“ირაკლი კობახიძის თამაში დასრულებულია, ირაკლი ღარიბაშვილმა კონტრთამაში წამოიწყო, ბიძინა ივანიშვილი კი მომენტს ელოდება”, – ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ხშირი ცვლილება, პოლიტიკური ფიგურების იზოლაცია მმართველობის ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბების ცდებზე მიანიშნებს. მმართველი გუნდის შიდა პროცესებზე, ძალთა შესაძლო გადანაწილებაზე და თუ რა შეიძლება განსაზღვრავდეს ხელისუფლების მომავალ კონფიგურაციას, გია ხუხაშვილი საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს.
– ბიძინა ივანიშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლება და, პირველ რიგში, ძალოვანი სტრუქტურები ტექნიკურ რგოლად აქცია. პროფესიონალების ნაცვლად, სისტემაში პოლიტიკური ფუნქციონერები მოჰყავდა. ამ ლოგიკაში ჯდებოდა ანრი ოხანაშვილისა და მამუკა მდინარაძის კანდიდატურებიც. გეკა გელაძე, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი არ იყო, თუმცა მისი სისტემიდან წასვლას, როგორც ჩანს, სხვა მიზეზი ჰქონდა, რომელზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ. თამაზ ბორაშვილის სუს-ის უფროსად დანიშვნა კი უკვე სხვა ტენდენციაზე მიანიშნებს. ბოლო პერიოდში სუს-ში სერიოზული დაძაბულობა შეიმჩნეოდა. კარიერული თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის, რომ ასეთ სპეციფიკურ სტრუქტურაში ადამიანების დაწინაურება პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მამუკა მდინარაძის კარიერა. ის ძალიან მოკლე პერიოდში გენერალ-მაიორი გახდა, მაშინ როცა ამ სისტემაში ადამიანები ერთი ვარსკვლავის მისაღებად წლების განმავლობაში მუშაობენ და ხშირად საკუთარ სიცოცხლესაც რისკავენ. ასეთი განსხვავებული მიდგომა, ბუნებრივია, თანამშრომლებში უკმაყოფილებას აჩენს. ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა სუს-ში დაძაბულობა ჩაეხშო და სისტემაში სტაბილურობა შეენარჩუნებინა. ამისთვის არჩევანი სისტემიდან მოსულ პროფესიონალზე, თამაზ ბორაშვილზე შეაჩერა. ბორაშვილი ნამდვილად პროფესიონალია. სხვა საკითხია, რამდენად დაექვემდებარება ის პოლიტიკურ დიქტატს, მაგრამ მისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია ცალკე საკითხია.
– ე.ი. მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას არ უკავშირებთ ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს?
– დიახ, ეს არ ყოფილა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსის, თუნდაც მამუკა მდინარაძის საკითხი. სახეზეა სისტემური პროცესი, რომლის მიზანიც კონკრეტული შიდასახელისუფლებო დაჯგუფების იზოლირება იყო. შედეგიც შესაბამისია: ივანიშვილმა ეს ჯგუფი დაშალა, კობახიძე კი სრულიად სტერილურ ვითარებაში დატოვა. დღეს პრემიერს აღარ ჰყავს ძლიერი პოლიტიკური საყრდენი, რაც ივანიშვილს აძლევს საშუალებას ნებისმიერი დავალება წინაღობის გარეშე შეასრულებინოს. მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ამ ეტაპზე მიზეზს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. შეიძლება, თუმცა სხვა მიზეზებს შორის ერთ-ერთ ისეთი კურიოზული საკადრო გადაწყვეტილებაც იყოს, როგორიც მდინარაძის დაწინაურება იყო.
– თქვენი აზრით, რამდენად მზად არის ირაკლი კობახიძე ამ ახალი რეალობისთვის?
– კობახიძე რისთვის არის მზად, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მას აღარავინ არაფერს ეკითხება, მისი თამაში დასრულებულია და ახლა მხოლოდ დინებას მიჰყვება.
კობახიძე ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ “მიწა დაეწვა” და საბოლოოდ თავად დარჩენილიყო ერთადერთ მემკვიდრედ. ივანიშვილმა კი კონტრთამაში ითამაშა და პარტია მოუგო, ძალაუფლებას ჩამოცილებული, უბრალო სპიკერის როლში დატოვა. თამაში გრძელდება და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
ამიტომაც ვხედავთ დღეს გაუგებარ დებატებში მონაწილე პრემიერს. ჩემი აზრით, ეს ნონსენსია, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო პირებთან დებატებში ერთვება. ეს ჩვენი ნოუ-ჰაუა.
– როგორ გგონიათ, კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები გეორგიევსკის ტრაქტატზე და “რუსოფობიაზე”. რამდენად ასახავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს?
– არა მგონია, ეს კურსი ივანიშვილთან იყოს შეთანხმებული. ვფიქრობ, მას ჯერ თავადაც არა აქვს გადაწყვეტილი, რა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა. ივანიშვილისთვის ეს საკითხი შიდაპოლიტიკურ პროცესზე აღარ არის დამოკიდებული და ამჯერად შეცდომის დაშვებას ერიდება.
– რას გულისხმობთ?
– 2022 წელს არასწორი პროგნოზისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა, რამაც საქართველო, ფაქტობრივად, რუსეთის მძევლად აქცია. ახლა კი ცდილობს დრო მოიგოს და შეინარჩუნოს მანევრირების შესაძლებლობა, სანამ უფრო ნათელი არ გახდება, რა მოხდება უკრაინის ომთან და ირანის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. სწორედ ამ კონტექსტში ვხედავ კობახიძის ჩამოშორებასაც. სანამ ივანიშვილი საბოლოო არჩევანს არ გააკეთებს, კობახიძის რიტორიკით დროის მოგებას შეეცდება. მას ორი არჩევანი აქვს: ერთი რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი-2-ის გაფორმება და რუსეთის იმპერიასთან რეინტეგრაცია; მეორე – აღმოსავლური ტიპის ავტოკრატიული მოდელის ჩამოყალიბება, რომელსაც გარკვეული ურთიერთობები ექნება დასავლეთთანაც და რუსეთისგანაც შედარებით დამოუკიდებელი იქნება, დაახლოებით აზერბაიჯანის მოდელის მსგავსად. მეორე ვარიანტს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ პუტინი იმდენად დასუსტდება, რომ ივანიშვილს რუსეთისგან დისტანცირების შესაძლებლობა და უსაფრთხოების განცდა გაუჩნდება. ჯერ ამისთვის მზად არ არის და რუსეთის ფაქტორს ძალიან უფრთხის. თუმცა, თუ შესაძლებლობა მიეცა, პუტინის გადაგდებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის. ამიტომაც არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც კი არჩევანს გააკეთებს, კობახიძეს წლების განმავლობაში დაგროვილ შეცდომებს აჰკიდებს ზურგზე და საბოლოოდ ჩამოაშორებს ძალაუფლებას. ჩემი აზრით, პრემიერმინისტრობისთვის ორი ტიპის კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს შერჩეული: ერთი – პირი, რომელიც რუსეთისკენ წასვლის შემთხვევაში ტრაქტატზე ხელის მოწერას უპრობლემოდ შეძლებს; მეორე შემთხვევაში კი უფრო დასავლური განათლების მქონე, ნაკლებად კომპრომეტირებული და შედარებით “დავარცხნილი” ფიგურა. ასე რომ, მთავარი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და, შესაბამისად, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.




