პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, უსაფრთხოების სამსახურისა [SBU] და სამხედრო დაზვერვის [GUR] თანამშრომლებს შორის მომხდარი სროლის შემდეგ საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, უსაფრთხოების სამსახურისა [SBU] და სამხედრო დაზვერვის [GUR] თანამშრომლებს შორის მომხდარი სროლის შემდეგ საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვა.
🔻 მისი თქმით, ამჟამად გენერალური პროკურორი და სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო მომხდარის გარემოებებს არკვევენ, ორივე სპეცსამსახურში კი შიდა გამოძიება უნდა ჩატარდეს. როგორც მან საღამოს ვიდეომიმართვაში აღნიშნა, SBU-სა და GUR-ის ხელმძღვანელებმა ინციდენტის მონაწილეების მიმართ საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ:
💬 “კიევში SBU-სა და GUR-ის ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის მომხდარ დღევანდელ აბსოლუტურად სამარცხვინო სიტუაციასთან დაკავშირებით, ვესაუბრე გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს. გენერალური პროკურორი და სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო მომხდარის ყველა დეტალს დაადგენენ.
ნაბიჯ-ნაბიჯ შემოწმდება ამ ისტორიის მონაწილეთა ყველა ჩვენება, განცხადება და მთელი ვითარება. უნდა დადგეს პასუხისმგებლობა, მათ შორის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მხრიდან საკადრო გადაწყვეტილებების სახით ინციდენტის მონაწილეების მიმართ, და ორივე უწყებაში უნდა ჩატარდეს შიდა გამოძიება. აქ, უკრაინაში, სროლა მხოლოდ რუსი ოკუპანტების მიმართულებით შეიძლება, უკრაინის დასაცავად. სხვა ნებისმიერი ორმხრივი სროლა ჩვენი სახელმწიფოს მიერ არასოდეს იქნება აღქმული ისე, თითქოს ეს ვინმესთვის ნებადართული იყოს” | აცხადებს ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.
🔴 კიევში დღეს, 2 სექტემბერს, საგამოძიებო მოქმედებების დროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა