სრულ განაკვეთზე დასაქმებული მასწავლებლების ხელფასი 500 ლარით გაიზრდება – ამბობს განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ სკოლებში სრულ განაკვეთზე დასაქმებული მასწავლებლების ხელფასი დაახლოებით 500 ლარით გაიზრდება მომავალი წლის იანვრიდან. მისი თქმით, სისტემაში არსებული ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ 2024 წელს განათლების მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამოყოფილია საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად:
“ჩვენ გვინდა მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ”.
მინისტრმა სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მასწავლებელთა ხელფასები არა იანვრიდან, არამედ მომდევნო სასწავლო წლის დაწყებიდან უნდა გაიზრდოს.
განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავედ ითვლება მასწავლებელი, თუ ის დატვირთულია კვირაში მინიმუმ 18 საათით. უფრო დეტალურად კი, ვის გაეზრდება ხელფასი დეკემბერში გახდება ცნობილი, როგორც ეს მინისტრმა თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