მწერალი ირაკლი კაკაბაძე:
საქართველოს ამნეზია 3
არა ძალადობას!
სამწუხაროა და მეტად სამწუხაროა, რომ ბოლო ხანებში გარკვეული წრეები ცდილობენ ქართველი ერის დამოკიდებულება შეცვალონ ძალმომრეობის მიმართ. მშვიდობის მეცნიერების მამის, ცნობილი ნორვეგიელი მეცნიერის იოჰან გალტუნგის თეორიის მიხედვით არსებობს ძალადობის რამოდენიმე ტიპი, რომელიც ახალისებს ხოცვა-ჟლეტას და ადამიანების განადგურებას.
1. სტრუქტურული ძალადობა – ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკურ-უფლებივი უთანასწორობა. ამ მდგომარეობის დროს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ან თუნდაც მნიშვნელოვანი უმცირესობა ჩაგრულ მდგომარეობაშია და ეს იწვევს საშინელ ფრუსტრაციას, რომელიც დროთა განმავლობაში აგრესიაში გადაიზრდება. სამწუხაროდ, ეს ნიშნები ჩვენს საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია სახეზეა. სოციალ-ეკონომიკურ უთანასწორობას ემატება უფლებრივი პრობლემები და ეს საოცარ უკმაყოფილებას იწვევს.
2. კულტურული ძალადობა – ეს არის რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, თუ იდენტობის ჯგუფის ჩაგვრა მათი მიკუთვნებულობის მიხედვით. იდენტობაზე დაფუძნებული ეს ძალმომრეობა საფუძვლად დაედო თავის დროზე ნაცისტური გერმანიის მიერ ჩატარებულ ჰოლოკოსტსა თუ სხვა დიდ უბედურებებს. ეს პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობდა – მაგალითად კუ-კლუქს-კლანი შეერთებულ შტატებში, სკინჰედები ბევრ სხვა ქვეყანაში, ისლამური ‘მორალის პოლიცია’ ირანში, თალიბები ავღანეთში, ანტისემიტური, ნეო-ნაცისტური და რელიგიურად ფუნდამენტალისტური (რომელთაც ნამდვილ რელიგიასთან არაფერი საერთო არა აქვთ) სხვადასხვა ქვეყანაში და ასე შემდეგ. ამ ჯგუფების მოქმედებები ‘კულტურული ძალმომრეობის’ სახელით უკვე პირდაპირ იწვევდა ტერორს და დანაშაულებებს, რომელთაც რიგ ქვეყნებში სახელმწიფო მფარველობდა.
3. პირდაპირი ძალადობა – ეს უკვე ფიზიკური ძალმომრეობის ყველაზე აშკარა ფორმაა ყოველგვარი ‘საბაბის’ გარეშე. ამ ტიპის მასიური ძალმომრეობის დაწყებას ხშირად ხელს უწყობს სტრუქტურული და განსაკუთრებით ‘კულტურული’ ძალადობის კამპანიების დაწყება. ეს უბედურება კი ყველანაირი ქრისტიანული, ჰუმანისტური და მრწამსისეული პრინციპების წინააღმდეგ მიდის.
უნდა აღნიშნოს, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი კრიზისია ამ მხრივ. უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში არსებობს როგორც სტრუქტურული, ასევე კულტურული ძალმომრეობა საკმაოდ მაღალ დონეზე. ამის წინააღმდეგ ბევრი რამ არ კეთდება. უფრო მეტიც, ხშირად პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა ახალისებს ამ ძალმომრეობას. უკანასკნელ ხანებში დაიწყო უკვე ორგანიზებული ‘დევნის’ კამპანიები, როდესაც სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებში სამთავრობო ისტაბლიშმენტის მიერ აშკარად ხდება ადამიანთა დაქირავებული ანაც ვოლონტიორული ჯგუფების პირდაპირი მნიშვნელობით ‘მიქსევა’ შეუიარაღებელ მოქალაქეებზე და უკვე ძალიან დიდი რისკს ბადებს მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. უუფრო მეტიც, ‘კულტურული’ და სტრქუტურული ძალმომრეობის ასეთი წახალისება ხშირად სრული კატასტროფით მთავრდება.
თუკი ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან მათი ხუმრობის, ან თუნდაც ცუდი ლიტერატურული გემოვნების გამო – თუკი სიტყვა ხდება იმის საბაბი, რომ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება დაგვემართოს. უეჭველია, რომ ეს გამოიწვევს დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ ვერ ავიცილებთ თავიდან კატასტროფას.
ცხადია, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ დასძლიოს სიძულვილი და ურთიერთდაპირისპირება. ამის გაკეთება შეიძლება დიალოგით და კეთილგანწყობით. ეს შესაძლებელია და ამის პრაქტიკა არსებობს. ჩვენს უახლეს ისტორიაში ამის ყველაზე დიდი მაგალითი მერაბ კოსტავაა. და მანამდე კი ილია ჭავჭავაძე იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ‘მომრიგებელი-მოსამართლე’. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ადამიანები, რომლებიც ახერხებდნენ ხიდების აშენებას დაპირისპირების ადგილას.
აუცილებელია, რომ დაიწყოს ასეთი დიალოგი იმის მაგივრად რომ სიძულვილით შთაგონებული ჯგუფები იქმნებოდეს, რომლებიც ადამიანების ფიზიკურად მოკვლით იმუქრებიან. ასეთ მუქარებს კარგი შედეგი არასდროს მოჰყოლია.
ჩვენი საზოგადოება ძალმომროების მორევთან ძალიან ახლოსაა, თუ არ დაიწყო ჩვენი ერთობლივი მოძრაობა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.




