როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, ამ მაჩვენებელში საგანგაშო არაფერია და მიზეზი ქათმების ასაკია, რომლებიც სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პროცენტულობით დებს კვერცხს.
„სხვადასხვა ასაკში ქათამი სხვადასხვა პროცენტულობით დებს კვერცხს. ერთ წელიწადს ამ დროს შესაძლოა, უფრო ახალგაზრდა ფრინველი იყო, ახლა კი შესაძლოა, უფრო მეტი ხანდაზმული ქათამი იყო და ნაკლები კვერცხი სწორედ ამიტომ ვაწარმოეთ. სხვა განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს ამ ყველაფერს. ზოგადად, თუ კლება 3-4%-ს არ ასცდა, სერიოზულ მიზეზებზე ლაპარაკი არ არის“ – აღნიშნა მან.
როგორც უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია კვერცხის იმპორტში. ‘
„შარშან ამ დროს იყო შემოსული 31 ათასი ერთეული კვერცხი, წელს კი – 17 მილიონი. თუ იმპორტი დროულად რამე ბერკეტებით არ შევაჩერეთ, ადგილობრივ წარმოებაზე ძალიან ცუდად აისახება. რა თქმა უნდა, ჩვენზე იაფია და ფაქტობრივად, ჭარბი პროდუქტია. 99.9% კვერცხი თურქეთიდან შემოდის. უმნიშვნელო ოდენობა შემოდის ბელარუსიდან და ისიც მხოლოდ ბელარუსული მაღაზიებისთვის არის განკუთვნილი“ – განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ზურაბ უჩუმბეგაშვილმა მიზეზებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს თურქეთმა დიდი ოდენობით კვერცხი ამერიკაში შეიტანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფრინველის გრიპს ებრძოდა და კვერცხის დეფიციტი ჰქონდა.
„შარშან თურქეთმა დიდი ოდენობით კვერცხი ამერიკაში შეიტანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფრინველის გრიპს ებრძოდა და კვერცხის დეფიციტი ჰქონდა.
წელს კი, როდესაც მან ეს პრობლემა დაძლია, დიდი ოდენობით კვერცხი ჩვენკენ და არა მხოლოდ ჩვენკენ გადმომისამართდა. თურქეთს ამ მხრივ საკმაოდ აგრესიული პოლიტიკა აქვს, სახელმწიფო ექსპორტიორ კომპანიებს კილოგრამზე 2 დოლარს უხდის, ამიტომ მათ ინტერესებში, რა თქმა უნდა, შედის დიდი რაოდენობით ექსპორტი. თუმცა ჩვენთვის ეს არც ისე კარგია“ – განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1 362 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 18 881 მლნ ერთეული კვერცხი იყიდა, მაშინ, როცა 2025 წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 36.3 ათასი დოლარის 683 ათასი კვერცხი შემოვიდა.




