ვლადიმერ იანკელევიჩი – კავკასიური წისქვილი

ვლადიმერ იანკელევიჩი რუსულენოვანი ებრაელი მწერალია. ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში.

საიტზე https://proza.ru/2021/07/21/1761

გამოქვეყნებულია მისი სცენარი „კავკასიური წისქვილი“, საიდანაც გთავაზობთ ფრაგმენტის თარგმანს. News.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ავტორი მოსურნე იქნებოდა, ქართველ კინემატოგრაფისტებს გამოეჩინათ ყურადღება მისი ნამუშევრის მიმართ.

 

კავკასიური წისქვილი

 

უფლის წისქვილი ნელა ფქვავს საფქვავს,

მაგრამ ფქვავს წვრილად და მოთმინებით;

დოლაბი ბრუნავს და ყველა მარცვალს

მიუჩენს ალაგს დანამდვილებით!

                                    ჰენრი ვოდსვორთ ლონგფელოუ

შესავალი

 

60-იანი წლები. ლონდონი.

 

ლონდონის ნისლიანი დილა. ზრდასრულმა შევარდენმა ფრთები გაშალა და სანადიროდ გაფრინდა. მის ბუდესთან ყველაზე ახლო, ლონდონის ცენტრის სამეფო პარკში, საყოველთაოდ ცნობილ სენტ-ჯეიმსის სასახლის სახურავზე ბუდობდნენ მტრედები – ეს შევარდნის ჩვეული საალაფო ალაგი გახლდათ. აქ, სენტ-ჯეიმსის სასახლეში განთავსებული იყო ჰენრიხ VIII-ის მეორე დედაქალაქური რეზიდენცია, სადაც ცხოვრობდა მისი ქალიშვილი – მარია ტიუდორი, ხოლო დღეს კი აგრერიგად მშვენიერი ნაგებობა წარმოადგენდა უელსის პრინცის რეზიდენციას. მაგრამ შევარდნისათვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა – მან მტრედები ვერ დაინახა. სასახლის მთავარ ფასადზე საათი 9-ს უჩვენებდა, საჭირო იყო აჩქარება – უნდა შეემოწმებინა: იქნებ მტრედები იქვე ახლოს იყვნენ – კინგ-სტრიტზე. მაგრამ იქ, აუქციონის სახლ „კრისტის“ მთავარ ოფისთან ხალხი იყო შეგროვილი. ეს კი შევარდენს არ უყვარდა – ასე საკბილოს ვერ იშოვიდა. მან კვალი დაუტოვა სოლიდურ ბატონს შავ ცილინდრზე და პარკში გაფრინდა.

მზე ვერაფრით ატანდა შუქს დაბურულსა და სქელ ნისლს მიღმა – სადღაც შორს ჩანდა ოდენ ბუნდოვნად ოქროსფერი დისკო. ბოლოს, როგორც იქნა ერთმა სხივმა გაარღვია ნისლი და აელვარდა აფიშის შუშაზე, სადაც იუწყებოდნენ:

„საიუველირო სამკაულების ექსკლუზიური წინარე-სააუქციონო გამოფენა (რუსული კოლექცია). ექსპონატების გაცნობა შეიძლება 10.00-დან 16.00 საათამდე“.

გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია – იმ წლების რუსეთში კარგად ერკვეოდნენ საიუველირო სამკაულებში. დარბაზში შემსვლელს შეეძლო აერჩია რაიმე უნიკალური ნივთი, ხოლო შემდეგ, ვაჭრობის დროს ეცადა გამხდარიყო მისი ბედნიერი მფლობელი, თუ, რა თქმა უნდა, მოცილე არ ეყოლებოდა. პოტენციური მყიდველები მრავლად იყვნენ – სააუქციონო დარბაზი სავსე იყო მშვენივრად ჩაცმული ქალებითა და მამაკაცებით, რომლებიც იმგვარად ბრძანდებოდნენ შემკულნი საიუველირო სამკაულებით, რომ თავისუფლად შეეძლოთ კონკურენცია გაეწიათ თვით გამოფენისათვის.

ვიტრინებს მიუყვება ელეგანტური წყვილი – ჩერდებიან, რათა დეტალურად დაათვალიერონ ექსპონატები.

– ძვირფასო, მე გპირდები…

– მე ეს უკვე გავიგე, ფილიპ, მაგრამ მე არ მსურს ვარსკვლავები ციდან; ჩემთვის საკმარისია ის ბრილიანტის დიადემა.

– მაგრამ, ჩემო კარგო…

– ვიცი; უბრალოდ საჭიროა, ნაკლები ფული წააგო დოღის ასპარეზობებზე…

ისინი აგრძელებენ სვლას.

უეცრად დარბაზში რაღაც ჩოჩქოლია:

– შესაძლებელია, დედოფალიც მობრძანდეს!

ქალბატონები მაშინალურად ისწორებენ თავიანთ აღკაზმულობას და კრიტიკული თვალით ახედ-დახედავენ თანმხლებ მამაკაცებს.

ოდნავ განცალკევებით, სამკაულებს ყურადღებით ათვალიერებდა აბსოლუტურად ერთნაირად ჩაცმული მოსკოვის ორი წარმომადგენელი – სერგეი და ბორისი. ორივენი კლასიკური სლავური ტიპაჟის პიროვნებანი იყვნენ და ერთი მათგანი შემელოტებული რომ არ ყოფილიყო და მეორე – ოდნავ შესუქებული, უთუოდ ტყუპები გეგონებოდათ. საკუთარი თავისთვის რაიმეს შეძენას ისინი არ აპირებდნენ, თანაც ასეთი საშუალება მათ არც გააჩნდათ. მათ ამოცანას შეადგენდა ქვეყნიდან გატანილი ზოგიერთი ლის მოძიება და შეძენა, მათ  სსრკ-ში დასაბრუნებლად, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ნავაჭრს ექნებოდა ფასეულობა ეროვნულ საგანძურად მათი აღრიცხვის თვალსაზრისით.

ბორისის ყურადღება უეცრად მიიპყრო მავანმა უცნაურმა ქალბატონმა, რომელიც თავისი არცთუ მდიდრული შესამოსელით აშკარად გამოირჩეოდა საერთო რიგებიდან. თუმცა, ახლაც კი, მის ასაკოვნებასა და მოდიდან უსაშველოდ გამოსულ შესამოსელთ არ შეეძლოთ მისი ადრინდელი სილამაზის კვალის დაფარვა.

– სერგეი, შეხედე ამ დაჰიპნოტიზებულ ფიტულს. რა უნდა მას აქ საერთოდ?

– უმჯობესია, აი, იმ ლამაზმანს შეხედო, მე რომ მიღიმის!

– იმიტომ გიღიმის, რომ MI6-დან არის. შეეშვი, დავიწვებით. აქეთ მოაპყარი ყურადღება ამ დედაბერს. დააკვირდი – მას არაფერი აინტერესებს, გარდა ერთისა – ზურმუხტისა და ბრილიანიტის თვლებით გაწყობილი სამაჯურით არის დაკავებული, არადა, გარშემო რამდენი საინტერესო რამაა… ცხადია, ეს ნივთი ყურადღებად ღირს, მაგრამ მხოლოდ მისდამი ინტერესი უცნაურია….

