ლევან ცუცქირიძე: შალვა პაპუაშვილი საკუთარი პარტიის დანაშაულის ჩამოწმენდას ცდილობს დღევანდელი წერილით, მაგრამ ეს არ გამოუვა

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე:
შალვა პაპუაშვილი საკუთარი პარტიის დანაშაულის ჩამოწმენდას ცდილობს დღევანდელი წერილით, მაგრამ ეს არ გამოუვა.
“ქართულმა ოცნებამ” გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა: ციხეში ჩასვა ის ადამიანები, რომლებიც იქ საერთოდ არ უნდა აღმოჩენილიყვნენ. მე თავად ვესწრებოდი იმ ცინიკურ და უსამართლო სხდომებს, სადაც მოწმედ მოყვანილი პოლიციელები თვალსაც კი ვერ უსწორებდნენ “ოცნების” მიერ ბრალდებულ ადამიანებს. ერთ-ერთ სხდომაზე “მოწმე” თავზე ჩამოფარებული ტანსაცმლით მოვიდა და შემდეგ უკუსვლით გავიდა დარბაზიდან, რათა იქ მსხდომებს მისი სახე არ დაენახათ. აი, ასეთი იყო “ქართული ოცნების” მართლმსაჯულება და ასეთია ის ახლაც.
“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამ ადამიანებს ბოდიშს უნდა უხდიდეს, ის კი, გამოქვეყნებულ წერილში შეურაცხყოფას აყენებს მათ, რადგანაც “ბრმა იარაღსა” და “მანიპულაციის მსხვერპლებს” უწოდებს. მესმის, რომ ბრმა იარაღის გამოყენება და ვიღაცის უპირობო მორჩილება “ქართული ოცნების” პოლიტიკური სტანდარტია, მაგრამ ის ნამდვილად არ მიესადაგება პოლიტპატიმრებს. ყოველი მათგანი ბევრად უფრო თვითმყოფადი, დამოუკიდებელი და თავისუფალია, ვიდრე “ქართული ოცნების” ნებისმიერი ლიდერი ოდესმე იქნება და მათ ვერავინ ვერასოდეს გამოიყენებს “ბრმა იარაღად.” ისინი არასოდეს არავის მისცემენ უფლებას, მათ ისე მოექცნენ,, როგორც “ოცნების წევრებს” ექცევიან: ერთ დღეს გმირად და უახლოეს მეგობრად აცხადებენ, მეორე დღეს კი ივიწყებენ და კორუფციის ბრალდებით ციხეში უშვებენ. ჩვენი ბრძოლა კი მეგობრობაზე, სოლიდარობასა და ერთმანეთის გატანაზე დგას.
გასულ თვეებში უამრავი სოფელი და მხარე შემოვიარე, ბევრად მეტი, ვიდრე “ოცნების” კორუმპირებული პოლიტიკოსები ოდესმე შეძლებენ და მინდა იმედი გავუცრუო მათ: ნუ ელოდებით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი და სურვილი ჩაქრება – ქართველების დიდი უმრავლესობა მართლაც არასოდეს იქცევა არც ბრმა იარაღად და არც თქვენი ყალბი პროპაგანდისა და მანიპულაციის მორჩილად. ყველას კარგად ახსოვს ის სისასტიკე, რითიც რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდებს გაუსწორდით. თქვენგან ჰუმანური და ადამიანზე მზრუნველი პარტია აღარ გამოვა.
თქვენ დაგრჩათ ერთადერთი რამ: ბოდიში მოუხადოთ ქართველ ხალხს და დაუბრუნოთ წართმეული ხელისუფლება. ეს იქნებოდა ყველაზე მართებული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ოდესმე გადაგიდამთ, მაგრამ ამისათვის ღირსება და გამბედაობა არასოდეს გეყოფათ.
ცნობისათვის: მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: “უსინდისობის პატიმრები”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.