“რისი სიგნალია სპეცრაზმელების დაკავება? – ვფიქრობ, შუა დერეფანთან უნდა იყოს კავშირში” – შოთა დიღმელაშვილი

20
Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი:
რისი სიგნალია სპეცრაზმელების დაკავება?
პირველ რიგში უნდა ითქვას, აღძრული საქმეები არ ყოფილა იზოლირებული შემთხვევები
ეს იყო სისტემური დანაშაული – მარკირების გარეშე გამოყვანილი სპეცრაზმელებით, წინასწარ მომზადებული საწამებელი ინფრასტრუქტურით (გამოშიგნული მანქანები და ა.შ.) და აქციების შემდეგ ადამიანებთან, მათი ოჯახის წევრებთან ზარებითა და სახლთან ჩასაფრებებით.
დარბევებს ჰყავდა არა ორი და სამი, არამედ ასეულობით მსხვერპლი და პროცესი ისე იყო დაგეგმილი, რომ სასტიკად გასწორებოდნენ მოქალაქეებს.
ამისთვის არავინ დასჯილა და არც დაისჯება.
თუმცა საინტერესოა, რისთვის გახდა საჭირო უკვე გათავისუფლებული პაიკებზე ხელის გაწმენდა?
შეცდომა იქნება ამის განხილვა ფართო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ეს მოვლენა საინტერესოა დასავლეთთან რეკონსილიაციის უხეირო მცდელობის ფონზე – იქნება ეს ზელენსკის, რუსი ჯაშუშის თუ სხვა ეპიზოდები.
პირადად, ვფიქრობ, შუა დერეფანთან უნდა იყოს კავშირში – ამ ლოჯისტიკური კვანძიდან ამოვარდნა მმართველი ელიტებს დიდ რესურსს დააკარგვინებს, რისი ნაწილიც ისევ ძალაუფლების განმტკიცებაში ინვესტირდებოდა.
კავკასიის ომი დამთავრდა, უკრაინის ომიც მალე დამთავრდება, შესაბამისად დამთავრდება ჩვენი ხეირი და ეკონომიკური ზრდაც, რომელიც არანაირ სხვა სტრუქტურულ ფაქტორზე არ დგას.
ავტორიტარული რეჟიმი კი ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით – ურესურსო ეკონომიკებში.
ამ ფონზე აქედან გაშვებულია არა რეკონსილიაცია-ინტეგრაციის სურვილის სიგნალი (ამას მეტი სჭირდება – კონკრეტული რეფორმები EU კანდიდატობის პირობებიდან), არამედ დეზინტეგრაციის ნორმალიზაციის სიგნალი – თქვენიანი არ ვიქნებით, მაგრამ ტრანზაქციულები შეგვიძლია ვიყოთო.
თუმცა არა მგონია ამან რამე შედეგი გამოიღოს, სომხეთ-აზერბაიჯანის დათბობის პირობებში დასავლეთისთვის საქართველოს დერეფანი იმდენად ღირებული არაა, რომ თავი დაიმციროს.
ვფიქრობ, დასავლეთიდან სიტყვიერი პასუხი არ იქნება. აქაურ სიგნალებზე საპასუხო სიგნალს გამოუშვებენ – ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიზნობრივ სანქციებს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის