საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში – ვინ ტოვებს თანამდებობას მინისტრთა კაბინეტში

მომავალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს. ერთადერთი უწყება, რომელსაც ხელმძღვანელი შეეცვლება, თავდაცვის სამინისტროა. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ერთადერთი საკადრო ცვლილების მიზეზები ირაკლი კობახიძემ განმარტა.
საჯაროდ დასახელების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი მედიასთან არ გამოჩენილა. მომავალი თავდაცვის მინისტრი პარტიულ ყრილობას ესწრებოდა, თუმცა შეკრება კომენტარის გარეშე დატოვა. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის სავარაუდოდ პოლიტიკიდან დიპლომატიაში გადაინაცვლებს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ნატოში საქართველოს მომავალი ელჩის პოზიცია შესთავაზეს. მოქმედ ელჩს, ვიქტორ დოლიძეს, 4 თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, სრულ მზადყოფნაში არიან ირაკლი კობახიძესთან, როგორც ახალ პრემიერთან, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილთან ახლა უკვე როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ისევ აქტიურად იმუშაონ.
პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის წარდგენამ სამთავრობო არა, თუმცა პარლამენტის დონეზე ცვლილებები გამოიწვია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობასთან ერთად, ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობასაც იკავებდა. დღეს დადასტურდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის ახალი ლიდერი მამუკა მდინარაძე იქნება.
“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ცვლილებებს არც პარტიულ დონეზე გამოიწვევს. “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის თქმით, სახელისუფლებო პარტია სტრუქტურულად ძლიერი და გამართულია.
2024 წელი მმართველ პარტიაში ცვლილებით დაიწყო, რაც სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განმარტებით, მომავალ არჩევნებში გარდაუვალი წარმატების საფუძველი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით