მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: როგორც ზღვას აქვს თავისი მოქცევა და მიქცევა, ადამიანსაც აქვს თავისი ტალღები

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული:
როგორც ზღვას აქვს თავისი მოქცევა და მიქცევა, ადამიანსაც აქვს თავისი ტალღები. არის აღმასვლა და არის დაღმასვლა, არის ნათელი დღეები და არის მძიმე ღამეები. ის, რასაც ახლა განიცდი, შეიძლება შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს, მაგრამ ის არ არის შენი მთელი ცხოვრება. ადამიანი არ არის მხოლოდ ის, რასაც ამ წუთს განიცდის. ერთი დღე ვერ განსაზღვრავს მთელ ცხოვრებას, როგორც ერთი ტალღა – მთელ ზღვას.
ზოგჯერ სული თითქოს საკუთარ სიღრმეში ჩადის. ის, რაც გარედან წაქცევას ჰგავს, არსებითად შეიძლება იყოს შეჩერება, მდუმარება, საკუთარ თავთან დაბრუნება. შენი ყველაზე დიდი გარდაქმნა სწორედ იმ სიღრმეში ხდება, რომელსაც ვერავინ ხედავს. ამიტომ ადამიანის ცხოვრება გარეგნული აღმასვლითა და სიმაღლით არ იზომება.
ადამიანი არ იკითხება მისი ცხოვრების შუა გვერდიდან, რომ ითქვას: უკვე ვიცით დასასრული. ჩვენ ჯერ კიდევ ერთ აბზაცთან ვართ და უკვე გვინდა მთელი წიგნის შეფასება. მაგრამ ადამიანი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე მისი დღევანდელი მდგომარეობა.
ჩვენ არ ვართ მხოლოდ ის, რაც დღეს ვართ. ჩვენში არის წარსული, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას, მომავალი, რომელიც ჯერ არ დამდგარა და გული, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია შეიცვალოს. ამიტომ არც დღევანდელი სიხარულია ჩვენი საბოლოო სახე და არც დღევანდელი ტკივილი – ჩვენი საბოლოო განაჩენი.
შეიძლება ახლა დაღმასვლაში ხარ. შეიძლება გეჩვენებოდეს, რომ უკან იხევ, რომ დაკარგე ის, რაც ადრე გქონდა, ან ვეღარ ხედავ იმას, რაც წინ გელოდება. ნუ განსჯი საკუთარ თავს და ნურც სხვას იმ წერტილიდან, სადაც დღეს დგახარ ან დგას. გახსოვდეს: დაღმასვლა ცხოვრების ერთი მონაკვეთია და არა მთელი ცხოვრება. ტალღა შეიძლება უკან იხევდეს, მაგრამ ზღვა არსად ქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა