რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინიდან დრონებით იერიშის შედეგად ბელგოროდის რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა
"მამაკაცი სატვირთო მანქანას მართავდა, როდესაც ჭურვი მოხვდა, ამის შემდეგ მანქანა სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა", - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ინსტაგრამში დაწერა. მისი ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპა, ავტობუსის მგზავრები არ დაშავებულან.
კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრი ნამსხვრევის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა კოოპერატიული ავტოსადგომის ტერიტორიაზე, სადაც ის და მისი ვაჟი ძაღლებს კვებავდნენ. მამაკაცს თავისა და გულმკერდის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. ბელგოროდის კიდევ ორმა მცხოვრებმა მიიღო დახურული თავის ტვინის ტრავმები. ისინი საავადმყოფოში არიან.
გლადკოვმა თავდასხმებში უკრაინის არმია დაადანაშაულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მარტის ღამეს ბელგოროდის რეგიონში სამი დრონი, რეაქტიული ჭურვი და რაკეტა "ტოჩკა-უ" ჩამოაგდეს. დილით, ამავე რეგიონში კიდევ რვა რეაქტიული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.
16 მარტის ღამეს ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რეგიონზე რეგულარულად ხორციელდება უკრაინიდან სახმელეთო და საავიაციო იერიშები.
ბოლო დღეებში ბელგოროდი თითქმის ყოველდღე იბომბება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.