სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო

რუმინეთთან ამხანაგური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მედიის კითხვებს უპასუხა:
“როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. სამწუხაროდ, ეს ივნისის სანაკრებო პაუზისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა. ამავდროულად, ეს კარგი შესაძლებლობაა სხვა ფეხბურთელებისთვის, ითამაშონ და მეტი სათამაშო დრო მიიღონ, რადგან თუ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად არ თამაშობ, პროგრესირება რთულია.
ამიტომ, მომდევნო ორი მატჩი მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. როგორც გურამმა აღნიშნა, ხვალინდელი შეხვედრა რთული იქნება, რადგან რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ნამდვილი საფეხბურთო ერია.
მინდა მადლობა გადავუხადო გურამ კაშიას, განსაკუთრებით იმ რჩევებისა და გამოცდილებისთვის, რომელსაც ის ახალ თაობას გადასცემს. წლების განმავლობაში გურამთან მუშაობის პატივი მქონდა. როგორც მწვრთნელმა და კაპიტანმა, ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. გვქონდა არაერთი გულწრფელი საუბარი იმის შესახებ, როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ ვითამაშოთ და როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. გულწრფელად ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო თავისი გუნდისთვის”.
NAKREBI.GE