„როდესაც შენობას აშენებ და ხარ დეველოპერი, ახლა კიდევ კლიმატზე იფიქრე… არ გაქვს ამისი არც თავი, არც დრო და არც სურვილი“

„როდესაც შენობას აშენებ და ხარ დეველოპერი, ახლა კიდევ კლიმატზე იფიქრე… არ გაქვს ამისი არც თავი, არც დრო და არც სურვილი“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წამყვანმა ექსპერტმა, მამუკა გვილავამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელია ექსტრემალური ამინდების სიხშირის ზრდა და მომავალ წელს შესაძლოა, იყოს პირიქით – ევროპაში სიგრილე, ხოლო ჩვენთან – სიცხე.

„კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელია ექსტრემალური ამინდების სიხშირის ზრდა. ექსტრემალური შეიძლება იყოს ძალიან დიდი სიცხეც და წვიმაც. ეს ყველაფერი ჩვენთანაა და ძალიან დიდი ხნის მერე თუ შევცვლით ამას, უბრალოდ უარესი და უარესი შეიძლება გახდეს, ამიტომ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და გლობალურ საქმეებზეც უნდა ვიფიქროთ.

სხვათაშორის, მომავალ წელს შეიძლება პირიქით იყოს, ევროპაში იყოს სიგრილე და ჩვენთან – სიცხე.

მე მაგალითად, ყოველ წვიმას შეშფოთებული ვუყურებ, იმიტომ, რომ არაბუნებრივია, ჩემი ასაკიდან გამომდინარე ვიცი, ბუნებრივი როგორია“ – განაცხადა მამუკა გვილავამ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, გახშირებული წვიმა თბილისში განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა, მისი თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, ხოლო პრობლემა, რომელიც უხვ ნალექს მოჰყვება, არა დეველოპერების, არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ცალკე საკითხია წვიმა თბილისში და არსებული ინფრასტრუქტურა. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ინფრასტრუქტურულად რაღაცები უმჯობესდება, თუმცა მე არ მინდა პასუხისმგებლობა ჩამოვაშორო მათ, ვისაც ის ეკუთვნის. 30 წლის წინ რომ არ იტბორებოდა თბილისი, უკეთესი ინფრასტრუქტურა იყო?

ალბათ ბევრი სახლები ავაშენეთ ისე, რომ არ დავფიქრდით… ძალიან ძნელია, როდესაც შენობას აშენებ და ხარ დეველოპერი, ახლა კიდევ კლიმატზე იფიქრე… არ გაქვს ამისი არც თავი, არც დრო და არც სურვილი. ეს საკითხი პირველ რიგში ხელისუფლებას ეხება“ – განაცხადა მამუკა გვილავამ.