რა ხდება “ოცნებაში” და არის თუ არა მოსალოდნელი დიდი ცვლილებები მთავრობაში?! – ირაკლი მელაშვილის ანალიზი

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილის გამოქვეყნებიდან ზუსტად ერთ კვირაში მისთვის ახალი ბრალის წაყენებამ და წაყენებიდან სამ დღეში მამუკა მდინარაძის სახლში წასვლამ გააჩინა ვარაუდები, რომ რაღაც ხდება “ოცნებაში”…

გადატყდა თუ არა ჯოხი მხოლოდ მდინარაძეზე, რა პროცესები დაიწყო “ოცნებაში”, ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.

– ბატონ მდინარაძეს უდევს პოსტი, რომ გადადგომის წინადღეს შეხვდა რამდენიმე გუბერნატორს და რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროებები მიმოიხილეს. იქვე წერს, რომ გუბერნატორებთან შეხვედრები დაასრულა და ახლა ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრა იგეგმება.

მეორე დღეს კი თურმე უნდა დავიჯეროთ, რომ შევარდა ბიძინასა და კობახიძესთან, მოითხოვა გადადგომა, ისინი არ ანებებდნენ, მაგრამ ამან დაიჟინა და დაუმტკიცა, რომ საქმისთვისაც და მისთვისაც ასე უკეთესია. მოკლედ, სრულ აბსურდში ვართ… როგორც ჩანს, სიმართლე ისაა, რომ წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა ახსენა, სწორედ მდინარაძეს ეკუთვნის. სავარაუდოდ, მათ ბიძინასთვის ეს არ ჰქონდათ ნათქვამი, ან აღებული ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ღარიბაშვილის დაჩაგვრას ხმაური არ მოჰყვებოდა. თუმცა, რადგან მაინც მოჰყვა, ცნობილი ქართული მულტფილმისა არ იყოს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს ხომ ვერ დასჯიდა, ამიტომ დაისაჯა მამუკა მდინარაძე და გადადგომაც მას მოსთხოვეს. ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რადგან ეს “ოცნებისთვის” დიდი სკანდალია. ვიღაცას ამაზე პასუხი უნდა მოჰკითხონ და ცხადია, არა ივანიშვილს.

– რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერში კობახიძეს? მდინარაძე მასთან შეთანხმებით მოქმედებდა თუ მის გარეშე?

– დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ ლოგიკას მივყვებით, ღარიბაშვილის სკანდალს მდინარაძე მსხვერპლად შესწირეს. ეს კობახიძის გადასარჩენად გაკეთდა თუ თავად კობახიძემ სცადა ამ საშუალებით მდინარაძის მოშორება, არ ვიცი. მდინარაძეს არც დაუმალავს, რომ ივანიშვილს შეხვდა – თქვა კიდეც, სამნი შევხვდით ერთმანეთსო. ვიმეორებ, კაცი, რომელიც გუშინწინ გუბერნატორებს შეხვდა და რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ პოლიტიკის სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავდა, მეორე დღეს გავარდეს და არიქა, გადადგომა მინდაო, თქვას, ამას ჭკუათამყოფელი ძნელად თუ დაიჯერებს.

მდინარაძე არის კაცი, რომელსაც პოლიტიკაში ყველაფერი აკადრებინეს: შემოატანინეს “რუსული კანონი”, ანტილგბტ კანონი და საკუთარი პირობა გაატეხინეს. ის იყო უთავმოყვარეო პაიკი, რომელსაც იქ ისროდნენ, სადაც “სიბინძურე” იყო გასაკეთებელი. მაგალითად, ის იდგა მახინჯი საპროცესო შეთანხმებების სათავეებთან, რითაც ხელისუფლება ხალხზე სასურველ ჩვენებებს იღებდა. მისი ბედი მხოლოდ ივანიშვილზე იყო დამოკიდებული, რომელმაც ერთ დილასაც ჩათვალა, რომ ეს კაცი აღარ სჭირდება და მოიშორა.

მიკვირს, რომ ამ 35 წლის განმავლობაში პოლიტიკოსებმა ვერაფერი ისწავლეს. ვერ ხვდებიან, რომ მონასავით მსახურებით მომავალს იღუპავენ და მათ საბოლოოდ ერთი წკიპურტით იშორებენ. მიუხედავად ამისა, ძველი ლიდერების “ჩარეცხვის” შემდეგ, მათ ადგილას ახლა უკვე ახალი თაობა (გორდულაძეები, მაჭავარიანები) მოდის. არადა, ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული, ამ ყველაფერს ყოველთვის ერთი და იგივე დასასრული აქვს.

– როგორ გგონიათ, ივანიშვილმა არ იცოდა, რას აპირებდნენ და ღარიბაშვილის წერილებიდან გაიგო?

– ყველაზე მარტივი ლოგიკა ისაა, რომ ამ ბიჭებმა ღარიბაშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებლად იმოქმედეს, რასაც ივანიშვილის რეაქცია მოჰყვა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილთან მივიდნენ, დაარწმუნეს და პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღეს. ივანიშვილი პოლიტიკას ისევე უყურებს, როგორც ბიზნესს – კობახიძეს თუ მდინარაძეს პოლიტიკურ ფიგურებად კი არა, დაქირავებულ თანამშრომლებად აღიქვამს. გადაწყვეტილების მიმღები, ანუ ბოსი, თავადაა. მისი პრინციპი მარტივია – თუ ინიციატივა გამოიჩინე და შენმა ნაბიჯმა პრობლემები შექმნა, პასუხიც თავად უნდა აგო. ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს, იცოდა თუ არა ეს ივანიშვილმა, თუმცა უფრო მგონია, რომ დაარწმუნეს. ის ჭორებზე ადვილად რეაგირებს და, ალბათ, მორიგი ჭორი მიუტანეს ღარიბაშვილზე. შეიძლება თავიდან ეჭვი შეეპარა, მაგრამ თუ დაარწმუნეს, რომ საფრთხე არ არსებობდა, ეტყოდა, მაშინ პასუხისმგებლობაც თქვენ აიღეთო. საბოლოოდ, როცა პრობლემა შეიქმნა, პასუხისმგებლობა მდინარაძეს დაეკისრა.

როცა ხმაური ატყდა, ვიღაც აუცილებლად უნდა გაეწირათ და ღარიბაშვილმაც მთავარ დამნაშავედ სწორედ მდინარაძე დაასახელა, თანაც მისი გადაყენება ყველაზე მარტივი იყო. პარტიაში ხმასაც არავინ იღებს მის დასაცავად…

– მდინარაძის გადაყენების მიზეზი რა გახდა, ღარიბაშვილის გააქტიურება თუ მისთვის ახალი ბრალის წაყენება? ბრალი რომ არ წაეყენებინათ, მდინარაძე გადარჩებოდა?

– საქმე ასე მარტივად არ არის. ეს მხოლოდ წერილს არ ეხება – ღარიბაშვილის ოჯახს მძიმე პრობლემები შეუქმნეს. ამის მარტივად მიჩქმალვა არ გამოვიდოდა. დამნაშავე იმიტომ კი არ დასაჯეს, რომ მისი ქმედება ამორალური იყო, არამედ იმიტომ, რომ ღარიბაშვილის რეაქცია ვერ გათვალა – უხეშად რომ ვთქვათ, “ვერ ივარგა ბიჭმა”. სწორედ მისი არასწორი გათვლების გამო შეექმნა პრობლემები მთავარ უფროსს. ღარიბაშვილის პირველი წერილი და ბოლო ერთი კვირის მოვლენები მაინც ივანიშვილის ავტორიტეტს ურტყამდა, ამიტომაც მან ის დასაჯა, ვინც ამაში დამნაშავე იყო. ბიძინას ყოველთვის ჰქონდა ერთი მთავარი პრინციპი – „მე ნუ გამხვევთ შარში, საკითხები თავად მოაგვარეთ. კაცი ოფიციალური პოლიტიკიდან სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ასეთი თემები მისი მოსაგვარებელი აღარ ყოფილიყო და მხოლოდ ის ეკეთებინა, რაც სურს, ახლა კი შარში გახვიეს და ამიტომაც დაისაჯა მდინარაძე.

– ციხეში მყოფი ღარიბაშვილი რა პრობლემას უქმნიდა კობახიძეს?

– კობახიძეს სერიოზული პრობლემა აქვს – არ გააჩნია პირადი მხარდაჭერა და ავტორიტეტი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ღარიბაშვილი ანტიდასავლური, ე.წ. პატრიოტული ძალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. რადგან კობახიძეს რაიმე ორიგინალურის შეთავაზება არ შეუძლია და მისი მოქმედების არეალი მკაცრად შეზღუდულია, მან ღარიბაშვილის ამომრჩევლის მიმხრობა გადაწყვიტა. სცადა ღარიბაშვილის მესიჯბოქსს დაჰყრდნობოდა და ამით აემაღლებინა რეიტინგი, თან ისე, რომ თავი ინტელექტუალურ ლიდერად წარმოეჩინა. დაიწყო გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბარი, რაც ერთდროულად კომიკურიცაა და ტრაგიკულიც, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისტორიულ ბოდვაშია გადავარდნილი. საბოლოოდ, ცდა ჩაუვარდა. მდინარაძის, როგორც კობახიძის კადრის, ასე მარტივად მოშორება და მასზე ჯოხის გადატეხა პირდაპირ კობახიძეს ურტყამს. საყოველთაო აზრით, შემდეგი სწორედ ის არის.

ამ ფონზე, „”ოცნების” მეორე ეშელონი – გორდულაძეები, მაჭავარიანები და სხვები უკვე აქტიურდებიან. ხედავენ, რომ ძველი ლიდერებისგან ველი თავისუფლდება და ძალაუფლების გასაყოფად ემზადებიან. დღეს ერთ-ერთის ისეთი ვრცელი პოსტი წავიკითხე, არც ვიცოდი, ამდენი წერა თუ შეეძლო. მოკლედ, “ბავშვები” სტარტზე დგანან და საბრძოლველად ემზადებიან. ჯერ უცნობია, რას შემოგვთავაზებს ივანიშვილი, მაგრამ ყველა სტარტზეა.

– რამდენად არის მოსალოდნელი კობახიძის სახლში წასვლაც?

– ყველაფერი მხოლოდ ივანიშვილზეა დამოკიდებული – ვინ რა ამბავს მიუტანს, რა განწყობაზე გაიღვიძებს და იმწუთას რა თვალით შეხედავს თავის ყოფილ ფავორიტებს.

მართალია, ხმა დადის, რომ კობახიძის გარდა მასთან ურთიერთობა არავის აქვს, მაგრამ ივანიშვილს ყოველთვის ჰყავდა მრჩევლები პარტიის, მთავრობისა და, ზოგადად, პოლიტიკის მიღმა. 2012 წლიდან ასეა – ის პერიოდულად სხვადასხვა ადამიანს ენდობა, მათ, ვინც ოფიციალურ პოლიტიკურ წრეში არ ტრიალებს. ის სწორედ ალტერნატიული წყაროებით აბალანსებს იმ ფაქტს, რომ პარტიიდან მხოლოდ კობახიძესთან აქვს კონტაქტი. ივანიშვილი არასდროს რჩება ერთი კაცის ამარა და როცა სჭირდება, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიებას ყოველთვის ახერხებს.