რუსებმა უკრაინას 57 დრონით შეუტიეს, დონეცკში 3 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფილაშკინის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ კონსტანტინოვკაში, პოკროვსკსა და რაისკოეში. ამასთან, ოთხი ადამიანი დაშავდა კონსტანტინოვკაში, ორი კი - რაისკოეში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას წუხელ 57 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, აქედან 18 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, 7 კი ლოკალურად დაიკარგა.
უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზე და დონეცკის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ტერიტორიებზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.