“შაბათის ეთერის” წყაროს ცნობით, უცხოელი ინვესტორების მიერ ნაყიდი 7 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწა, 2 ათასზე მეტი საცხოვრებელი და 1300 კვადრატული საზაფხულო ფართები, კიდევ 4 ნაგებობასთან ერთად, ვანო ჩხარტიშვილის სარგებლობაშია.
დოკუმენტების თანახმად, მდიდრული სასახლე, ჩინური CEFC-ის საკუთრებაა. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ფოთის ინდუსტრიულ ზონაში 150 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, ხალხი დაესაქმებინა და ქვეყნისთვის სარგებელი მოეტანა, თუმცა დღეის მონაცემებით, ევროაზიური ჯგუფი საქართველოდან წასულია, მათ სრულად დატოვეს ფოთის თიზიც, ისინი გაკოტრებულად გამოაცხადა თავად ჩინეთის რესპუბლიკამაც. CEFC-ის მფლობელი კი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა.
ერთადერთი, რაც ჩინური კორპორაციისგან საქართველოში დარჩა, მთაწმინდის პლატოზე აშენებული ბუნებრივ ქვაში ჩასმული კოშკებიანი სასახლეა, რომელსაც რეალურად ივანიშვილის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ბიზნესმენი განკარგავს. დოკუმენტებით დასტურდება, რომ გერმანული ბრენდის ბოლო მოდელის ავტომობილი, რომელიც “შაბათის ეთერმა” სასახლიდან გამოსვლისას გადაიღო, ჩხარტიშვილის ცოლის, ნანა გოთუას სახელზეა რეგისტრირებული. ამასთან, ფუნიკულიორის ქუჩაზე მცხოვრებლებიც ყოველდღე ხედავენ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენი, დაცვის სამსახურის ესკორტით, სწორედ ამ მისამართიდან გადაადგილდება.
“შაბათის ეთერი” შეეცადა დაედგინა, რის საფუძველზე მიიღო ვანო ჩარტიშვილმა უცხოელი ინვესტორების კუთვნილი უძრავი ქონება, თუმცა ბიზნესმენმა “ტვ პირველის” კითხვებს არ უპასუხა.
ჩხარტიშვილთან შესახვედრად ჟურნალისტი მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც 8 ივლისს, 15 საათსა და 50 წუთზე, მოსკოვიდან ჩამოფრენილ ბოინგში სწორედ ვანო ჩხარტიშვილი იჯდა. საბოლოოდ, ვანო ჩხარტიშვილმა აეროპორტი სრულიად სხვა გასასვლელიდან დატოვა.




