სპირტის მაფია – საიდან იჭრება მილიონები და ვისთან მიდის დიდი ფული (ვიდეო)

გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, ყურძნით დატვირთული სატვირთოების დიდი რიგი დგას. კახელ მევენახეთა ნაწილს ყურძნის ჩასაბარებლად ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის სპირტის ქარხანაში, ნაწილს კი ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის საწარმოში უშვებენ. მოსავალი, რომლის მოსაყვანადაც გლეხები შრომასთან ერთად დიდ ფულსაც დებენ, ქარხნებს მინიმალურ ფასად უნდა ჩააბარონ.

  • მწვავე პროტესტისა და დაპირისპირების შემდეგ, ხელისუფლებამ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი მხოლოდ 20 თეთრით გაზარდა. 30 თეთრის ნაცვლად კილოგრამ ყურძენში ხალხს ახლა 50-ს გადაუხდიან.

ბიუჯეტიდან მთავრობა რთველის სუბსიდირებისთვის ყოველწლიურად 200-დან 300 მილიონ ლარამდე ხარჯავს და ამ თანხის დიდ ნაწილს ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებულ კომპანიებს უხდის, მევენახეებისგან მიღებული ჭარბი ყურძნის გადასამუშავებლად.

ცნობილია, რომ გლეხებისგან მიღებული ყურძნით “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესმენების ქარხნებში სპირტს ამზადებენ.

სად მიდის  სპირტი და ვინ ნახულობს მილიონების მოგებას?!

2026 წლის რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო – ეს პირველ ეტაპზე.  ხელშეკრულებები რომ გლეხებისგან ყურძენი ჩაიბარონ, გამარტივებული წესით ათამდე ღვინის ქარხანასთან გაფორმდა:

    • ყველაზე დიდი დაკვეთა და დიდი ფული “ქართული ოცნების” მთავრობამ უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებს მისცა. კარიჭაშვილის კუთვნილ “უნივერსალ სპირტში” 2 მილიონ 400 ათასი ლარი, “გრუზვინპრომში” – 420 ათასი, ბოლერო ენდ კომპანიში კი 200 ათასი გადაირიცხა.
    • მილიონ 200 ათასი მისცეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის კუთვნილ – “კოტეხი გურჯაანის” ქარხანას. 875 ათასი ზურა ჩხაიძის კომპანია ასკანელი ძმების ანგარიშზე ჩარიცხეს.