დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დახმარების თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს ფული ძირითადად ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქის მიერ შეგროვდა. საქველმოქმედო აქციას ბიზნესიც შეუერთდა. გამოქვეყნდა ასამდე შემომწირველი ფირმის დასახელება, რომელთა უდიდესი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია, რომლებსაც ამ რეპრესიული რეჟიმის პირობებში არც თუ ისე ულხინთ. ამ სიაში კი არც ერთი მსხვილი კომპანია არ ჩანს.
სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს? აფთიაქების ქსელებს ან სუპერმარკეტებს, რომლებიც მთავრობის პროპაგანდაში არიან ჩართულები, ხალხს ატყუებენ და ჩვეულებრივ ფასდაკლების აქციებს „სოციალური ფასების“ კუთხედ რომ ასაღებენ-ისე, რომ ეს კუთხე მოსაჩვენებლადაც კი არ შეუქმნიათ, სოლიდარობის ნიშნად მცირეოდენი თანხის გაღება უჭირთ?
ბანკებზე აღარაფერს ვამბობ-მსოფლიოში ყველაზე დიდი მოგება მიიღეს კაპიტალთან მიმართებით: 3,3მილიარდი ლარი.
სად არის ხელისუფლების მომსახურე ბიზნესასოციაცია თავისი „ქართული ფორბსის“ სიაში შეყვანილი 100 ყველაზე მდიდარი ადამიანით? იმდენად მშიშრები არიან, რომ 1 ლარსაც ვერ გაიმეტებენ-მთავრობამ მის საწინააღმდეგო ქმედებად არ ჩაგვითვალოსო.
ბევრი ოქროს საათისა და ნიანგის ტყავის ჩანთის მფლობელი დეპუტატი კაცი და ქალი სიმბოლურ ნაბიჯს მაინც თუ გადადგამს? დაველოდოთ.
ეკლესიას 90-პროცენტიანი რეიტინგი რომ ჰქონდა, მათი დამსახურება კი არა, ჩვენი ბრალი იყო. იქნებ ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა.
ახალგაზრდებმა ხელისუფლებას მორალური გაკვეთილი ჩაუტარეს და უზნეობაში ამხილეს. მაშინ, როცა მთავრობა ზეიმის აღსანიშნავად საპატრიარქოს 5 მილიონ ლარს ჩუქნის-ფულს, რომელშიც მთაწმინდის რესტორანში გასამართი ბანკეტის ხარჯებიც იქნება აუცილებლად გათვალისწინებული, ხალხი ყველაზე ჰუმანურ ინვესტიციას აკეთებს, რომელსაც სიკეთე და თანადგომა ჰქვია.