– შენც, აიღე და ჰკითხე მიზეზი!

– როგორ?

– ბორია, შენ რაღაც დაკომპლექსებული ხარ. აი, ისწავლე!

სერგეი მივიდა ქალთან, ერთხანს იდგა მის სიახლოვეს და მერე წარუდგა:

– მადამ, მე სერგეი ფროლოვი ვარ – მოსკოვის წარმომადგენელი აუქციონზე, – როგორც ვხედავ, თქვენ ექსპერტი ბრძანდებით სამკაულებში. მე, სამწუხაროდ, არა ვარ. ეს კი ბორის პეტრიაკოვია, ჩემი კოლეგა.

– კოლეგა უცოდინარობაში?

– მადამ, ცოტანი არიან მცოდნენი.

– მაშ, აუქციონზე როგორ გამოგგზავნეს?

– გვქონდა ლონდონში მოხვედრის ოცნება და აგვიხდა!

– მადამ.. – ცდილობს საუბარში ჩართვას სერგეი, მგრამ ის აწყვეტინებს:

– დამიძახეთ ოლგა!

– კეთილი, ქალბატონო ოლგა, ჩემი შეხედულებით, ყველა ექსპონატი საინტერესოა, მაგრამ ის, რომელსაც თქვენ ათვალიერებთ, სამაჯური მშვენიერი ურალური ზურმუხტით, მართლაც განსაკუთრებულად შესანიშნავია.

– ახლა ვხედავ, რომ თქვენ, ახალგაზრდავ, მართლაც ვერ ერკვევით მაინცდამაინც ზურმუხტებში.  ეს ზურმუხტები სრულიადაც არ არის ურალური.

– როგორ დაასკვენით?

– თქვენც მიხვდებოდით, რომ ერკვეოდეთ. ეს სამაჯური ბუხარის ემირმა საჩუქრად ჩამოუტანა ჩემს ბიძას – მუსა ნაგიევს, მისი ცოლისათვის. ხოლო ზურმუხტი მასში როდეზიულია, ყველაზე ძვირფასი.

– მერედა აქ როგორ მოხვდა?

– ო, ეს გრძელი ისტორიაა. ყველაფერი თბილისში დაიწყო 2007 წელს…

 

თავი 1. ტფილისი

ექს.

 

1907 წლის 26 ივნისი. თბილისში ივნისის შესანიშნავი დღე იდგა, ზაფხულს ჯერ არ მოეკრიბა თავისი ძალა და  მზეც ჯერ არ ავარვარებდა მისებურად ტფილისის ჰაერს, სახლებსა და ქუჩებს და არ ავსებდა ქალაქს უდაბნოს ხვატით. მაგრამ „ტილიპუჭურას“ ტავერნაში, ერივანსკის მოედანზე სიცხეშიც და სიცივეშიც ერთნაირად სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა. მტკიცედ შედუღაბებული, ქართული კირქვით ნაშენები კედლები ზამთრობით სითბოს იკავებდნენ, ხოლო ზაფხულში სტუმრებს სიგრილეს ჩუქნიდნენ.

ტავერნის სიღრმეში, ღვინის ბოთლებით სავსე სუფრას ახალგაზრდა ქართველები უსხედან, რომლებიც  საოცრად ლამაზად და ხმაშეწყობილად მღერიან „შენ ხარ ვენახის“ მელოდიას – „შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული…“ სიტყვები თითქოს ვაზზეა, მაგრამ ისინი იგავსიტყვიერია და მიემართება ქალწულს – ერთადერთსა და განუმეორებელს!..

ხოლო ახალგაზრდა ლამაზი ქალი, სწორედ ის ოლგა, ოღონდ ახლა 60 წლით ახალგაზრდა, ტავერნის შუაში ზის და აჭმევს ფინიას. სიმღერაზე ის არ რეაგირებს, ან სიტყვებს ვერ გებულობს, ან ამ სიტყვების შეფარულ აზრს… ან ისე აჩვენებს თავს, თითქოს არ ესმოდეს. ტავერნის შესასვლელში, კიდევ ერთ მაგიდას უსხედან სხვა ახალგაზრდები. ისინი გაცხარებულად ლაპარაკობენ, რაღაცნაირი დაძაბულობა იგრძნობა მათში, ექვს კაცზე კი მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინო უდგათ.

ერთი მათგანი, ასე, 25-30 წლის ყმაწვილი კაცი, რომელიც თავისი ჩაცმულობით მსხვილ მოხელეს ან საერო ტანსაცმელში გამოწყობილ სამხედრო პირს ჩამოჰგავს, ამბობს სადღეგრძელოს. სადღეგრძელო არ არის ქართული – ის ძალიან მოკლეა:

– მეგობრებო, ჩვენი დღეგრძელობისა იყოს, ჩვენი საქმის წარმატებისა!

შემდეგ ის მოულოდნელად  მიუტრიალდება ოლგას და წარუდგება:

– სერგეი კვასნინი, – და აგრძელებს – მე ვსვამ თქვენი წარმატებებისაც!

 

ოლგამ დიდი ხანია შენიშნა მწყაზარი სახის ახალგაზრდა, თუმც კი მონდომებით  იკავებდა თავს, რომ არ გაემჟღავნებინა თავისი დაინტერესება. მაგრამ პირდაპირი მომართვისას აილანძა, რამდენადმე გადაუვიდა ყურადღება და ძაღლმა, რომელმაც იგრძნო თავისუფლება, დურთა თავი ქუჩაში. ოლგა გაეკიდა, დაეწია და დაუწყო ტუქსვა.

ამ დროს უეცრად სერგეიც გავარდა ქუჩაში, ხელი მოხვია და იღლიაში ამოიჩარა ქალი თავის ძაღლიანად, მერე სწრაფი მოძრაობით შემოაბრუნა კაფეში და იატაკზე დაუშვა.

ოლგა აღშფოთებულია:

-თქვენ რას კად…

მაგრამ სიტყვის დამთავრებას ვერ ასწრებს. სწორედ ამ დროს ქუჩაში გაისმის აფეთქებების სერია. კვასნინის ჯგუფი, სწორედ ის ექვსი კაცი,  იძრობს რევოლვერებს და გადმოხტებიან ქუჩაში. ერთი მათგანი სროლას აჩაღებს პირდაპირ კარებიდან.

პანიკა! ტავერნის ფანჯრების წინ მიმორბიან ადამიანები, გადი-გამოდიან მარხილები და ოთხთვალები – ვინ საით.

სროლები, როგორც იქნა, შეწყდა.

 

ოლგა სიფრთხილის დაცვით იყურება ქუჩაში. მოედანი საშინლად გამოიყურება, დგას სისხლის გუბეები და ტავერნის წინ წვანან დაჭრილები და დახოცილები, გდია დამტვრეული ეტლი, გასისხლიანებული ცხენი წამოდგომას ცდილობს.

საჭიროა გაცლა ამ საშინელებისაგან, შინ დაბრუნება, მშვიდობიან და მოწესრიგებულ გარემოში თავის შეფარება. მაგრამ როგორ გინდა წახვიდე?

ქუჩაში მთელ გაყოლებაზე  ცხენებს ჭენებით მოაგელვებს პოლიციელთა გუნდი. მათ შემხვედრად მოძრაობს ოთხთვალაზე ამხედრებული გვარდიის ოპფიცერი. ეს არის კამო.

ის უყვირის პოლიციელებს:

-იქითკენ, სწრაფად, თავდასხმა… ფული უსაფრთხოდ არის. გაქანდით მოედნისკენ!

მოედნის მიმართულებით მიემართება ცხენის ეკიპაჟი. მასში ტფილისელი პოლიცმეისტერი ბალაბანსკია. მას თან ახლავს კონვოი – ექვსი ცხენზე ამხედრებული კაზაკი. მოსახვევიდან მათ შემხვედრად მორბის ორი ყუმბარმტყორცნი. ერთი ისვრის ყუმბარას.

მოკლულია კონვოელთაგან ერთი კაზაკი. ხოლო ბალაბანსკი და რამდენიმე ადამიანი დაჭრილები არიან. ბალაბანსკი გადმოვარდება ეტლიდან, გასისხლიანებული ხელით იკეთებს სათვალეს და ქვაფენილზე გაწოლილი ხსნის ცეცხლს ყუმბარისმტყორცნელთა მიმართულებით. პირველი  ყუმბარმტყორცნელი მოკლულია, მეორე – დაჭრილი. ის გარბის ისე, რომ ვერ ასწრებს სატყორცნად გამზადებული ყუმბარის გადმოგდებას.

მას უკან მისდევს ორი კაზაკი. ისმის სროლის ხმა.

 

ბალაბანსკისთან მორბის კაზაკი, თავის ხიფთანს იხევს და ცდილობს მისთვის ჭრილობის გადახვევას.

– მომეშვი, თავად მივხედავ თავს, სწრაფად, მოედნისკენ…

მათგან ორი კვარტალის დაშორებით ცხენოსან პოლიციელთა გუნდი მიემართება მოედნისაკენ. მოსახვევიდან  მათ შემხვედრად  მოდის ნაცნობი ოთხთვალა „გვარდიელი ოფიცრის“ – კამოსი.

კამო ყვირის:

– სწრაფად მოედნისაკენ, ფული უსაფრთხოდაა!

პოლიციელები მოედნისაკენ მიიჩქარიან, ხოლო კამოს მიაქვს ხელში ჩაგდებული ფული.

 

***

ქალაქი ყოველი მხრიდან მჭიდროდ არის ჩარაზული არმიითა და პოლიციით, გარშემო ყველგან საჯარისო და პოლიციის პატრულებია, ბლოკ-პოსტები გზაჯვარედინებზე. გზები გადაკეტილია, ისეთი შეგრძნებაა, რომ ბუზიც ვერ გაფრინდება. მოედნის ახლო ქუჩებში აკავებენ ყველა გამვლელს, რადგან სავარაუდოა, რომ მათ შორის იყვნენ ტერორისტები ან თუნდაც მოწმეები. ოლგას წასვლა უნდა, მაგრამ პოლიციელი მასაც აკავებს. ყველა დაკავებული მიჰყავთ უბნის განყოფილებაში. იქ დაკავებულთა შორის  ის ხედავს სერგეი კვასნინს.

***

პოლიციის საუბნო განყოფილებაში დიდი ხალხმრავლობაა, ყველა მაგიდასთან მიდის მოწმეთა და ეჭვმიტანილთა დაკითხვა. ხმამაღლა გამოთქვამს აღშფოთებას ეროვნულ სამოსში ჩაცმული ვიღაც ქართველი.

ერთ მაგიდასთან პოლიციის გამომძიებელი საუბრობს ოლგასთან.

– ვერ გამიგია, რატომ დამაკავეს. მე ბაქოდან ვარ ჩამოსული ნათესავებთან, აქ ცხოვრობს ჩემი ბიძა, მიხაილ ალექსანდროვიჩ ალხაზოვი. ვგონებ ის საიდუმლო მრჩეველი უნდა იყოს. დაუკავშირდით…

ოლგა იღიმება, ოდნავ კეკლუცობს კიდეც.

– … თქვენ შეგიძლიათ დაეკითხოთ მას ჩემი კეთილსაიმედოობის შესახებ.

– მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. თქვენი კეთილსაიმედოობა არ იწვევს ეჭვს. ჩვენ აქ გიხმეთ მხოლოდ იმ აუცილებლობისა გამო, რომ შეგეკითხოთ, ხომ არ გინახავთ ვინმე ან რაიმე, რაც დაგვეხმარება ბოროტმოქმედთა პოვნაში.

ოლგა მიმოიხედავს გარშემო. კედელთან მიყუდებულ მაგიდასთან სხვა პოლიციელი ატარებს კვასნინის გამოკითხვას.

კვასნინი ხედავს ოლგას. იყურება აქეთ-იქით – იქნებ გაქცევა მოახერხოს.

– რაღაც აწრიალდით, ახალგაზრდავ. იჯექით მშვიდად – ეუბნება კვასნინს პოლიციის გამომძიებელი.

სერგეი ხედავს  – გზად გასასვლელისკენ დგას ორი პოლიციელი. ის თითქმის მზადაა გასაქცევად. თავში, აჩქარებული ტემპით, როგორც კინოში, ატრიალებს გაქცევის ვრიანტებს.

აი, ის მირბის გასასვლელისკენ, ერთი დარტყმით ძირს აგდებს პოლიციელს, გამორბის. მეორე პოლიციელი ესვრის, სერგეი ვარდება…

არა, ეს არ ვარგა, სხვა ვარიანტია საჭირო.

ის დაეკითხება დამკითხველს „სად არის აქ ტუალეტი“? ტუალეტი ქუჩაშია. მას გამოიყვანენ პოლიციელის თანხლებით. სერგეი მიწაზე დააგდებს მას და გაიქცევა. პოლიციელი კარებთანაა და დავარდნილი ესვრის, ის წაიქცევა…

მაგრამ ამ დროს მას ესმის ოლგას პასუხი.

– არა, ბატონო გამომძიებელო – მე ძალიან შევშინდი, სამწუხაროდ აქ არავის არ ვიცნობ. ვეჭვობ, რომ თქვენთვის გამოსადეგი ვიყო.

– ასეთ შემთხვევაში ჩვენ მეტად აღარ დაგახანებთ. სთხოვეთ მიხაილ ალექსანდროვიჩს, რომ მოგვიტევოს და გადაეცით ჩვენი მისდამი დიდი მოკრძალება და პატივისცემა.

ოლგა დგება, გაფანტულ მზერას ესვრის კვასნინს და გადის.

***

გვიანი საღამოა. მოწმეთა დაკითხვა დამთავრებულია, ისინი გაუშვეს.

გამომძიებლები ჩაის სვამენ კრენდელებით და დაღლამდე კამათობენ, თუ რომელი დაჯგუფება არის პასუხისმგებელი ძარცვისათვის. შემოდის პოლიცმეისტერი ბალაბანსკი. ხელი გადახვეული აქვს, ის ფერმკრთალია, ჯერ ვერ აღუდგენია მხნეობა დაჭრის შემდეგ. ჩაის სმა მყისიერად წყდება.

– აი, თურმე როგორ იკვლევენ საქმეს!!! – ყვირის ბალაბანსკი – უნტერ-ოფიცერო, მიპატაკეთ შედეგების შესახებ.

ბალაბანსკი ცენტრალურ მაგიდასთან იკავებს ადგილს. მასთან პატაკით მიდის უნტერი კარშილავა:

– თქვენო კეთილშობილებავ, დაკავებულთა გამოკითხვამ არაფერი მოგვცა. მათ ყველამ ერთად უეცრად ვერაფერი ვერ დაინახეს და დაკავებულთაგან ვერც ერთი ვერ ამოიცნეს.

– იდიოტებო, დაკითხვაც კი არ იცით. საკითხავია, რატომ აცდენთ ადგილს. მუქთამჭამელებო! მხედველობაში გქონდეთ, თავდამსხმელებმა ხელთ იგდეს 300 ათასზე მეტი 500-რუბლიანი კუპიურებით. ეს კუპიურა  უმნიშვნელოვანესი სამხილია. ისინი შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ თავდამსხმელებს. ეძიეთ!

პოლიცმეისტერმა გამოარჩია ექვსი საუკეთესო დეტექტივი.

– თქვენ გერქმევათ ბოროტმოქმედთა საძიებო სპეციალური ჯგუფი. სამუშაო ვერსიის სახით დასაწყისისთვის ყურადღება გაამახვილეთ პოლონელი სოციალისტების, სომხების, ანარქისტებისა და ესერების მიმართ. ნურც ესერ-მაქსიმალისტებს დაივიწყებთ – მათ გაიტანეს ურთიერთ კრედიტის მოსკოვის საზოგადოების სალარო.

სამხედრო მოალყეთაგან რომელიღაც შტაბს-კაპიტანი რაღაცის გამოთვლებს აკეთებს.

– რას წერთ მანდ – უყვირის ბალაბანსკი – მომეცით აქ! რა არის ეს?

გუნებაწამხდარი შტაბს-კაპიტანი,  რომელიც გაცეცხლებულ პოლიცმეისტერის რისხვაში მოჰყვა, განმარტავს:

– მომიტევეთ, მე ახლა გამოვთვალე, რომ ჩემი ხელფასის – თვეში 90 რუბლის პატრონმა, რომ არ ვსვა და არ ვისუნთქო, ახლადდატაცებული თანხის რაოდენობას დავაგროვებდი 316 წლის მანძილზე.

– თქვენზე ეს 90-ც არამია! იდიოტო! ითვლის თურმე! იმუშავეთ!

ბალაბანსკიმ ტაბურეტი მიაგდო და გავიდა.

 

უახლოესი სამი დღე და ღამე არავითარ შედეგებს არ იძლევა. ბალაბანსკი ქალაქში დაძრწის კაზაკების ესკორტით, აპატიმრებს ყველა ეჭვმიტანილს, მაგრამ ტერორისტებს ვერ პოულობენ. მოწმეთა ჩვენებები მიკიბულ-მოკიბულია, დახლართულია და ურთიერთსაწინააღმდეგო, ვერაფრის დადგენას ვერ ახერხებს.

ბოლოს და ბოლოს გენერალ-გუბერნატორის მოთმინების ფიალა აივსო.  მან გამოიძახა ბალაბანსკი პატაკის ჩასაბარებლად. მას კი არაფერი ჰქონდა საპატაკო. შემდეგ  ამას მოჰყვა გათათხვა მეფისნაცვლის თანაშემწე მიცკევიჩისაგან, და ბოლოს, ამ თანამდებობაზე ახლად შემდგარ შატილოვისაგან.

რა უთხრეს მას პირადი შეხვედრისას, უცნობი დარჩა, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ ბალაბანსკი ინგუში სტრაჟნიკის თანხლებით გაემართა კუკიის სასაფლაოსკენ. იქ მან სტრაჟნიკს თავისი ორდენები გადასცა და დედის საფლავზე მოიკლა თავი.

კონსპირაციული ბინა

კონსპირაციულ ბინაზე შეიკრიბნენ „ექს“-ის მონაწილეები.

ჩაჭყლეტილ დივანზე სხედან ელისე ლომიძე და მშვენიერი გარეგნობის  ქალიშვილი ფაცია. კოტე ცინცაძეს ჟღალი თმები ბინტით აქვს გადახვეული. გვერდით უზის ანეტა. ის იყო დამკვირვებელ- შემტყობინებელი, პირობითი ნიშნებით უჩვენებდა კონვოელთა მოახლოებას, მაგრამ გვამების სიმრავლე, სისხლი – ყოველივე ეს დღემდე მაინც მოქმედებს მასზე. იქვე მაგიდას უსხედან კამო, კობა და სერგეი კვასნინი. არიან დაჭრილები, მათ შორის – კამო. ერთი თავდამსხმელთაგანი, ოთარ გოგუა მძიმედ არის დაჭრილი და კვნესის.

კამო იძლევაა განკარგულებას:

– ელისე, კოტე – გადაიყვანეთ სხვა ოთახში. სულერთია, ის მალე მოკვდება, მას უკვე აღარაფერი ეშველება.

* * *

დაჭრილი გადაჰყავთ. ერთხანს დუმან. შემდეგ ცინცაძე ორ ბოთლ ღვინოს ხსნის.

– ეს ცოტაა, მაგრამ დალევა წარმატების აღსანიშნავად შეიძლება.

მოგვიანებით აღვნიშნავთ, როგორც საჭიროა.

– მთავარია, რომ ყველანი აქ ვართ! აი, ეს აღვნიშნოთ!

ანეტას ღვინიანი ჭიქა მიაქვს დაჭრილთან.

-მორჩა! დავიშალოთ სათითაოდ – განკარგულებას იძლევა კამო.

კობა დუმს. „ადამიანები არ ებრალება, შორს წავა. შედის მუღამში – ფიქრობს ის – დაე ჯერხნობით იმბრძანებლოს“!

თავდამსხმელები სათითაოდ ტოვებენ სახლს, მათი გარეგნობა არ ბადებს ეჭვებს.

– კობა, სად შევინახოთ ფული?

– ჩადე სეიფში!

– რა სეიფი, კაცო, რომელ სეიფში?

– რომელიც შენ წინ არის – დივანში ჩადე, ჭკუის კოლოფო!

კამო მარტო რჩება ბინაში, ფულს დივანში დებს, წვება მასზე და იძინებს.

***

კობა მიდის სახლში. მას ეგებება ცოლი, ხელში აყვანილი ახლად დაბადებული ვაჟით. ის შეშინებულია.

კატო სვანიძე, რომ ითქვას, არ იყო მხდალი არსება, მაგრამ აქ განსაკუთრებულ სიტუაციასთან ჰქონდათ საქმე.

– სოსო, მე აივანზე ვიდექი და უეცრად ეს კოშმარული აფეთქება მოხდა. კარი მოჯახუნდა, შუშა ჩაიმსხვრა.

– კატო, ეს ნაკაწრი ლოყაზე ჩამსხვრეული შუშიდან გაქვს?

– ჰო, ნამსხვრევები გაიფანტა და ბავშვი სასწაულმა გადაარჩინა.

– დამშვიდდი, ყველაფერი წესრიგშია. ვიღაცა რაღაცას აფეთქებდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ შინა ვართ და სრულებით არ დავზარალბულვართ. მოდი, ვივახშმოთ!

ამ დროს გაისმის კაკუნი კარებზე. ეს ბანკის კლერკი გოგი კასრაძეა. ის თავის თავს არა ჰგავს, ძალიან შეშინებულია.

– გამარჯობა! რატომ ხარ ასე აგზნებული, გენაცვალე?

– კობა, მე ეს-ესაა პოლიციის განყოფილებიდან მოვდივარ!

– მერედა რა? რადგან შენ აქ ხარ, ესე იგი ყველაფერი წესრიგშია. დამშვიდდი, წავიდეთ, ღვინო დავლიოთ.

– კობა, გამომძიებლები ამბობენ, რომ ძარცვცა შეიძლება მოეხდინათ მხოლოდ ბანკიდან საიდუმლო ინფორმაციის კარგად მცნობებს, ხოლო ეს ნიშნავს, რომ იქ არის თანამზრახველი. მე ამის გამო დამიბარეს პოლიციაში. ფიქრობენ, რომ მე ვარ თანამზრახველი. ხოლო გამომიშვეს, მხოლოდ დროებით…

კობა მშვიდად უყურებს მას. „ აი იდიოტი, გამომტყვრალი ჩემდა ჭირად, – ფიქრობს კობა – ოდნავი ზეწოლა მასზე და ვინ იცის, ყველას გასცემს“.

– დამშვიდდი. რა მნიშვნელობა აქვს, რას ლაპარაკობენ – რაც მეტია სიტყვები, მით ნაკლებია საქმე. შენ რამ აგაღელვა ასე – გგონია, შენზე იფიქრებენ? შენ რა, მარტო ერთი ხარ იმ ბანკში? მაგრამ ისინი რაღაცაში მართლები არიან – ბანკიდან დახმარების გარეშე არაფერიც არ გამოვიდოდა. როგორ ფიქრობ, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ადამიანი? დაფიქრდი, ვინ იქცეოდა დამაეჭვებლად ან ვინ ხარჯავდა მოულოდნელად დიდ ფულს?

გოგი დაფიქრდება

– გოგი, ძვირფასო, მოდი ახლა ნუ გაიტანჯავ ფიქრებით თავს. ხვალ ისევ ამოვა მზე და ისევ დადგება ახალი დღე, კარგი დღე. შევხვდებით დუქანში კვასნინთან ერთად და იქ განვსჯით, მოვისაუბრებთ ამ საქმეზე. აქ არ ღირს, ცოლი ღელავს და გვიანიც არის, ამავე დროს.

გოგი მიდის.

***

გოგი იხსენებს, როგორ ისვენებდნენ ორი კვირის წინ კობასთან ერთად მტკვრის ნაპირას. მყუდროდ მოკალათდნენ მინდორში, პატარა კორომთან. მტკვარი კარგად ჩანდა მინდვრიდან. ბალახზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი ღვინითა და მცირედი წასახემსებლით. გოგის გვერდით კვასნინი იყო ჩამომჯდარი და რაღაცას ცოდვილობდა გიტარაზე.

სოსოს გაეცინა: – თბილისს გიტარაზე მეტად დუდუკი უხდება!

– რას ამბობ, – ეუბნება კასრაძე – შენს ლექსებს გიტარა უფრო შეეფერება!

გოგი ართმევს გიტარას კვასნინს და მღერის  სოსოს ლექსების ტექსტზე. მას უერთდება კვასნინიც და ცოტა მოგვიანებით, კობა. შემდეგ ისინი, გოგისთან ერთად ორ ხმაში მღერიან.

კობას გული აუჩუყდა და მეგობრულად ხელი მოხვია გოგის.

– გოგი, ჩემი ლექსები ცალკე რა სათქმელია… აი, შენს გიტარასთან ერთად კი სხვა საქმეა.

ცოტა ხანში, სიმღერებისა და ღვინის შემდეგ კობამ დაუწყო ქირდვა კასრაძეს:

– იმღერე, გოგი, ვიდრე ღვინო იღვრება ნაკადულებად და მეგობრებიც ახლო გყვანან. მსმენია, რომ მალე თქვენ ყველას გაგყრიან! დედაქალაქში და თვით როსტოვშიც თვლიან, რომ ადგილობრივი მოხელეები ვერ უზრუნველყოფენ ბანკის ნორმალურ მუშაობას: გულს არ უდებენო საქმეს, წინასწარ არა აქვთო შედეგები გათვლილი და მეტად ახლო ურთიერთობენო ადგილობრივ მოსახლედობასთან. იქ კი ძალიან ჭრელია ხალხი. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, რომ გადაგიყვანენ პოჩტმეისტერად აგდამში.

– ვის, კობა, მე თუ ყველას? ყველაზე ამბობ თუ ჩემზე? რაღაც საწყენად ხუმრობ!

– თქვენ, ბანკის ხალხს გადაგიყვანენ. თქვენ ხომ ბანკი კი არა, პროვინციული დუქანი გაქვთ. ყველაფერი ხელსგულზეა – მხოლოდ ზარმაცი არ გაგძარცვავთ, მხოლოდ სულელი არ გამოიყენებს თქვენს პირდაფჩენილობას. შენ მიდი, დალიე და იმღერე, არაფერი ინაღვლო, სანკტ-პეტერბურგში და როსტოვში ბევრი არაფერი უწყიან კავკასიური ამბებისა!

– კობა, შენ მართალი არა ხარ – დაცულობაცა და კონვოელებიც გადაზიდვების დროს აბსოლუტურად საიმედონი არიან, ამას მე გეუბნები. ამ პურ-მარილის მადლს ვფიცავარ! მე ხომ უბრალო მოხელე არა ვარ, ფასეულობათა  თანმხლები ჯგუფის მომზადების ჯგუფში ვირიცხები.

– კარგი ერთი! დალიე და რამე მიაყოლე!  თქვენი გადაზიდვები – კინტოს საჩუქარია. ეს ყველამ იცის.

– შენ როგორ ფიქრობ, მოლარე რევოლვერით – ეს არის და ეს? გადაზიდვის თარიღები მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა პირებმა იციან, გადაზიდვაა, მაგალითად, 25 რიცხვში… არა – 26-ში. კონვოელები უკვე გახაზირებული არიან. შეკვეთილი გვყავს ჯარისკაცებიცა და კაზაკებიც.

– კარგი, გოგი, ნუ ცხარობ. შენ მომზადების ჯგუფში ხარ, მაგრამ ვადებში ვერ ერკვევი – შეუკვეთავ კონვოის 25-ში და ფასეულობები უკვე გატანილი იქნება 24-ში. თქვენთან სულ ასეა. და ეს იციან. ხოლო სანამ ჯარისკაცები  რასმე იაზრებენ, მათ სათითაოდ ჩაცხრილავენ!

– არა, რატომ გინდა, რომ მაწყენინო? რატომ არ გჯერა ჩემი სიმართლისა? 26-შია გადაზიდვა და თანხლება 26-შივეა დილით – როგორც მზე მაღლა იყოს. გეუბნები: უკან ფაეტონში კიდევ ჯარისკაცები იქნებიან, გარშემო კაზაკები, ცხენოსანი მცველები. აბა, გაბედე და მიუახლოვდი! ასე რომ, ვინ არის მართალი, მე თუ შენ, კობა?

– თქვენ, უბრალოდ ყველაფერს, როგორც ყოველთვის, გააკეთებთ უდროოდ. კაზაკები დღეს იქნებიან, ჯარისკაცები გუშინ, ხოლო ფული – ხვალ. 26-ში, კი ბატონო, იყოს 26-ში – რა მნიშვნელობა აქვს?  მიდი, დალიე და მიაყოლე რამე!

– შენ, კობა, ოღონდ დასაცინი იპოვო. ტყუილად მეარაკები!

კობას გადააქვს საუბარი მოსაწყენი საბანკო თემიდან.

– რატომ ხარ ასეთი წყენია, კაცო. ჯობია ვიმღეროთ რამე.

ის კითხულობს ახალ ლექსს და ისევ მღერიან.

კვასნინი ასხამს ღვინოს და ამბობს სადღეგრძელოს:

– რა გვაძლიერებს? გვაძლიერებს მეგობრობა! მეგობრების გარეშე შენ სუსტი ხარ, არარაობა ხარ, ხოლო მეგობრების გვერდით მთებს დასძრავ. აი ახლა ვსხედვართ ჩვენ ამ მშვენიერ ადგილას, ამ მშვენიერ მიწაზე, რატომ? იმიტომ, რომ აქ მეგობრობამ შეგვაერთა. ერთად ჩვენ გავუძლებთ ყველაზე ბობოქარ ქარტეხილებს! მეგობრობას გაუმარჯოს!

* * *

მოგვიანებით გოგი გააცნობიერებს, რა როლი აქვს ნათამაშევი ერივანსკის მოედნის ტრაგედიაში. ის მიდის პოლიციიის განყოფილებაში, სურს რაღაცის თქმა, მაგრამ მისთვის არ სცალიათ. მიმართავს თანამშრომელს, მაგრამ თანამშრომელი მას გადაამისამართებს სხვასთან, ისიც დაკავებულია და გადაუშვებს მომდევნოსთან. საუბრის მსურველი ფსევდომოწმეები მრავლად არიან მის გარეშეც.

ბოლოს და ბოლოს ერთი გამომძიებელი აქცევს მას ყურადღებას,

– რა გქვიათ, პატივცემულო?

– გიორგი კასრაძე.

– ახლა დრო არა მაქვს, ხომ ხედავთ რამდენი ხალხი მახვევია. მოდით ჩემთან ხვალ 10 საათისთვის.

კასრაძე მიდის.

***

ქუჩის მოპირდაპირე მხარეზე, მეეტლესთან დგას ელისე ლომიძე. მან შეამჩნია კასრაძე და მიიჩქარის კობასკენ.

– კობა, კასრაძე რაღაცას შრაშუნობდა საპოლიციო განყოფილებაში!

„აი, ტუტუცი, ყველაფერი უნდა თქვას,“ – ფიქრობს კობა.

– ნუ მართმევ დროს, თავად იცი, რაც უნდა გააკეთო. წადი!

***

მეორე დილით კასრაძე გამოვიდა ბანკიდან და გაემართა პოლიციის განყოფილებისკენ. მას ხვდებიან ლომიძე და მეორე ბოევიკი, ექსის მონაწილე, ოთარ კორძაია.

– გამარჯობა, გოგი.

გოგი პასუხობს სალამზე

– გოგი, სესხთან დაკავშირებით გვინდა შენი შეწუხება!

– მობრძანდით ბანკში და განვიხილოთ!

– რად გვინდა ბანკში მოსვლა, აქვე გავარკვიოთ!

გადაუხვევენ ქუჩის კუთხეში.

– აბა, რა შეკითხვა გაქვთ?

– რას ლაყბობდი პოლიციაში? რა  გინდოდა იქ?

– გამომიძახეს!

– არავის არ გამოუძახიხარ. დიდი ცოდვაა მეგობრების დაღალატება!

კორძაია მხარზე ხვევს ხელს.

-დამშვიდდი და პატიოსნად გვითხარი!

ამ დროს ლომიძე დანას ურტამს ზურგში. კორძაია ტუჩებზე აჭერს ხელს. გოგი ცდილობს მათგან დასხლტომას, მაგრამ წუთის შემდეგ ძირს ვარდება. ის სასიკვდილოდ არის დაჭრილი. კორძაია და ლომიძე სვამენ მას გრძელ სკამზე ხის ქვეშ, ფაფახს ჩამოაფხატებენ თავზე და გაეცლებიან.

იმავე დღის საღამოხანზე კობა ვახშმობს დუქანში. შემოდის კვასნინი. ის, როგორც ადრევე შეთანხმდნენ, აპირებს კობასთან ერთად დაელოდოს გოგის.

გარკვეული დროის შემდეგ მოდის კორძაია.

– კობა, წარმოგიდგენია, რა ხდება – გოგი მოკლეს!

კობა უთანაგრძნობს:

– სამწუხაროა, კარგი ბიჭი იყო. ბანდიტების ქალაქია!

კვასნინს არ ესმის, ვინ და რატომ მოკლა გოგი, კითხულობს:

-კობა, ეს ლომიძე ხომ არ არის – მისი საქმეა? უკანასკნელ დროს ისინი ხშირად ურთიერთობდნენ!

კობა ჯიქურ უყურებს და დუმს. კვასნინი დაბნეული შესცქერის.

კობა შინაგანად ამღვრეულია, მაგრამ გარეგნულად არ იმჩნევს და საუბრობს მშვიდად და აუღელვებლად, თან თითქოს სიტყვებს ეძებს:

– ნუ ლაპარაკობ სისულელეებს, ეს ვიღაც ბანკიდან იქნებოდა, თავს იზღვევენ. კინტო დაიქირავეს ალბათ – ისინი 3 მანეთად კაცს მოკლავენ!

* * *

მოგვიანებით კონსპირაციულ ბინაზე კამოს შემოაქვს შესახედავად ახალი ლეიბი.

-შეხედე, კობა, სულ ახალ ლეიბს ჰგავს, არადა ეს ჩვენი ახალი სეიფია!

ისინი ფრთხილად მოარღვევენ ლეიბს კიდეს და იქ ფულს ინახავენ.

– საინტერესოა, როგორ დაგეძინება მასზე? – ეუბნება კამო.

– ნორმალურად! სიზმარში ვნახავ ალმასებიან ცას!

მათ გამოაქვთ ლეიბი ქუჩაში და მეეტლეს უხმობენ.

– წავედით მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში! – ეუბნება მეეტლეს კობა.

– კობა, ეს ძალიან კარგი, ვიდრე იქ მუშაობ, მაგრამ როდესაც წამოხვალ იქიდან?

– მართებული შეკითხვაა, როდესაც წამოსვლას დავაპირებ, ვეტყვი დირექტორს, რომ ფული დახარჯოს მხოლოდ კეთილ საქმეებში!

– დამცინი?

– ისეთი შეკითხვები გაქვს, ცოდოობაა, რომ არ გაგამასხარაო!

ლეიბი მოათავსეს დირექტორის კაბინეტის დივანზე.

***

ძარცვის შესახებ წერდნენ მთელი მსოფლიოს გაზეთები:

“Rain of Bombs: Revolutionaries Hurl Destruction among Large Crowds of People” („ყუმბარების წვიმა: რევოლუციონერებმა მოახდინეს აფეთქება ხალხის დიდ ბრბოში“) ლონდონის „დეილი მირორში“;

“Tiflis Bomb Outrage” („აღშფოთება თბილისური აფეთქებების გამო“) ტაიმსში; “Catastrophe!” („კატასტროფა!“) პარიზის «Le Temps»- ში;

“Bomb Kills Many; $170,000 Captured” („ყუმბარამ მოკლა მრავალი  ადამიანი, დატაცებულია $170,000») „ნიუ-იორკ ტაიმსში“.

რუსული გაზეთები ძირითადად წერდნენ ხელისუფლების უძლურების შესახებ – გაზეთი «Голосъ» (ჟურნალისტი Краевский), «Неделя», «Петербургская газета».

ოლგა

ოლგა ჩაფიქრებული მიმოდიოდა თამამშევის ქარვასლიდან დაშორებით.

„შლაპებს თვით პარიზიდან“ მისი ინტერესი არ გამოუწვევია.  ეს „პარიზი“ ხომ სადღაც აქვე იყო – ჩამოიტანენ ერთ შლაპას სამაგალითოდ, მერე თავის სამეზობლოში, სადღაც აქვე ხსნიან პარიზული პროდუქციის წარმოებას. ბოლოს ერთი ელეგანტური ჩანთა მოეწონა მაინც, იმიტირებული ძვირფასი ქვებით. ნავაჭრმა ცოტა გამოუკეთა გუნება და გასასვლელისკენ გამოემართა.

თავისდა გასაკვირად, პირველი, ვინც მან დაინახა ქუჩაში, აღმოჩნდა მისი  ახალი ნაცნობი სერგეი კვასნინი. ოლგამ გაუღიმა.

– გამარჯობათ. რა ხანია გელოდებით, – მიმართა მას სერგეიმ.

– გამარჯობათ, ჩემო მხსნელო. რატომ მელოდებოდით? განა ამის საბაბი მომიცია თქვენთვის?

– საბაბი – ეს თქვენ ხართ, შესანიშნავი საბაბი. ნება მომეცით თანხლება გაგიწიოთ სეირნობის ჟამს.

– გამომყევით. შეგიძლიათ დამიძახოთ ოლგა.

ისინი აუჩქარებლად მიჰყვებიან გოლოვინის პროსპექტს.

– თქვენ, სერგეი, ჩემთვის ადამიანი-გამოცანა ხართ, თქვენ – განათლებულ, ინტელიგენტურ ადამიანს რაგვარად შეგიძლიათ ამგვარ საშინელ საქმეებში მონაწილეობა? ეს სრულიად არ შეეფერება თქვენს იერსახეს. ან თუ თქვენ, როგორც მეფისტოფელი, შეგიძლიათ სხვადასხვა ნიღბით მოევლინოთ ადამიანებს? დღეს თქვენ გალანტური კავალერი ხართ და ხვალ თავზე დამცემი?

– და თქვენ გაინტერესებთ გამოცანის ამოხსნა?

– მიყვარს გამოცანების გამოცნობა!

– მაშინ, მომიტევეთ, ოლგა, მაგრამ მე იძულებული ვიქნები, უარი გითხრათ. თავზე დამცემი არის ის, ვინც მდიდრდება ამ თავდასხმებით და ჯიბეებს ისქელებს ფულით. იქ კი, მოედანზე, ადამიანები რისკავდნენ თავიანთი ერთადერთი სიცოცხლით, ჩაგრული ხალხის დასახმარებლად. და არაფერი, სრულიად არაფერი, საკუთარი თავისთვის. მე ვფიქრობ, რომ ისინი გმირები არიან. ისინი მზად არიან სიკვდილისათვის, უბრალო ადამიანების დასახმარებლად. თუმცა, თქვენ ალბათ არ უწყით მათი განცდების შესახებ!

– შესაძლოა მე არ ვარ გაცნობილი კონკრეტულად მათ ყოფას, არ ვყოფილვარ მათთან სტუმრად, მაგრამ თქვენ ალბათ თვლით, რომ მე კითხვაც არ ვიცი?

– ღვთის გულისათვის, მომიტევეთ. სრულიად არ მსურდა მეწყენინებინა თქვენთვის.

– მე არ მწყენია. აგერ, პუშკინის სკვერი – წავიდეთ იქით.

ისინი მივიდნენ პუშკინის ძეგლთან.

– სერგეი, ტფილისმა ეს ძეგლი  მიიღო პოლიცმეისტერ როსინსკის მეოხებით. იგი იყო ამ ძეგლის შექმნის ინიციატორი. მაგრამ თქვენ ხომ ყველა პოლიცმეისტერის წინააღმდეგი ხართ!

