ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს.

წერილში სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ანტიევროპულ რიტორიკაზე უარის თქმა და ანტიევროპული კანონმდებლობის გაუქმება“.

„არსებული მმართველი რეჟიმის მიერ პოლიტიკური კურსის გაგრძელება მკვეთრ წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ნებასთან, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც თანმიმდევრულად და უპირობოდ მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის წინ წაწევის ნაცვლად, მმართველი ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ევროკავშირთან ქვეყნის პარტნიორობის საფუძვლებს.

სწორედ ამ ფონზე ვუახლოვდებით საგარეო საქმეთა მომავალ საბჭოს მკაფიო მოლოდინებით და მოვუწოდებთ მინისტრებს, ხელახლა დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი, მოითხოვონ სინდისის პატიმრების გათავისუფლება და მოუწოდონ რეჟიმს, უარი თქვას ანტიევროპულ რიტორიკაზე და გააუქმოს ანტიევროპული კანონმდებლობა.

ამავდროულად, ჩვენ მოველით, რომ ყველა მიზანმიმართული ზომა, რომელიც მანამდე ერთსულოვნების მოთხოვნის გამო იბლოკებოდა, ახლა სერიოზულად იქნება განხილული.

მიუხედავად იმისა, რომ წვდომის შეზღუდვა მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის პრაქტიკაში არაეფექტური აღმოჩნდა, ნებისმიერ უფრო ფართო ზომას უნდა მივუდგეთ მკაფიო პრინციპის გათვალისწინებით: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რეჟიმის პოლიტიკის გამო.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ არის პროცედურული ფორმალობა – ეს არის საქართველოს ყველაზე ხელშესახები ევროპული მიღწევა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მტკივნეული დემოკრატიული რეფორმებისა და ხალხის ურყევი ნების წყალობით იქნა მოპოვებული. ეს არის საქართველოს ევროპული იდენტობის ცოცხალი გამოხატულება და ცოცხალი კავშირი ქართველ ხალხსა და ევროპულ ოჯახს შორის.

ამიტომ, უვიზო რეჟიმის შეჩერების ნებისმიერი მუქარა კრიტიკულად უნდა იქნას განხილული. ასეთი შედეგი არ წაადგება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს; ის წაადგება მმართველ რეჟიმს, რომელიც ძალაუფლების კონსოლიდაციას საქართველოს დემოკრატიულ დასავლეთთან კავშირების გაწყვეტის გზით ცდილობს, ასევე საქართველოს მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც სტრატეგიული ინტერესი აქვთ, ქვეყანა ევროპელ პარტნიორებს დააშორონ. ამას წარმატების მიღწევის საშუალება არ უნდა მიეცეს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.