ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქცია მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა

საპროტესტო აქცია მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა

4 ნოემბერს ახალი არჩევნების მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა. იუსტიციის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ზაარბრიუკენის მოედნის გავლით მარჯანიშვილის მოედანზე გადაინაცვლეს. მათ სიტყვით მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ჩვენ გვჭირდება ენერგიის გამოზოგვა. როგორც კი გაიგეს, რომ მივდივართ ბარათაშვილის ხიდისკენ, იმწუთშივე გაასუფთავეს ყველაფერი. ამათ ჰგონიათ, რომ ჩვენ ასე ვივლით, დავიღლებით... ჩვენი გეგმები ყოველთვის გაცხადდება 10 წუთით ადრე. ლოკაცია გამოცხადდება, მაგრამ ჩვენი მარშრუტი ამათთვის ცნობილი არ იქნება. მთელი თბილისი ასე ყოველდღიურად უნდა გამოვაცოცხლოთ“, - თქვა ხაზარაძემ დემონსტრაციის დასასრულს.
რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შეძლებენ „ტელეგრამ“-არხზე შესვლას და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ.
ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.
26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:
· "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
· "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
· "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
· "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.