– ზოგჯერ, გამონაკლის შემთხვევებში, მათ შეუძლიათ რაიმე საჭიროც მოიმოქმედონ. თუმცა, აბა, მოუსმინეთ პუშკინს:

„წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა

მამულისათვის თავის დადება,

ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,

ის თავის ხალხში აღარ მოკვდება!“

-სერგეი, თქვენ მე დამცინით. ეს პუშკინი არ არის. თქვენ უბრალოდ ლექსი შეუფარდეთ თქვენს იდეას. მაგრამ იქ, ერივანსკის მოედანზე ბრძოლა არ ყოფილა, ხოლო მსხვერპლი იყო. ხოლო ლექსი… ლექსი თავად ილია ჭავჭავაძის არის. აღარ მოკვდება? თქვენ დარწმუნებული ხართ? მოდით, მეც წაგიკითხავთ ლექსს:

„თუ მშვიდობა სურს მონობის ფასად,

იმ ხალხს ღირსების არ აქვს ნასახი;

ფარას არ ახლავს სილაღე არსად,

ჰხამს თავწახრილმა სძოვის ბალახი;

უნდა პარსო და მიუგდო ყასაბს,

გადაუჭირო ზურგზე მათრახი!“

– არა, – აგრძელებს ოლგა – უნდა დაგვეწყო აქედან:

– უეცრად მე რომ აღმოვჩნდე ხიფათის ქვეშ, და თქვენ… თქვენ, ყველაზე სავარაუდოდ – კატორღაში. მერე მე ვინღა დამეხმარება?

– ოლგა, მე შეძრული ვარ ჭავჭავაძისა და პუშკინის თქვენეული ცოდნით. თქვენ იმდენად მშვენიერი ხართ, რომ დაგეხმარებათ ნებისმიერი, ვინც თქვენ გვერდით აღმოჩნდება. თქვენთვის დახმარების გაწევა   – ბედნიერებაა!

რამდენიმე ხანს მიდიან მდუმარედ. შემდეგ ოლგა ეკითხება:

– მითხარით, ვის ეკუთვნის სიტყვები: „თავისუფელბა იკვებება პატრიოტების სისხლით“?

ამ დროისათვის ოლგა და სერგეი გამოდიან მტკვრის სანაპიროზე.

– მადლობა, სერგეი, სასიამოვნო სეირნობისთვის, მაგრამ ჩემი დრო ამოიწურა. გამიჩერეთ ეტლი.

სერგეი აჩერებს გვერდით გამვლელ ეტლს.

– მაპატოეთ, ოლგა, ჩემი თხოვნისთვის, მაგრამ შეგვიძლია თუ არა ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს? დიდ ბედნიერებას მომანიჭებდით!

– არ ყოფილა თქვენი ბედი ასეთი ბედნიერება – ხვალ მე ბაქოში ვბრუნდები. ჩემი მისამართი მარტივია – ნაგიევის სახლი. ნუ რისკავთ სიცოცხლით სერგეი, მე დამენანებოდით…

ოლგა მიემგზავრება.

სერგეი დაადევნებს:

– მითხარით, ვის სიტყვებს ციტირებდით?

– ჩემსას, სერგეი, ჩემსას! მშვიდობით!

ოლგა თავსაფარს უქნევს სერგეის და ქრება მისი თვალსაწიერიდან.

 

თავადის დაბადება

 

კობა, კამო და ელისე მოხერხებულად მოეწყვნენ სავახშმოდ ჩვეულ დუქანში. მაგიდაზე სხვადასხვა ფხალია, ბადრიჯანი. მოაქვთ ხინკალი.

ლომიძე ვერ ისვენებს, რომ არ მოჰყვეს, რაც გაიგო:

– კობა, მე შენი თანამემამულისაგან გავიგე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

– ჭამე, ძვირფასო – ეუბნება კობა, – ხინკალი მაგიდაზეა, გაცივდება – ვიღა შესჭამს მერე? საქმეებზე მერე ვილაპარაკოთ!

– ეს მნიშვნელოვანია, კობა!

– კარგი, ელისე, რა არ გასვენებს?

– კობა, ჩემი კუთხის კაცი მუშაობს პოლიციაში. მათ ყოველ საღამოს ჰკრებენ და ინსტრუქტაჟს აძლევენ. შენ დაგასახელეს საძიებოთა შორის. პოლიცია პირდაპირ მიწას ნთქავს, შეუძლიათ მოგაგნონ. ასეთ შემთხვევაში დაგაპატიმრებენ. გიჯობს დროებით გაეცალო აქაურობას.

ლომიძე ისევ ცდილობს რაღაცის თქმას, მაგრამ კობა ჟესტით აჩერებს:

– ელისე, მოიცადე, ხედავ, ჩანახი მოაქვთ. ყველაფერს მოვასწრებთ, როდის იყო, რომ პოლიცია ჩვენზე სწრაფად მოქმედებდა?

დამთავრა პურობა, დაილია ღვინო. კობა კარგ ხასიათზეა. არაფერი ახალი მას ელისესგან არ შეუტყვია.

– ეს კარგია, რომ შენი კუთხის კაცს პოლიციაში უმუშავია, მაგრამ მე ამ ინფორმაციის გარეშეც ღამით მივემგზავრები ბაქოში. ტფილისში ახლა არაფერია საკეთებელი, ისინი კი…  მათ დაე მძებნონ, ნუ შეუშლით ხელს!

– მე კი რა ვქნა?

– რამდენიმე დღეში შენც ჩამოდი ბაქოში, შენ იქ დამჭირდები. ახლა კი მოძებნე სერგეი და უთხარი, რომ ჩემთან მოვიდეს სახლში.

***

კვასნინი მივიდა ნახევარი საათის შემდეგ.

– სერგეი, შენ დღეს ჩემთან ერთად მოდიხარ ბაქოში, ახლა საქმეები იქ არის მოსაგვარებელი. ამავე დროს გზაში მომეხმარები. შენ კი, თავადო – მიუბრუნდა კობა კამოს, – მოდი აქ, რაა რომ კარებში დამდგარხარ?

-კობა, რომელი თავადი მე ვარ, რას ლაპარაკობ?

– შენს დოკუმენტებს ვუყურებ. კაცო, აქ წერია – თავადი დადიანიო. თავად შეხედე!

კამო ათვალიერებს ახალ დოკუმენტებს.

– ფაცია, უყიდე ტანსაცმელი და შექმენი ამისგან თავადი. ჩოხის ყიდვა არც იფიქრო, ის ჩოხით მიიპყრობს ზედმეტ ყურადღებას, როგორც არტაშესას თუთიყუში. უყიდე რაიმე ისეთი კეთილშობილი კაცის შესაფერი,   როგორიც თავად არის – საგანგებო დავალებათა მაღლად დადგენილი მოხელის პირობაზე!

კამო ჯდება და თავს აქეთ-იქით აქნევს:

– აბა, რანაირი თავადი მე ვარ, შემხედე!

– ისეთივე, როგორიც გვარდიის კაპიტანი. მორჩი ლაყბობას. თუ საჭირო იქნება – ორსული ქალიც გახდები. გაემგზავრები ლენინთან ფინეთის კუოკკალაში. წაუღებ ჩვენს საჩუქარს. ნაკლებად ილაპარაკებ გზაში რუსულად – ამაყი ქართველი თავადი შეიძლება არც იყოს ხასიათზე. და არ არის საჭირო შენი საყვარელი: „ვის ვკითხო, ვის ვუთხრა“ (რუსულად „კამუ“-ს მაგივრად „კამო“).

კამო ათვალიერებს ახალ დოკუმენტებს:

– ჰოო, იქნებ თავადობა არც იყოს ურიგო!