მედია: ვინ შეიტანა სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევში?

ხუთი დღის წინ შევნიშნეთ, რომ შავ ზღვაში, საქართველოს კონტროლირებად წყლებთან ახლოს რუსეთიდან წამოსული ტანკერი იდგა. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით მის გადაადგილებას – გუშინ კი ყულევის პორტში შემოვიდა.

ასეთ დროს, როცა გემი პორტში შესვლას ამდენი დღე ელის, ჩნდება მოლოდინი, რომ მის ისტორიასა და ტვირთის წარმომავლობას პასუხისმგებელი ორგანოები სწავლობენ. ყოველ შემთხვევაში, ამის მოლოდინი კიდევ უფრო მეტად გვაქვს მაშინ, როცა ყულევის პორტსა და “ქართულ ოცნებას” ევროპული მხარისთვის პირობა აქვს მიცემული, რომ საეჭვო გემებით მოტანილ საეჭვო ტვირთს აღარ მიიღებს.

არ ვიცით, როგორ, რა მეთოდებით შეამოწმა ქართულმა მხარემ წყალსმომდგარი ეს გემი. მაგრამ ჩვენ მოგიყვებით, როგორ შევამოწმეთ ჩვენ და რა ვიპოვეთ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ხუთდღიანი ლოდინის შემდეგ, გუშინ ყულევის პორტში შემოსულმა ტანკერმა NEPHIRA-მ, დაახლოებით, 30 000 ტონა რუსული ნავთობპროდუქტი შემოიტანა. ჯერ არ ვიცით, ვინ გამოგზავნა ეს ტვირთი და მიმღები ვინაა. თუმცა, ვიცით, რომ NEPHIRA-მ ეს ტვირთი შუა ზღვაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად წყლებში, მძიმედ სანქცირებული გემიდან არაკანონიერი გზით გადატვირთა.

გემზე გადატვირთვის დასტური
გემიდან გემზე გადატვირთვის დასტური
გემიდან გემზე გადატვირთვის დასტური

NEPHIRA-ს, ოფიციალურად, ნოვორასიისკის პორტში ყოფნა არ უფიქსირდება. 29 მაისს პორტთან ცარიელი მივიდა და მალევე რადარებიდან გაქრა. 1 ივნისს კი პორტთან ახლოსვე დაიტვირთა BOLTARIS-დან ნავთობპროდუქტით. ამ დროს ორივე გემს ტრანსპონდერი უმეტესად გათიშული აქვს და ორივე ერთი და იმავე მეთოდით აყალბებს კოორდინატებს: გადადიან ხმელეთზე და სინქრონულად მოძრაობენ წრეზე.

გადატვირთვის შემდეგ, 2 ივნისის საღამოს 23:10-ზე NEPHIRA ისევ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიიდან გადასცემს სიგნალს და მალევე ქრება რადარებიდან. ამის შემდეგ პირველ სიგნალს საქართველოსთან მოახლოებისას, სოხუმის გასწვრივ, დილის 6 საათზე გადმოსცემს და ოფიციალურად აცხადებს, რომ ცარიელია. 3 ივნისს შემოდის საქართველოს კონტროლირებად წყალში და ამავე დღეს ცვლის დატვირთვის მაჩვენებელს (8.5-დან ხდება 13.2), რაც დატვირთვაზე მიუთითებს.

ტანკერი BOLTARIS (IMO: 9251456) 2025 წლის გაზაფხულიდან სანქცირებულია ევროკავშირის, ბრიტანეთის, კანადის, უკრაინის, შვეიცარიისა და ავსტრალიის მიერ. მან სახელი ექვსჯერ შეიცვალა, დროშა კი ათჯერ.

გემის მფლობელი და კომერციული მენეჯერია TRIDENT SERENITY LTD. მისი მისამართი სეიშელის კუნძულებზეა. ISM მენეჯერია MARITIME MAVEN MANAGEMENT LTD, რომლის მისამართიც გაერთიანებულ საამიროებშია (დუბაი). ოფიციალურ საიტებზე გემის დაზღვევა არ იძებნება.

უკრაინას BOLTARIS საეჭვო საქმიანობაში 2023 წლიდან ჰყავს შემჩნეული. მაშინ ამ გემმა, “როსნეფტის” 30 000 ტონა დიზელი წაიღო რუსეთის პორტ ტუაფსედან (Tuapse) არაბთა გაერთაინებულ საამიროებში. ტუაფსეს პორტში მდებარეობს სანქცირებული კომპანიის, PJSC Rosneft Oil Company-ის კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საზღვაო ტერმინალი.

BOLTARIS გემიდან გემზე გადატვირთვაში აქამდეც არაერთხელ არის შემჩნეული: მაგალითად, 2024 წლის სექტემბერში ტანკერ OSTRIA-სა და SKIRON-ს გადაულოცა ტვირთი.

VesselFinder-ის და Eqausis-ის მიხედვით, NEPHIRA 2009 წელს აშენებული გემია. ახლა  პანამის დროშის ქვეშ ცურავს. ტანკერის მფლობელიც და მენეჯერი კომპანიებიც ბერძნული ELLI SHIPTRADE LTD და STAR MARINE MANAGEMENT INC-ა. NEPHIRA-ს 2026 წლის აპრილიდან აქვს Assuranceforeningen Gard – Norway-ის დაზღვევა. გემს 2025 წლის ივლისამდე ISE PRINCESS ერქვა და ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა. NEPHIRA-სთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელები ცნობილი არ არის, ასევე მათთან დაკავშირებით საეჭვო მონაცემები არ იძებნება.

ამ ამბავზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც მივმართეთ – ტელეფონე გვითხრეს, კითხვები წერილობით გამოგვიგზავნეთო. ასე მოვიქეცით, კითხვები ელ.ფოსტაზე გავუგზავნეთ და საპასუხოდ ერთი საათი მივეცით. ჯერჯერობით, პასუხი არ გაუციათ და თუ რაიმეს გვეტყვიან, მასალას შესაბამისად განვაახლებთ.

მონაცემების დამუშავებაში დაგვეხმარა ალინა ცოგოევა, OCCRP ID-ის უფროსი მკვლევარი.

წყარო