უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი - კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა
კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
„საერთო ჯამში, ამ დროისთვის კიევში, 8 ივლისს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 10 ბავშვია“, - განაცხადა იგორ კლიმენკომ.
იგორ კლიმენკოს ცნობით, „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. დაშავებული 8 ბავშვი „ოხმატდიტიდან“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 8 ივლისს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშებს სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა და 206 დაშავდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.