მეუფე სტეფანე – როცა შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, მათგან უნდა გქონდეს მხარდაჭერა, რომ დანაშაულები აღიარებულია – პატრიარქი შიო რომ იტყვის, „შევიწყალოთ“, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ „აი, ჩვენ გავიმარჯვეთ“

მე ვფიქრობ, კარგი სვლაა, როდესაც ისეთ ადამიანებს[სპეცრაზმელებს], ვინც გადასცდა ზომიერებას, მოსთხოვეს პასუხი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც პიროტექნიკას ისროდა და ვინც, პოლიციელს ხელს გაარტყამს არ იყოს პასუხისგებაში მიცემული, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცავების დაკავებაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს, უნდა მიმართოს თუ არა პატრიარქმა შიომ ხელისუფლებას აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების მოთხოვნით. მეუფე სტეფანეს თქმით, პატრიარქი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ადამიანები, რომელთა გათავისუფლებასაც ხელისუფლებასთან მოითხოვს, სახელმწიფოებრივად იმოქმედებენ.

„მე უწმინდეს შიოს მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ჩემს პოზიციას ვიტყვი: როდესაც შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, იმ ადამიანებისგან უნდა გქონდეს იმის მხარდაჭერა, რომ ის დანაშაულები, რაც მოდა, აღიარებულია. მე რომ ვარ შუამავალი, კრიმინალი გამოუშვი, ამას არ უნდა ვეუბნებოდე ხელისუფლებას, ამასთანაც უნდა დავილაპარაკო, იმასთანაც და აქედან სინანული უნდა დავინახო და იქიდან მიმტევებლობა და მაშინ მოხდება შერიგება. სხვანაირად როგორ? თუ ისინი გამოვიდნენ და იტყვიან: აი, ჩვენ გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ, ვინ იქნება ამის მიზეზი? – ახალი პატრიარქი შიო, რომელმაც მათ ასეთი ფუფუნება მოუწყო. მერე პატრიარქ შიოს სხვები არ ეტყვიან, რომ ეს ხალხი რა დღეშია? რომ მოსთხოვე გათავისუფლება, ნახე რას აკეთებენ. რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რომ მეუფე შიო უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოებრივად იმოქმედებენ და გარკვეული კონსენსუსი უნდა მოხდეს ძალოვნებსა და ამ ადამიანებს შორის, რათა არ მოხდეს კვლავ დაპირისპირება და ჩხუბი. პატრიარქი შიო რომ იტყვის, რომ შევიწყალოთ, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ეკლესიის გამოყენება უკეთური მიზნებისთვის არავის არ უნდა შეეძლოს. ყველას არ სჭირდება თავისი ზომა და წონა და როდესაც ეს ყველაფერი მშვიდობით და სიყვარულით არის, მაშინ შეიძლება დაელაპარაკები ადამიანს, შეგეცოდება, ეცდები რაღაც გააკეთო, დაეხმარო, ოღონდ იმისგან უნდა გქონდეს გარანტია, რომ რომ გამოუშვებ, რაღაც თავხედობას არ ჩაიდენს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ – გულითადად ვულოცავთ უწმინდეს შიო III-ს – ეკლესიის წინაშე დგას საჭიროება სიბრძნით აღსავსე განახლებისა, რათა კვლავაც შეასრულოს ისტორიული როლი, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელმა ძალამ და იდენტობის მყარმა საყრდენმა