საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ოფიციალურად დადგა უკრაინის მხარეს.
მისივე თქმით, პირველად შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა ტექსტი, რომელშიც ვაშინგტონი საკუთარ თავს არა უკრაინაში ომში ნეიტრალურ შუამავლად, არამედ კიევის პარტნიორად აღიარებს.
მაკრონის თქმით, ეს ეხება ოთხ ძირითად სფეროს, რომლებშიც შეერთებული შტატები ოფიციალურად დგას თავის ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან ერთად.
“უკრაინასთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა პირველად დაამტკიცა ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ის აღარ არის ნეიტრალური შუამავალი, მაგრამ ჩვენთან ერთად დგას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, სამხედრო დახმარების, ენერგეტიკული მხარდაჭერის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტის ბოლოს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის თავისუფლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი “ურყევი მხარდაჭერა” გამოხატეს.
ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ომში უკრაინის “ახალი იმპულსის” მხარდასაჭერად კიევს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობებითა და სხვა ტიპის საბრძოლო მასალებით გააძლიერებენ, ხოლო ხოლო რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას გაზრდიან.
მაკრონის თქმით, ის, რაც ბოლო დღეებში უკრაინასთან დაკავშირებით მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია: “18 თვის განმავლობაში პირველად დიდი შვიდეულის ყველა წევრმა ერთობლივ ტექსტს მოაწერა ხელი და ამერიკელებმა, ჩვენთან ერთად, დაადასტურეს მათი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.” – განმარტა მან.
“მათ აიღეს ვალდებულება, რომ უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკული კუთხით დაეხმარებიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებენ და იმავე გზას მიჰყვებიან, რასაც ჩვენ.” – განაცხადა საფრანგეთი პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მოკავშირეები ამ საერთო პოზიციას ანკარაში NATO-ს სამიტზე განამტკიცებენ. ამასთან, 13 ივლისს მსურველთა კოალიცია განიხილავს უკრაინის დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს