დანიის დაზვერვის თანახმად, რუსეთი გააძლიერებს ევროკავშირზე ჰიბრიდულ თავდასხმებს

რუსეთი უახლოეს თვეებში გაზრდის ევროპის ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმების რაოდენობას – ამტკიცებს დანიის სამხედრო დაზვერვა (DDIS). პირდაპირი შეჭრის რისკს დაზვერვა მინიმალურად მიიჩნევს.რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შეფასების შესახებ ახალ ანგარიშში დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ წინა შეფასებასთან შედარებით ვითარება გაუარესდა. გახშირდა დივერსიების, კიბერშეტევების, ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის დრონების შეჭრისა და ბალტიის ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების აგრესიული ქცევის შემთხვევები. DDIS-ში მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით მოსალოდნელია შემდგომი ესკალაცია.კოპენჰაგენში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზად უნდა ჩაითვალოს ვითარება უკრაინის ფრონტზე. „რუსეთი ახლა იმაზე მეტ ზეწოლას განიცდის, ვიდრე ოდესმე ომის დაწყების შემდეგ, – აღნიშნულია ანგარიშში. – უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონების რეგულარული შეტევები სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს რუსეთის ღრმა ზურგს. რუსეთი მძიმე დანაკარგებს განიცდის, უკრაინაში მისი ტერიტორიული მონაპოვარი კი მინიმალურია. რუსეთის ეკონომიკა მასშტაბური კრიზისის ზღვარზეა სამხედრო ხარჯების, საერთაშორისო სანქციებისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმების გამო. […] არ არსებობს იმის არანაირი ნიშანი, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ომის მსვლელობაში რაიმე მნიშვნელოვან გარდატეხას მიაღწიოს. ამასთან, უკიდურესად ნაკლებადაა სავარაუდო, რომ პრეზიდენტი პუტინი წავიდეს კომპრომისზე ომის ფუნდამენტურ მიზნებთან დაკავშირებით.ამ დროს რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროპას განზრახული აქვს, განავითაროს თავისი ავტონომიური შეიარაღებული ძალები და რომ 2030 წლისთვის ისინი დაიწყებენ რუსეთისთვის საფრთხის შექმნას. ამიტომ რუსეთი უახლოეს წლებს განიხილავს შესაძლებლობების ფანჯრად, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ღირს რისკზე წასვლა, რათა სცადოს ევროპაში უსაფრთხოების წესრიგის ძირეულად შეცვლა“.თუკი ბოლო დრომდე, ხაზგასმულია DDIS-ის ანგარიშში, რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების ამოცანას პირველ რიგში წარმოადგენდა დაშინება და უკრაინისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტება, ახლა რუსეთი უფრო ხშირად ცდილობს აღკვეთოს თავად დახმარების მოხვედრა უკრაინაში – მაგალითად, სამხედრო ქარხნებში ან იმ რკინიგზაზე დივერსიების გზით, რომლითაც იგზავნება ტვირთები უკრაინაში. და ეს, მიიჩნევენ დაზვერვის წარმომადგენლები, უფრო გახშირდება.იმის რისკი, რომ კრემლმა გადაწყვიტოს შეზღუდული სამხედრო ოპერაციის ჩატარება ნატოს იმ ერთი ან რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ანგარიშის ავტორების თანახმად, დაბალია, თუმცა უახლოეს თვეებში ის შესაძლოა გაიზარდოს. ფორმით ასეთი ოპერაციები შეიძლება გამოიხატოს შორ მანძილზე მოქმედი არტილერიით ცალკეული დარტყმების მიყენებაში იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარებისთვის – ამასთან, მოსკოვი იტყვის, რომ რაკეტები აცდნენ კურსს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გადამისამართებულ იქნენ უკრაინის მიერ. რუსეთის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინული წარმოების დრონები ან სასაზღვრო რეგიონებში განმასხვავებელი ნიშნების გარეშე მყოფი სამხედროების შეზღუდული რაოდენობის გადასხმა. ასეთი ოპერაციების მთავარი მიზანი იქნებოდა ყურადღების გადატანა უკრაინის დახმარებიდან სხვა რამეზე, ევროპული რესურსების ახალი მიმართულებით გადამისამართება და ნატოში განხეთქილების შეტანა.DDIS უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ევროპაში რუსეთის ჯარების ღია შეჭრას უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში.