“რუსთავი 2“-ის დირექტორის ხელფასი წელიწადში 471 ათასი ლარი რომ არის, ამას ვერასდროს გავიგებდით, ეს პირი ელჩად რომ არ დაენიშნათ და ფინანსური დეკლარაცია არ შეევსო. ეს საკითხი ერთდღიან სენსაციურ ამბად გასატარებელი არ არის. პრობლემა უფრო ღრმაა-იგი სცდება ერთი პროპაგანდისტული არხის საზღვრებს და დიდი კორუფციული სქემის მხოლოდ ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.
ეს პროპაგანდისტული და აშკარად ანტიდასავლური ტელეკომპანია ჭიათურისა და ზესტაფონის მშრომელებისგან მოპარული ფულით ფინანსდება. იგი წელიწადში იმაზე მეტს იღებს მხოლოდ შავი ფულის სახით ამ რაიონებში მოქმედი „ჯორჯიან მანგანეზისგან“, ვიდრე, მაგალითად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია. ჭიათურის ბიუჯეტი 2024 წელს 32 მილიონ ლარს შეადგენდა. „რუსთავი 2“-ის ხარჯები ამავე წელს 55 მილიონი ლარი იყო. მისი საკუთარი შემოსავლები (რეკლამებიდან და სპონსორობიდან) მხოლოდ 14 მილიონ ლარს შეადგენდა, დანარჩენი 41 მილიონი ლარი კი ე.წ. დამფუძნებლებმა შეუვსეს.
2023 წელსაც 31 მილიონი შავი ფული “ჩაისხა“ ტელეკომპანიაში. იგივე გაგრძელდა 2025 წელსაც და მხოლოდ ამ სამ წელიწადში ამ არხმა ოფშორებიდან კრიმინალური წარმოშობის ფულის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თუ საიდან მოვიდა ეს ფული, ფინანსური აუდიტის დასკვნაშიც არ ჩანს. მხოლოდ ის წერია, რომ რომელიღაც ქართულმა შპს-მ ჩაურიცხა, თუმცა მისი დასახელება წლებია გასაიდუმლოებულია.
რაც შეეხება დირექტორის ხელფასს, რომელიც თვეში 39 250 ლარია (წელიწადში 471 000 ლარი), ეს უდრის:
-„რუსთავი 2“-ის 40 თანამშრომლის საშუალო წლიურ ხელფასს;
-„ჭიათურმანგანუმის“ 50 მუშის საშუალო წლიურ ხელფასს, რომლებიც წლებია მონურ შრომას აპროტესტებენ;
-230 პენსიონერის საშუალო პენსიას;
-ერთი საშუალო ზომის, 500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის წლიურ ბიუჯეტს-ყველა მასწავლებლის ხელფასთან, კომუნალურ და სხვა ხარჯებთან ერთად.
ამ ერთ დანაშაულებრივ საქმეში ჩანს „ქართული ოცნების“ ანტისახალხო მმართველობის ნამდვილი ბუნება.
