამ უცხოეთში გადავლენ, მათ დაკავებას. განსაცდელში მიტოვების მუხლით უნდა აღიძრას მათი საქმე. მიატოვეს, რატომ არ გადმოვიდნენ და დახმარება აღმოუჩინეს, იქნებ ეცოცხლათ? ეტყობა ურჩიეს და ერთმა აიღო თავზე პასუხისმგებლობადა, დეიდაშვილები დაფარა. მათზეც უნდა გავრცელდეს ციხე, ვინც მთვრალს ჩაუჯდება. გინდა ავტომატი გადაგიკიდებიათ ზურგზე და გინდა მთვრალებს გივლიათ. ვის ხოცავთ, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ?“ – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.

დაკავებულ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.