უკრაინის იერიშების შემდეგ პუტინმა რუსეთის ნავთობგადამუშავების მონაცემებზე წვდომა შეზღუდა

ვლადიმირ პუტინიDmitri Lovetsky / Associated Pressრუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმების გახშირების ფონზე ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ენერგორესურსების ექსპორტის შესახებ მონაცემებზე წვდომას ზღუდავს.
Reuters წერს, რომ შეზღუდვა ცალკეული ქარხნების მიერ გადამუშავებული ნავთობის მოცულობასა და წარმოებულ პროდუქტებს შეეხება.
ასევე შეიზღუდება ინფორმაცია ექსპორტირებული პროდუქციის სახეობის, მოცულობისა და ფასის, გამყიდველების, მყიდველებისა და შუამავლების შესახებ. დახურული გახდება მონაცემები გადამზიდავებზე, მიწოდების მარშრუტებზე, ტერმინალებზე, საწყობებზე, ტრანსპორტირების საშუალებებსა და ექსპორტის თარიღებზეც.
აიკრძალება აღნიშნული ინფორმაციის მედიით ან ინტერნეტით გავრცელება, თუ მონაცემები თავად შესაბამისმა კომპანიამ არ გაასაჯაროვა. შეზღუდვა საბაჟო სტატისტიკასაც შეეხება.
პუტინის განკარგულებაში განსაზღვრული ზომები ზომები აშშ-სა და მისი მოკავშირეების “არამეგობრულ ქმედებებზე” პასუხადაა წარმოდგენილი.
რუსეთმა ენერგეტიკის სექტორის შესახებ მონაცემების ნაწილი, მათ შორის, ნავთობის მოპოვების მაჩვენებლები, აქამდე უკვე დახურა. ახალი შეზღუდვები კი უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საცავებსა და სხვა ენერგოობიექტებზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების გახშირების პერიოდს ემთხვევა.
უკრაინის გენერალური შტაბის 21 სექტემბრის განცხადებით, განმეორებითი დარტყმების შედეგად მწყობრიდან რუსეთის ნავთობგადამუშავების საერთო სიმძლავრის 45% გამოვიდა.