განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის დეტალებს ამ დრომდე სამართალდამცავები იძიებენ. ბრალდებული გოგიტა ელიაძე ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაელოდება გამოძიების დასრულებას და სასამართლოს ვერდიქტს. მას მოუწევს მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა – რატომ გაიმეტა ასე სადისტურად მოსაკლავად მეზობელი ქალი.
შემზარავი დანაშაული 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოხდა. 63 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძე, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას 60 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, რის შემდეგ მკვლელი ბინიდან გაიქცა. მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, 28 აგვისტოს, გვიან ღამით, ბრალდებული გოგიტა ელიაძე გიორგაძეების ბინაში ფანჯრიდან შევიდა, მას სახლში გაყიდული თხილის თანხა ეგულებოდა. სავარაუდოდ, მამაკაცის ბინაში შესვლა საძინებელში მყოფმა ქალმა გაიგონა, მან იცნო დამნაშავე…
ბრალდებულს ფული არ წაუღია, ის ისე გაიქცა, რომ შემთხვევის ადგილზე უამრავი კვალი დატოვა. უფრო მეტიც, ადგილობრივების ინფორმაციით, ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ელიაძე ჭირისუფლისა და მეზობლების გვერდით ტრიალებდა და ისე იქცეოდა, თითქოს წუხდა მომხდარზე. თუმცა ბინაში დატოვებული მტკიცებულებების შესწავლამ პოლიცია მასთან მიიყვანა. როგორც მოკლულის ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ტრაგედიის ადგილზე აღმოჩენილ ხელთათმანზე ბრალდებული კაცის დნმ აღმოჩნდა.
ადგილობრივების თქმით, ბრალდებული ადრე ნასამართლევია. ის ერთხელ მეზობლის სახლის ქურდობის ბრალდებითაც დააკავეს, თუმცა საპყრობილე მაშინ მალე დატოვა. მოკლულის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ქალმა მეზობელი ამოიცნო და სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა მკვლელი მსხვერპლს ასე სასტიკად.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა”, – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოფიციალურად რა ვერსიაზე მუშაობს თავად პოლიცია, რატომ ჩაიდინა ბრალდებულმა განზრახ მკვლელობა, ეს დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მარგო ზოიძე-გიორგაძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ქალი უკვე დაკრძალეს. ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ მოკლული ქალის ოჯახის წევრები და მეზობლები. ბრალდებულის ბინას სამართალდამცავები იცავენ, თუმცა მომხდარით შეძრულმა ერთ-ერთმა ჭირისუფალმა ბინაში შეღწევა და ნივთების დამტვრევა მაინც შეძლო. ჭირისუფალი თვლის, რომ ბრალდებულს უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.
ჩვენ დავუკავშირდით მოკლული ქალის მაზლს, ტარიელ გიორგაძეს, სწორედ მან გვიამბო მომხდარის დეტალები.
ტარიელ გიორგაძე: – ჩემი რძალი იმ საბედისწერო დღეს სახლში მარტო იყო. ჩემი ძმა გომისმთაზე მუშაობდა. რძალი ძალიან მეოჯახე, მშრომელი, პატიოსანი, ღირსეული ადამიანი იყო. ასეთი ადამიანი ვერაგულად, ბარბაროსულად მოკლა სისხლისმსმელმა მკვლელმა. 60 ჭრილობა მიაყენა, დაჩეხილი დატოვა და თვითონ გაიქცა ტრაგედიის ადგილიდან. დანაშაული კორპუსის ბინაში მოხდა. ბინა პირველი სართულზეა. ცივსისხლიანი მკვლელი მეზობლად ცხოვრობს, გვერდით კორპუსში. დაახლოებით, 10 მეტრის რადიუსშია მკვლელის ბინა. ჩემი რძლის გაშლილ სუფრაზეა გაზრდილი ეს გარეწარი, ოჯახში მოდიოდა ხოლმე. ფულის სესხება იყო თუ სხვა სახის დახმარება, ჩემი ძმის ოჯახი ყველანაირად გვერდში ედგა. არაკაცმა კი ასე სადისტურად მოგვიკლა ჩვენი უაღრესად მშრომელი მარგო.
– ამბობენ, რომ თქვენმა რძალმა წინა დღეებში გაყიდა თხილი და სახლში ჰქონდა 5000 ლარი და ამ თანხის გამო მოკლა მან ქალი… ხომ არ ფიქრობთ, რომ მარგომ მის სახლში შესული მამაკაცი იცნო და ამას მოჰყვა მკვლელობა?
