დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ზუსტად 13:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაწყებულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ, რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, ქვეყნის ახალი სულიერი წინამძღოლი გამოავლინა. წმინდა სინოდის წევრებმა, სამღვდელოებამ და ერისკაცთა წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჯერ კიდევ კანდიდატების შერჩევისას ყველაზე მეტი, 20 ხმა, სწორედ მან მიიღო სინოდისგან.
49-წლიანი ეპოქის შემდეგ, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელს უკავშირდებოდა, ეკლესიის მესაჭის კვერთხი მისმა რჩეულმა მოსაყდრემ ჩაიბარა. სამების ტაძრის გარშემო შეკრებილი მრევლი ამ გადაწყვეტილებას ზარების რეკვითა და სიხარულით შეხვდა.
“საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!“- განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანია ჯაფარიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
- დღეს სამებიდან გამოსულ პატრიარქ შიო მესამეს ეზოში უამრავი მომლოცველი ელოდა. ისინი ახალარჩეულ პატრიარქს შეძახილებით შეხვდნენ. “გვიყვარხარ პატრიარქო!”, ისმოდა დღეს სამების ეზოში.
დღის განმავლობაში გავრცელდა უამრავი ფოტო, ვიდეო სამების ეზოდან, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული იყო ბერი ანდრია გეწაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პატრიარქ შიო მესამეს თავისი და, ლელა მუჯირი მხარზე ეამბორება.



პატრიარქობის სამ კანდიდატს შორის საზოგადოებამ ყველაზე მცირე ინფორმაცია შიო მუჯირის შესახებ იცოდა. ბევრი მათგანი დღეს გაიგებს, რომ შიოს ჰყავს და, რომელიც დღეს ძმას სამების ეზოში ელოდა.

ლელა მუჯირი ხუთი შვილის, მრავალშვილიანი დედაა. ის პატრიარქის ერთადერთი დაა. პროფესიით ფსიქოლოგი გახლავთ. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვას გადაცემებს როგორც ფსიქოლოგი, მუშაობს ბავშვებთან, მაგრამ ძმაზე საჯაროდ არასოდეს უსაუბრია.
“ლელა საოცარი ადამიანია, თავმდაბლობა ამ ოჯახის მთავარი ნიშანია, ამ კადრებითაც მიხვდებით როგორი მოწიწება აქვს მისი ძმის მიმართ“ – გვიყვება ოჯახის ახლობელი.




