ვერ გეტყვით, რა არის ამ მოძრაობათა უკან კონკრეტული ჩანაფიქრი. კარგად მახსოვს ცოტნეს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა მხატვრობაში. ამ ნიჭის განვითარება მხატვრობას შესძენს არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ხელოვნებასაც, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს” თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ცოტნე ივანიშვილის აქტიურობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი თავისუფლად განახორციელოს და სურვილის შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩაერთოს.
„საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა ან არჩევანი ამა თუ იმ ფორმით განახორციელოს. ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს. ჩვენი უფლება, ჩვენი პოლიტიკური არჩევანი ისე განვახორციელოთ, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ვისურვებდი, რომ ქართულმა სახელმწიფომ მის განვითარების ისტორიაში რამენაირად აირიდოს ასეთი მრუდე და უხერხული ეტაპი. ასეთი სურვილი უნდა იყოს ყველა ჯანსაღად და რაციონალურად მოაზროვნე ქართველისა.
ვფიქრობ, ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა ისე ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორც მას ამის სურვილი აქვს“,- განაცხადა ყიფიანმა.
ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობა.
მისი შეფასებით, ვერცერთი პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით შეზღუდული რესურსების პირობებში, ვერ შეძლებს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას დამოუკიდებლად.
„ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, კოორდინაცია აუცილებელია, რადგან მიუხედავად რესურსებისა, მით უმეტეს, ურესურსობისას, ვერ წარმომიდგენია რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარ თავზე აიღოს ქვეყანაში საჭირო ცვლილების მოხდენის ტვირთი. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ განწირულები ვართ ვიურთიერთოთ, ვითანამშრომლოთ და ქვეყნის შიგნით დავამკვიდროთ საჭირო პოლიტიკური პოლიფონია“,- განაცხადა ყიფიანმა.
მმართველი პარტიის შეფასებისას ყიფიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფება როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ისე ქვეყნის მოსახლეობის ნაწილთან. მისი თქმით, არსებული ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა, თუმცა იმედოვნებს, რომ მიმდინარე შიდა და საგარეო პროცესები ხელისუფლებას კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობამდე მიიყვანს.
„ქართული ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ნებისმიერი ოპტიმისტური პასუხი მოლოდინებთან დაკავშირებით, ჩემგან ზედაპირული იქნება.
იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ იმისა, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყნის შიგნით და გარეთ მმართველ ძალს რაღაც ეტაპზე მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში უბრალოდ აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობას კისრულობენ არა მარტო აწმყოზე, არამედ მომავალზე. ამ ქვეყანაში 41 ნომერი ხომ არ იქნება ყოველთვის წამყვანი?! ეს ქვეყანა აუცილებლად მოესწრება პოსტ 41-ის პერიოდს. ამიტომ, იმ პერიოდში, რომელშიც ასევე „ქართული ოცნებაც“ უნდა გადავიდეს, მათ ასევე უნდა სჭირდებოდეთ ოპტიმალური მათდამი კეთილგანწყობილი გარემო. არა შურით, არა ბოღმით, არა რეპრესიით, არა ნიშნის მოგებით“,- აცხადებს ყიფიანი.




