ოპოზიცია: “ოცნება” ხალხს დასცინის

მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად, ქსელურ მარკეტებში პირველადი მოხმარების 15 პროდუქტზე ფასდაკლებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან და ხალხის დაცინვას უწოდებენ.

“ლელო – ძლიერი საქართველოს” საორგანიზაციო მდივანი, თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ “მოქალაქეების საშინლად, სამარცხვინოდ დაცინვაა, რომ ხუთი თვე საქართველოს მთელმა მმართველმა სისტემამ ახალი ტიპის ფასდაკლებების შემოღებაში გაატარა”.

სუპერმარკეტებს კობახიძის დაბადებამდეც ჰქონდათ ფასებზე ფასდაკლებების სისტემა და კიდევ დიდი ხანი ექნებათ, რაც აღარ იარსებებს. აბსოლუტური მარაზმია და საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთხელ საშინლად, სამარცხვინოდ დაცინვა არის, რომ ხუთი თვე საქართველოს მთელმა მმართველმა სისტემამ თურმე გაატარა იმაში, რომ ახალი ტიპის ფასდაკლებების  სისტემა შემოეღოთ სუპერმარკეტებს საქართველოში. 

მე მგონი, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე კარგად ხვდებიან, რაში ცხოვრობენ და რასთან აქვთ საქმე, რომ 15 პროდუქტის კალათა არის დაცინვა, განსაკუთრებით დაცინვა იმ ადამიანების, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ასეთი არის ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა,” – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ფასების დაკლების უნარი არ აქვს და “ფასდაკლებას და შეღავათს ასაღებენ როგორც ფასების დაკლებას”.

მისივე თქმით, ფასდაკლებები მარკეტების კეთილი ნებაა და გრძელვადიანი ვერ იქნება.

აქ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობს იმას, რომ მათ არ აქვთ უნარი ფასების დაკლების, ასევე არ აქვთ იმის უნარი, რომ სტაბილურობა შეინარჩუნონ პირველად პროდუქტებზე, ვინაიდან ყოველდღიურად იზრდება ფასები და შემდეგ ამ გაზრდილ ფასზე რაღაც ფასდაკლებას და შეღავათს ასაღებენ როგორც ფასების დაკლებას. 

საქართველოს ყველა მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე, დაახლოებით 5-დან 15 პროცენტამდე, გაზრდილია ფასი. ეს ეხება ყველა ოჯახს, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა. ის, რასაც ახლა მარკეტები და საცალო ვაჭრობის ქსელები აკეთებენ, ეს არის მათი კეთილი ნება და ეს ვერ იქნება გრძელვადიანი,” – ამბობს თენგო თევზაძე. 

მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი – განცხადება ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გააკეთა.