-სოფელში ცხოვრობდნენ ჩემი ძმა და რძალი. ბუნებრივია, სოფლის მეურნეობასაც მისდევნენ. სოფელში ზოგი თხილს ყიდის, ზოგი რაღაცას, ზოგი მუშაობს სადღაც და თავის ნაშრომს აგროვებს. ჩემს რძალსაც გარკვეული რაოდენობის თანხა ჰქონდა სახლში – სულ 5300 ლარი. ეს ფული ბინიდან წაღებული არ არის, ეტყობა ვერ მოასწრო წაღება მკვლელმა. როგორც ჩანს, ჩემმა რძალმა საყაჩაღოდ შესული მეზობელი იცნო და ამას მოჰყვა სადისტური მკვლელობა. 60 ჭრილობა აქვს მიყენებული, ბოლოს ყელში არტერიაც კი გადაუჭრა…. ბარბაროსი, მანიაკი, არც კი ვიცი, რა სახელი ვუწოდო…
– მეზობლები ამბობდნენ, რომ ქალი შველას ითხოვდა, მათ ხმები ესმოდათ… რატომ არ მიეშველა არავინ?
– ეს არის მჭიდროდ დასახლებული უბანი. ოთხი კორპუსია და დაახლოებით, 20 მეზობელი. ვიცით, რომ ზედა მეზობელმა გაიგონა მარგოს ხმა. ქალბატონი ჩამოვიდა ქვემოთ და ნახა, რომ ბინაში შუქები გათიშული იყო. ჩემი ძმის სახლის კართან მივიდა, დაუკაკუნა და რა გჭირსო? – დაუძახა. იქიდან მარგომ ისევ შველა ითხოვა, აუხსნა – იატაკიდან ვერ ვდგები და დამეხმარეო. რკინის კარი იყო შიგნიდან ჩაკეტილი და ეს ქალბატონი გარედან ვერ გააღებდა მას. წავიდა გვერდით კორპუსში, გააღვიძა მეზობლები და ორი მათგანი მოიყვანა დასახმარებლად – ისინიც ქალბატონები იყვნენ. როცა მოვიდნენ, ბინიდან ხმა უკვე აღარ ისმოდა. ანუ მკვლელი ეტყობა უკვე გაქცეული იყო. იფიქრეს, აქ არაფერი ხდებაო. ამ ქალს არ დაუჯერეს, ვინც ეს ამბავი მათ გააგებინა და წავიდნენ. მეორე დილით, დილის რვა საათზე ხელმეორედ რომ მოაკითხეს მარგოს და ბინიდან ისევ ხმა რომ არავინ გასცა, ამის შემდეგ ატეხეს განგაში, გამოიძახეს სამაშველო, პოლიცია და გაირკვა, რაც მოხდა.
– იმ დღესვე რატომ არ მიმართეს პოლიციას?
– არ ვიცი , რა გითხრათ. გულგრილობა სახეზეა. იქნებ გადარჩენილიყო მარგო, რატომ მოიქცნენ ასე, დღემდე აუხსნელია. გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი ამაზე…
ქალი, რომელიც მეზობლებთან გადავიდა და ეს ამბავი მათ მოუყვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ეტყობა მისი ნათქვამი არ მიიღეს სარწმუნოდ, არ დაუჯერეს, მაგრამ როდესაც დილის რვა საათზე ხელმეორედ მოვიდნენ, დაიწყეს ტელეფონზე რეკვა, ბინიდან ზარის ხმა ისმოდა და რომ ისევ არავინ უპასუხა, ამის შემდეგ მიმართეს ზომებს…
საოცრად კარგი ადამიანი იყო მარგო. ექვსი შვილის გამზრდელი დედა. ჩემმა რძალმა აღზარდა ოთხი ობოლი შვილი და ორი კიდევ საკუთარი ბიოლოგიური შვილი. ყველა ვაჟკაცურად გაზარდა. ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სოფელში.
– დანაშაული რამდენიმე დღეში გახსნეს სამართალდამცავებმა, როგორ მიაგნეს ბრალდებულს?
– გამოძიებამ ოპერატიულად იმუშავა, მართლა თავდაუზოგავად იშრომეს, დღე და ღამე გაასწორეს, რომ ეს საქმე როგორმე გახსნილიყო. სამართალმა იზეიმა და დღეს ცივსისხლიანი მკვლელი გოგიტა ელიაძე დაკავებულია. ის შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ასე ვერაგულად, ენით აღუწერელი სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმა ჩემი რძალი მარგო ზოიძე. მკვლელის სახლი დაცლილია და პოლიცია იცავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩამოიშალოს იქ ყველაფერი…. პირადად ჩემმა ძმამ, ზაურ გიორგაძემ მიიტანა მასზე ეჭვი და ბრალი დასდო. პირდაპირ თქვა თავის მეზობელზე – ამან მომიკლა ცოლიო.
– რატომ მიიტანა ეჭვი?
– ბევრ ცუდ საქმეში იყო ის შემჩნეული, ბევრი კონფლიქტიც ჰქონდა მათთან, მაგრამ მეზობლური და უმნიშვნელო. ჩემმა ძმამ იცოდა, რა პიროვნებაც იყო. მკვლელს ნარკოტიკებთან შეხებაც ჰქონდა.
– თქვენ ამბობთ, რომ ყველასთან და მათ შორის თქვენს რძალთანაც ჰქონდა მას კონფლიქტი – ეს ხომ არ არის შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაული?
– მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილება იყო მათ შორისაც, შემდგომში სიტუაცია დალაგდა, ესალმებოდნენ ერთმანეთს. მკვლელი 47 წლისაა. სავარაუდოდ, ის ფანჯრიდან შევიდა ბინაში. ჩემი რძალი საძინებელ ოთახში იყო, ეძინა. მკვლელმა ყველაფერი იცოდა – სად რა იყო, შუქი საიდან ითიშებოდა ბინაში. გადმოვიდა ფანჯრიდან, შევიდა მისაღებ ოთახში, მერე სამზარეულოში, ეს ორი ოთახი გაერთიანებულია და გვერდით არის საძინებელი. ბინაში შესვლის შემდეგ პირველ რიგში, გათიშა შუქები, “რუბილნიკიდან”. სავარაუდოდ, ჩემმა რძალმა ხმა გაიგო და ჩამოგლიჯა ნიღაბი….მერე რა მოხდა, ღმერთმა იცის…
ბევრი კვალი დატოვა ტრაგედიის ადგილას მკვლელმა. სისხლიანი ხელთათმანები და დანაც არ წაუღია. მოკლულს ხელში ჰქონდა მკვლელის თმა, ეტყობა წინააღმდეგობას უწევდა. ბრძოლა რამდენ ხანს გაგრძელდა და როდის დადგა სიკვდილი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. სავარაუდოდ, ღამის 05:24 საათზე უკვე იცოდნენ მეზობლებმა რომ მარგო შველას ითხოვდა. დილის რვა საათამდე სამი საათი დაიკარგა.
–თქვენს ძმასთან არავის დაურეკავს?
– მეორე დილას, როცა ხელმეორედ მივიდნენ მეზობლები და ხმა არავინ გასცა ბინიდან, დარეკეს ჩემი ბიძაშვილის მეუღლესთან.სხვათა შორის, მასთან რეკავდნენ 05:24 საათზეც… მან დაურეკა ჩემს ძმას და უთხრა – ასეთი მდგომარეობა არისო და სთხოვა მარგოს ძმის ტელეფონი, რომ დროულად ენახათ რა ხდებოდა ბინაში. ჩემი ძმა შორს იყო და გზაში დრო დასჭირდებოდა. ამიტომ მარგოს ძმა, ბადრი ზოიძე შვილთან ერთად გურიანთადან მივიდა სახლში. ფანჯარა ღია იყო. მარგოს ძმისშვილმა კახა ზოიძემ ფანჯრიდან გადაიხედა ბინაში და დაინახა საშინელი სურათი – მოკლული სისხლში ცურავდა და ყელგამოჭრილი იყო. 112-ში დარეკეს, მოვიდა სასწრაფო პოლიციის თანხლებით. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და კახა ზოიძე ფანჯრიდან გადავიდა და გააღო.
– მოკლული საძინებელ ოთახში იპოვეს?
– არა, საძინებელი ოთახიდან რომ გამოვიდა, მეტრ-ნახევარი აქვს გავლილი, მისაღებ ოთახშია მოკლული. ეტყობა, იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. სავარაუდოდ, იცნო, შეებრძოლა ან შეიძლება, ნიღაბი მოხადა.
– დამნაშავე ნასამართლევია?
– ნასამართლევია ნარკოტიკის მოხმარებაზე და მე მგონი ნარკოტიკის გადაზიდვისთვისაც იხდიდა სასჯელს. დაახლოებით, სამი წელი იჯდა ციხეში. მის წინააღმდეგ, როგორც ვიცი, ბევრი სამხილი არსებობს ამ საქმეში. ექსპერტიზები დანიშნულია და სხვა მტკიცებულებებიც დაემატება. ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები უკვე არსებობსო, – გვითხრა ოზურგეთის პოლიციის უფროსმა. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ხალხი ლინჩის წესით გასამართლებასაც ითხოვს. მაგრამ ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ და გვჯერა რომ მას უვადო პატიმრობას მიუსჯიან… როგორც ვიცი, მკვლელს ორი დანა ჰქონდა.
ჩვენ გავესაუბრეთ მოკლული ქალბატონის შვილსაც, რომელმაც დამნაშავის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
“რატომ მომიკლა დედაჩემი… ასეთი სისასტიკე გაგიგიათ? საშინელებაა, როცა დედას ასე წამებით მოგიკლავენ. გული მეწვის. არადა განაწყენებული არავინ ჰყავდა, ყველას ეხმარებოდა, ლუკმაპურს უყოფდა. ფულის წაღება ალბათ, ვერ მოასწრო… ორი დანით არის დედა მოკლული. მკვლელს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს”, – ამბობს მოკლულის შვილი.
„ჩემი დის მკვლელი, რომელიც იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო, თურმე ეგ იყო გადამხტარი და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა. მადლობა ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებს“, – დაწერა სოციალურ ქსელში მანანა გირკელიძემ.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მისცა თუ არა მან რაიმე ჩვენება გამოძიებას, რას ამბობს ის მომხდარზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.




