ლუქსემბურგის ფედერაციის პრეზიდენტი ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში საჯაროდ ულვაშის გაპარსვას გეგმავდა – გარდიანი
ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოლ ფილიპი აპირებდა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაეპარსა ულვაში თუ მისი ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას შეძლებდა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული გარდიანის მიერ ლუქსემბურგის ნაკრებზე და საფეხბურთო კულტურაზე მომზადებულ სტატიაში.
ფილიპი, რომელიც ლუქსემბურგის ფეხბურთის ლეგენდად ითვლება, ულვაშებს 40 წელია ატარებს. ის ფედერაციის პრეზიდენტობამდე 16 წლის განმავლობაში იყო ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი. ფეხბურთელობისას კი ბელგიის ჩემპიონატში გამოდიოდა.
ლუქსემბურგის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია და საქართველოსთან პლეიოფის ნახევარფინალში მარცხის გამო ვერც 2024 წლის ევროზე მიიღებს მონაწილეობას.
ფილიპი საქართველო ლუქსემბურგის მატჩს, რომელშიც მასპინძლებმა 2-0 გაიმარჯვეს, თბილისში დაესწრო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.