გერმანიის ელჩი იქნება თუ სხვა ქვეყნის, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, თუ ურთიერთობები არ დარეგულირდა და საქართველო არ შეასრულებს იმ ვალდებულებას, რაც სჭირდება კანდიდატ ქვეყანას და შემდგომში ევროკავშირის წევრს, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გერმანიის ელჩის კრიტიკას და შალვა პაპუაშვილის მოლოდინს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „პეტერ ფიშერი რამდენიმე კვირაში დატოვებს საქართველოს და პენსიაზე გავა“.
მისი თქმით, ევროპის დღემ კიდევ ერთხელ ყველას დაანახა ის მძიმე რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
„ეს არის აბსოლუტურად საპირისპირო ქმედებები იმისგან, რაც სჭირდება და რისი სურვილიც აქვს საქართველოს მოსახლეობის 80%-ს და რაც ადამიანურად, მოქალაქეობრივად არის სწორი, ვიდრე ის სტატუს კვო, რომელიც დღეს არსებობს. დასავლეთისგან დაშორება, ევროპისგან იზოლაცია, კონფლიქტი ევროპასთან, თუნდაც ვერბალური, იდეოლოგიური, ნიშნავს დაახლოებას რუსეთთან. რუსული პერსპექტივა, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საქართველოს უსურვო.
[რაც შეეხება იმას, რომ პეტერ ფიშერის წასვლის შემდეგ გერმანიის ახალ ელჩს განსხვავებული რიტორიკა ექნება], რბილად რომ ვთქვათ, ეს არის მიამიტური მიდგომა, უფრო თუ გავამძაფრებთ, ეს არის სისულელე. იმიტომ, რომ შეიძლება ელჩები სუბიექტურები იყვნენ გარკვეულ მომენტში, მაგრამ პროფესიონალი ელჩია და გერმანია არაა ისეთი ქვეყანა, რომელიც გამოუცდელ ან არაპროფესიონალ დიპლომატიურ კადრებს აგზავნის ქვეყნებში. ხომ არის ადგილები ელჩებისთვის, სადაც ისვენებ და დიდი პოლიტიკური დატვირთვა არაა. საქართველო ერთ-ერთი ცხელი პოლიტიკური წერტილია დღეს ევროპის რუკაზე. ვხედავთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, პრაქტიკულად, გადაქცეულია ევროპასთან სიტყვიერი ბრძოლის მთავარ პერსონად. გასაგებია, როლებია განაწილებული. ის ყოველდღიურად ლანძღავს, ვიღაც მთავრობაში არბილებენ რაღაცას, ეს გაუგებარი მავნებლობაა. ეს სჭირდებათ გარკვეული აუდიტორიისთვის. ესეც რუსული მოდელია. ისიც ასე ებრძვის ნატო-ს, ევროპას და დასავლეთს, მტრის ხატი აქვს შექმნილი იმისთვის, რომ უფრო გააძლიეროს თავისი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი, რაც ხდება, არის ყველაზე უფრო მძიმე მომავალი პერსპექტივისთვის. როგორ შეიძლება აცხადებდე უტიფრად, რომ გინდა ევროკავშირი, ევროპასთან ურთიერთობა, ურთიერთობების აღდგენა, ამავდროულად კი ილანძღები. ლანძღვა არის ერთი ამბავი, თუმცა ამ რიტორიკის საკითხი ყველა მოწოდებაშია. ერთ-ერთი პირობაა იმის, რომ თუ თეორიულად საქართველოს დღევანდელ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა, რომ რაიმე გამოასწოროს, აღადგინოს, გააუმჯობესოს, ის არაა გაუმჯობესება, ვიღაცა სამი წელი ხელს რომ არ ართმევდა და ახლა ჩამოართვა. გაუმჯობესება არის ქმედება. ანუ ის, რომ ყოველდღე არ ვისმენდეთ სანქციების შესახებ, სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ, არ იყოს ინვესტიციების მინიმუმამდე დაყვანა, არ იყოს ორმხრივი ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანა. ერთადერთი უნდათ, რომ გაიხანგრძლივონ საკუთარი ძალაუფლება. ასეთ ვითარებაში არაფერი დალაგდება, ვერაფერი მოხდება, რაც არ უნდა უღიმოდეს ვინმე პარტნიორს.
გერმანიის ელჩი იქნება თუ სხვა ქვეყანა იქნება, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, თუ ზოგადად, ეს ურთიერთობები არ არის დარეგულირებული და საქართველო არ ასრულებს გარკვეულად იმ ვალდებულებას რაც სჭირდება კანდიდატ ქვეყანას და შემდგომში ევროკავშირის წევრს, უკეთესობისკენ არაფერი იქნება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
გარდა ამისა, გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტისა და „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტვ“-ის შესახებ მოლდოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი თავისუფალი სიტყვის დამცველად არ გამოდგება“.
„ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, ალბათ თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მკრძალავი მექანიზმები და არ უნდა მოქმედებდეს. მოგწონს თუ არა, ეს არის დემოკრატია. მედია უნდა ფუნქციონირებდეს. თუმცა არის რაღაც კონკრეტული საკითხები, ალბათ, პროპაგანდისტულ ტელევიზიებთან და მედიასაშუალებებთან მიმართებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბრიტანეთმაც გადადგა კონკრეტული ნაბიჯი და საზოგადოების კრიტიკული ნაწილი ამ ყველაფერს ხედავს, რისი მუდმივი პროპაგანდირება ხდება, როგორი ფორმით და რანაირად. დასავლეთისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ამგვარი პროპაგანდა მიუღებელია. რაც შეეხება მოლდოვას გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო მტკივნეულია, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ესეც არის მკაფიო გამოხატულება იმ სიმძიმის, იმ მიუღებლობისა და იმ პოლიტიკის, რომელიც არსებობს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, ასევე მათი მხარდამჭერი არხების თუ მედიასაშუალებების კუთხით.
ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, როცა შენ ამას აკეთებ შენს ქვეყანაში მუდმივად. თან კი არ უკრძალავ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლას, ლამის მოკლეს რამდენიმე ჟურნალისტი აქციების დარბევის დროს. აგერ, მზია ამაღლობელის სახელი მთელმა მსოფლიომ იცის, როგორც მედიის წარმომადგენლის, რომელიც საპატიმროშია. არ მოეწონებათ ვინმე, დააპატიმრებენ 2-3 დღით. ასეთ ვითარებაში თავისუფალი სიტყვის დამცველებად ეს ხალხი არ გამოდგება, არცერთი წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება უშუალოდ მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ სხდომას, რომელსაც საქართველოც ესწრება, პოლიტიკოსის შეფასებით, „თუ კონკრეტული საკითხებით ჩადის საქართველო სხდომაზე დასასწრებად, მაშინ ეს არის ღირებული“.
„ნებისმიერი ასეთი შეკრება მნიშვნელოვანია. ოღონდ მიზანი რა გაქვს და ქვეყანას რა მიზანი აქვს. წინ წაიწიოს ევროპული მიმართულებით? – ეს აქვს მიზანი თუ ეს აქვს მიზანი, რომ აქ ვიღაცები, თავიანთი მრევლი დააწყნარონ, რომ ერთ მინისტრთან სურათი გადაიღეს, მეორესთან დაილაპარაკეს და მესამესთან დერეფანში ყავა დალიეს?! მგონია, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე თუ რაღაცით არ ჩადის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი და რაღაც კონკრეტულზე არ საუბრობს და ეს კონკრეტიკა მათ კარგად იციან, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯი იდგმება, მაშინ ეს არის ღირებული. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ნაზავი იმისა, რომ ვიღაცას ხელს ჩამოართმევენ, სადმე რესტორანში ისადილებენ და შეიძლება შოპინგისთვისაც დრო დარჩეს ვინმეს. სხვა არ მგონია რაიმე შედეგი მივიღოთ. ნაბიჯები ის არ არის, რომ ოპოზიციას აკრძალვით ემუქრებოდე, სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებდე და აპატიმრებდე, რომ პოლიტიკური პატიმრები გყავდეს. ამავდროულად, რა არის ევროპული ღირებულებები, რაიმე შეუთავსებელია ჩვენთან? ადამიანზე ორიენტირებული, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და თანასწორობა, რა არის აქ მიუღებელი?“- განაცხადა წერეთელმა.
ამავე კონტექსტში, მან მოლდოვაში დაგეგმილი სხდომის მიმდინარეობის პარალელურად უკრაინულ მხარესა და საქართველოს შორის დაანონსებულ შეხვედრაზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, არ გამორიცხავს მხარეებმა ამ ფორმატში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხიც დააყენონ.
„თუ რაიმე პოზიტიურ ძვრებზეა საუბარი და რაღაც უმჯობესდება, ეს შეეხება რამდენიმე მიმართულებას. ჯერ რიტორიკის შეცვლა, მერე იქნება სხვა საკითხები, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხი ალბათ. რაც შეეხება სააკაშვილის საკითხს, ეს საკითხი იდგა, ახლაც დაბრუნდა. არ გამოვრიცხავ, რომ აქაც რაღაც აქსელერაცია მოხდეს ამ კუთხით. „ქართული ოცნება“ უარზეა, მაგრამ მდგომარეობა იცვლება. ვხედავთ, უკრაინის ხელისუფლება როგორ არ ეშვება ამ საკითხს. შეიძლება ამ შეხვედრებმა ეს საკითხი გადაწყვიტოს. ყველა პოლიტპატიმარი და რა თქმა უნდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არ უნდა იყვნენ საპატიმროში, ეს არის შეუთავსებელი ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპთან“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გადაცემაში სტუმრობისას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ისაუბრა, რუსეთის დუმის მიერ ცხინვალთან მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ კანონის დამტკიცებაა. მისი შეფასებით, „რუსეთს პროცესი მიჰყავს და ყოველთვის მიჰყავდა იქითკენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დამუქრებოდა და ის მოექცია თავისი გავლენის სფეროებში“.
„ამიტომ მოხდა ყველაფერი. ამიტომ არის ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ტერიტორიების საბოლოოდ ანექსიის და ცალმხრივი ლეგალიზაციის პროცესში ვართ. ეს არ არის პირველი ხელშეკრულება, მანამდეც იყო მსგავსი ხელშეკრულებები. ერთ სისტემად ჩამოაყალიბეს სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური სივრცე. ამ სფეროებში შერწყმა თითქმის დასრულებული აქვთ. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მუდმივად ხვდება სიჩუმით. სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ პრაქტიკულად კაპიტულანტურ პოზიციაში ხარ ჩამდგარი. კიდევ თუ გაუჩუმდები და ენის მოჩლექით დაელაპარაკები, უარესს გააკეთებს. ამიტომ გვჭირდება ცვლილება“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.




