აშშ-ს AH-64 Apache-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებენ, 17 აპრილი, 2026აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) / Xაშშ-ს არმიამ 20 აპრილს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანული პორტების წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის შემოღების შემდეგ მათ 27 გემი გადაამისამართეს.
“ირანულ პორტებსა და სანაპირო წყლებში შემავალი ან გამავალი გემების წინააღმდეგ ბლოკადის დაწყების შემდეგ აშშ-ს ძალებმა 27 ხომალდს უბრძანეს გაბრუნება ან ირანულ პორტში დაბრუნება.” – წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა X-ზე და ჰორმუზის სრუტეში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
მანამდე CENTCOM-მა დაწერა, რომ 19 აპრილს დააკავეს ირანული დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ირანის ბანდარ აბასის პორტისკენ მიცურავდა და აშშ-ს მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა.
სარდლობის ცნობით, ბორტზე საზღვაო ქვეითების გადასხდომამდე აშშ-მ ირანული გემი არაერთხელ გააფრთხილა და დამორჩილებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა ძრავის ოთახის ევაკუაციის ბრძანება გასცა და გემის ძრავის დაზიანების მიზნით ცეცხლი გახსნა.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ს ბლოკადა ირანს “აბსოლუტურად ანადგურებს”.
“ბლოკადა, რომელსაც არ მოვხსნით, სანამ “შეთანხმება” არ იქნება, ირანს აბსოლუტურად ანადგურებს. ისინი დღეში $500 მილიონს კარგავენ, რაც არ არის შენარჩუნებადი რიცხვი, მოკლევადიან პერიოდშიც კი.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისივე თქმით, “ფეიკ ნიუსების” მიუხედავად, აშშ ირანის წინააღმდეგ ომში იმარჯვებს და “ყველაფერი კარგად მიდის”.
ამასთან, დღეს პრეზიდენტი ტრამპი კვლავ დაემუქრა ირანს, თუ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება და განაცხადა, რომ “ძალიან ნაკლებად სავარაუდოა” თეირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება იმ შემთხვევაში, თუ ვადის გასვლამდე მოლაპარაკებებზე მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმდებიან.
ტრამპი ირანს კვლავ ემუქრება, თუ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება