საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ფოთში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
N70 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 24-ვე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნა, ხოლო ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება 08:00 საათიდან დაიწყეს.
არჩევნებში, ფოთში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ქართული ოცნება“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“. მერობის კანდიდატი კი მხოლოდ მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბექა ვაჭარაძეა.
.არჩევნებში სულ 40 511 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არცერთ საარჩევნო უბანზე შეფერხება არ ყოფილა და საჩივარი არ დაწერილა. არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.