რუსეთის მიერ დნიპროზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 5 ადამიანი
3 ივლისს რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა ქალაქ დნიპროზე. დაზიანდა სავაჭრო ცენტრი.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა, მინიმუმ, 47.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში ისკანდერ-К-ს ტიპის 3 რაკეტით, Х-59-ის ტიპის 4 რაკეტითა და 5 შაჰედის ტიპის დრონით მიიტანა. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 11 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო: 1 ისკანდერი, 4 X-59, 5 შაჰედი და 1 დრონი ორლან-10.
რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე წერენ ვერსიას, რომ რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო საწარმო "იუჟმაში", რომელიც სარაკეტო-კოსმოსურ ტექნიკას აწარმოებს. ამ ვერსიას წერს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიაც. რუსეთის სამხედრო უწყებაში შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.