რა მასშტაბით არის “ვაილდბერიზი” საქართველოში და ვინ მონაწილეობს მის სარეკლამო კამპანიაში?

ქართველი ინფლუენსერები, მსახიობები, ტელეწამყვანები ენერგიულად ჩაერთნენ ონლაინვაჭრობის რუსული პლატფორმის, Wildberries-ის სარეკლამო კამპანიაში. უკრაინის დასანქცირებული კომპანიის ბანერები გამოჩნდა თბილისისა და ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტზეც.

მართალია, Wildberries-ის პლატფორმა, 100-მდე გაცემის პუნქტით, საქართველოში 2024 წლიდან მუშაობს, ხოლო 2025 წლიდან ამ ონლაინმაღაზიას საქართველოში წარმოებული პროდუქტების ნუსხაც დაემატა, ქართველი ინფლუენსერები კომპანიის სარეკლამო კამპანიაში, ბოლო პერიოდში ჩაერთნენ.

პატარ-პატარა ვიდეოები სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინული საჰაერო თავდასხმების სამიზნედ იქცნენ Wildberries-ის საწყობები და ლოგისტიკური ცენტრები მთელი რუსეთის მასშტაბით.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების საპასუხო ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ Wildberries-ის საწყობებს რუსეთი სამხედრო დრონებისა და სხვა აღჭურვილობის კომპონენტების გადასაზიდად იყენებს. ეს მან 18 ივლისს თქვა, მას შემდეგ, რაც მოსკოვის ოლქის ელექტროსტალსა და ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, 18 ივლისის ღამეს, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე უკრაინული დრონების საჰაერო შეტევა განხორციელდა.

კომპანია Wildberries, რომელსაც რუსულ Amazon-საც ეძახიან, უკრაინის სანქციების ქვეშ 2021 წლიდან მოექცა. მაშინ, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერით ძალაში შევიდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიისა და მასთან დაკავშირებული პერსონების წინააღმდეგ.

უკრაინა აცხადებდა, რომ Wildberries უკრაინის ბაზარზე მიღებული შემოსავლებიდან გადასახადებს რუსეთის ბიუჯეტში იხდიდა, სისტემატურად არღვევდა უკრაინის კანონმდებლობას და პლატფორმაზე ავრცელებდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ და პროპაგანდისტულ გამოცემებს, რის გამოც ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ შეფასდა.

უკვე 2026 წელს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა Wildberries რუსეთის სამხედრო მომარაგების ინფრასტრუქტურასთანაც დააკავშირა. 27 ივლისის განცხადებით, პლატფორმაზე კვლავ იყიდებოდა რუსი სამხედროებისთვის გამოსადეგი ნივთები, მათ შორის ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, FPV-დრონები და მათი კომპონენტები, რაციები, სამხედრო აფთიაქები და ტაქტიკური აღჭურვილობა – მიუხედავად იმისა, რომ Wildberries-მა კატალოგიდან წაშალა სპეციალური მონიშვნა „ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ და ეს პროდუქტები სხვა კატეგორიებში გადაანაწილა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)