რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კსდრ-სთან სტრატეგიული ხელშეკრულების რატიფიკაცია

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, ოთხშაბათს დაამტკიცა რუსეთსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება. დოკუმენტს ორი ქვეყნის მეთაურებმა, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა, მიმდინარე წლის ივნისში მოაწერეს ხელი ფხენიანში პუტინის ვიზიტის დროს. შეთანხმება ითვალისწინებს სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში.
ცნობილია, რომ ფედერაციის საბჭომ ხელშეკრულების რატიფიცირება ერთხმად მოახდინა. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, ტურიზმი, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნები. თუმცა, მისი ერთ-ერთი მთავარი პუნქტია რუსეთისა და კსდრ-ის ვალდებულება, სასწრაფო სამხედრო და სხვა სახის დახმარება გასწიონ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ ქვეყანას თავს დაესხმიან ან ის ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება. აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით მოქმედებს.
მანამდე დოკუმენტი დაამტკიცა სახელმწიფო დუმამ. ის რატიფიცირებისთვის იყო წარდგენილი სამხრეთ კორეის, დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის სადაზვერვო ანგარიშების ფონზე, რომელთა თანახმადაც, ათასობით ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი გაიგზავნა რუსეთში.
სამხრეთ კორეის, დასავლური და უკრაინის დაზვერვათა ცნობით, კსდრ-ს რუსეთში 12 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა შეუძლია. ისინი, სავარაუდოდ, რუსეთის მხარეს პირდაპირ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას. მოსკოვი და ჩრდილოეთი კორეა ამაზე დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ.
უკრაინელი ოფიციალური პირების მითითებით, დასავლური მედია იტყობინება პირველი შეტაკებების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ კსდრ-ის სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის კურსკის ოლქში. არ არსებობს დამოუკიდებელი დადასტურება საომარ მოქმედებებში უშუალოდ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ.
ჩრდილოეთი კორეა არის რუსეთის არმიის საარტილერიო ჭურვების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი, იუწყება დასავლეთი და სამხრეთ კორეის დაზვერვა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისა და ზამთრის სამხედრო ფორმების მოახლოებული მიწოდების შესახებ.
ჩრდილოეთი კორეა, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოა, ღიად უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის ომში და, კერძოდ, აღიარებს რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უკრაინის რეგიონების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად